"პანდემიის ფონზე საქართველო დიდი სახელმწიფოებისთვის მაგალითი გახდა. კერძოდ, მცირე სახელმწიფომ კრიზისთან ეფექტიანი გამკლავება შეძლო, რაც მიანიშნებს იმას, რომ დიდმა სახელმწიფოებმა მცირე სახელმწიფოებს უფრო მეტი შესაძლებლობა უნდა მისცენ იმისათვის, რომ ჩვენ უფრო მეტად განვავითაროთ ჩვენი სისტემა", - ამის შესახებ „ჯეოქეისის“ მკვლევარმა, ხათუნა ბურკაძემ „დღის ქრონიკის“ ეთერში განაცხადა.
მისი თქმით, საქართველომ ევროინტეგრაციისა და ნატო-სთან დაახლოების კუთხით მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა. „ევროკავშირში ინტეგრაციის გზა გვიჩვენებს, რომ საქართველომ ამ კუთხით არაერთი ნაბიჯი გადადგა. ჩვენ ვართ ქვეყანა, რომლის საკონსტიტუციო ცვლილებებით, მხედველობაში მაქვს 2017-2018 წლებში განხორციელებული ცვლილებებით, საქართველოს პროდასავლური კურსი მკაფიოდ არის ასახული ქვეყნის კონსტიტუციაში. ეს გულისხმობს იმას, რომ ამ ჩანაწერით საკონსტიტუციო ორგანოები არიან ვალდებულნი, რომ ყველა ზომა მიიღონ საქართველოს ევროკავშირსა და ნატო-ში სრულფასოვანი წევრობისთვის," - დასძინა მან.
"რაც შეეხება საქართველოს წინსვლას ევროინტეგრაციის მიმართულებით, ამ კვირის ბოლოს 27 ივნისს სრულდება ასოცირების შეთანხმების ხელმოწერიდან 6 წელი. ვფიქრობ, რომ ამ 6 წლისთავზე საქართველო მეტს იმსახურებს. ამის გამოხატულებაა სწორედ გასულ კვირას ევროპარლამენტის მიერ მიღებული რეზოლუცია, რომლითაც ის მოუწოდებს უშუალოდ ევროკავშირის საბჭოს, მოხდეს საქართველოსთან სტრატეგიული თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავება და გაფართოება, სწორედ იმ პროგრესიდან გამომდინარე, რასაც ქვეყანამ სხვადასხვა მიმართულებით წლების განმავლობაში მიაღწია. ამ პროცესმა ჩვენ გვიბიძგა იმისკენ, რომ უფრო მეტი პოლიტიკური ამბიცია გამოვხატოთ ევროინტეგრაციის გზაზე. ასევე, ნატო-ს მიმართულებით არაერთი ნაბიჯი გადაიდგა და ონლაინ მინისტერიალი არის ამის დასტური, კერძოდ, პანდემიის ფონზე ნატო-მ მიიღო გადაწყვეტილება დახმარების ახალი პაკეტის შეთავაზების კუთხით, რაც ცალსახად კიდევ უფრო აძლიერებს ნატო-საქართველოს თანამშრომლობას“, - აღნიშნა ხათუნა ბურკაძემ.
იხილეთ ინტერვიუ