ნიკოლოზ ხატიაშვილი სიტყვით გამოვიდა ჰიბრიდული საფრთხეების შესახებ თბილისის რეგიონულ კონფერენციაში

22 ნოემბერს ჯეოქეისის საგარეო და უსაფრთხოების საკითხების მკვლევარმა ნიკოლოზ ხატიაშვილმა მონაწილეობა მიიღო „ქართველი სტუდენტები თავისუფლებისთვის“- მიერ ორგანიზებულ თბილისის რეგიონულ კონფერენციაში, რომელიც დაეთმო ჰიბრიდულ საფრთხეებს. 
 

ნიკოლოზ ხატიაშვილმა კონფერენციაზე წარმოადგინა მოხსენება უკრაინის ჰიბრიდულ საფრთხეებთან ბრძოლის გამოცდილებაზე. თავის გამოსვლაში მან მიმოიხილა რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ გამოყენებული ჰიბრიდული ომის ფორმები, ისტორიული ასპექტები და არსებული ვითარება. მან განსაკუთრებით გაუსვა ხაზი იმ ნაბიჯებს, რომლებიც უკრაინამ გადადგა ქვეყნის მედეგობის გასაზრდელად და ჰიბრიდული ოპერაციების წინააღმდეგ ეფექტური წინააღმდეგობის გასაწევად. მოხსენებაში ყურადღება დაეთმო ისეთ საკვანძო მიმართულებებს, როგორიცაა: დეზინფორმაცია და ფსიქოლოგიური ომი, კიბერუსაფრთხოება,  ენერგეტიკული და ეკონომიკური ზეწოლა როგორც გავლენის ბერკეტი მდგრადი სახელმწიფო ინსტიტუტების მნიშვნელობა. 


ნიკოლოზ ხატიაშვილმა ასევე გაუსვა ხაზი ჰიბრიდულ საფრთხეებთან გამკლავების პროცესში საერთაშორისო თანამშრომლობის გადამწყვეტ მნიშვნელობას, განსაკუთრებით კი აშშ-სა და ევროკავშირის მხარდაჭერის როლს მისი თქმით, „უკრაინის წინააღმდეგ განხორციელებული ჰიბრიდული ოპერაციები არის მაგალითი იმისა, თუ როგორ ცდილობს რუსეთი დაასუსტოს მეზობელი სახელმწიფოები პოლიტიკური, ეკონომიკური და საინფორმაციო სივრცეების მანიპულირებით, ხოლო უკრაინის გაძლიერებული წინააღმდეგობა და დასავლეთის მხარდაჭერა ნათლად აჩვენებს, რომ ეფექტური კოორდინაცია და სტრატეგიული მზადყოფნა ჰიბრიდული საფრთხეების შესამცირებლად გადამწყვეტია.“


კონფერენციის მიზანი იყო ახალგაზრდების, აკადემიური წრეების, კვლევითი საზოგადოებისა და სხვადასხვა სექტორის წარმომადგენლების ინფორმირება თანამედროვე უსაფრთხოების გამოწვევების შესახებ და რეგიონში ჰიბრიდულ საფრთხეებთან ბრძოლის საუკეთესო პრაქტიკის გაზიარება.
 

გააზიარე: