ჯეოქეისის წარმომადგენლებმა - შალვა ლომიძემ და ნიკოლოზ ხატიაშვილმა ეროვნული უსაფრთხოების და ჰიბრიდული ომის საკითხებზე საჯარო ლექციები ჩაატარეს

2025 წლის მაის-ივნისში, ჯეოქეისის მრჩეველმა შალვა ლომიძემ და საგარეო და უსაფრთხოების საკითხების მკვლევარმა - ნიკოლოზ ხატიაშვილმა მონაწილეობა მიიღეს თომას ჯეფერსონის კვლევითი ცენტრისა და საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების ასოციაციის ერთობლივ საგანმანათლებლო პროექტში - „საქართველოს ეროვნული უსაფრთხოება ჰიბრიდული ომის გამოწვევების ფონზე: რისკების ანალიზი“. 


პროექტის ფარგლებში ჩატარებულ საჯარო ლექციებზე შალვა ლომიძემ და ნიკოლოზ ხატიაშვილმა გააზიარეს საკუთარი ხედვები ჰიბრიდული საფრთხეების შესახებ, რაც განსაკუთრებით აქტუალურია თანამედროვე უსაფრთხოების გამოწვევების ფონზე. 


შალვა ლომიძემ ლექციის განმავლობაში დეტალურად ისაუბრა დაზვერვის როლზე ჰიბრიდული  ომის წინააღმდეგ ბრძოლაში, ყურადღება გაამახვილა სადაზვერვო სტრუქტურებს შორის კოორდინაციის მნიშვნელობაზე, საერთაშორისო გამოცდილებაზე, არსებულ საფრთხეებზე და იმ შესაძლებლობებზე, რომლებიც ჰიბრიდული გამოწვევების საპასუხოდ შეიძლება იყოს გამოყენებული. 


ნიკოლოზ ხატიაშვილმა თავის მხრივ მიმოიხილა ჰიბრიდული საფრთხეების გავლენა ეროვნული უსაფრთხოების არქიტექტურაზე, ისაუბრა რუსეთის მიერ ჰიბრიდული ომის წარმოების მეთოდებზე, რუსული სპეცსამსახურების როლზე ამ პროცესში და ხაზი გაუსვა იმ მნიშვნელოვან გამოწვევებს, რომლებიც დღეს დგას როგორც ევროპის, ასევე, შავი ზღვის რეგიონის წინაშე. 


ჯეოქეისი აქტიურად აგრძელებს მონაწილეობის მიღებას სხვადასხვა საგანმანათლებლო პროგრამაში, რომელიც მიმართულია ეროვნული და საერთაშორისო უსაფრთხოების საკითხების გააზრებასა და მომავალი კადრების აღზრდაში. 
 

გააზიარე: