ინტერვიუ „ჯეოქეისი“-ს მკვლევართან, ხათუნა ბურკაძესთან საქართველო-ამერიკის სტრატეგიული თანამშრომლობის შესახებ

„ჯეოქეისი“-ს მკვლევარმა, პროფესორმა ხათუნა ბურკაძემ  ამერიკის შეერთებული შტატების წარმომადგენელთა პალატის მიერ დამტკიცებული 2021 ფისკალური წლის ასიგნებების აქტის გარკვეული ჩანაწერები და ასევე, ეროვნული თავდაცვის ავტორიზაციის აქტი შეაფასა. ხათუნა ბურკაძემ აღნიშნა: „ამერიკის შეერთებული შტატების წარმომადგენელთა პალატის კანონპროექტი ითვალისწინებს საქართველოსთვის არანაკლებ $132,025,000-ის მოცულობის დახმარების გამოყოფას. რაც შეეხება 15%-ის ოდენობის ფინანსური დახმარების გაცემაზე გარკვეული დათქმის გაკეთებას, ეს მიზნად ისახავს საქართველოში დემოკრატიული და ბიზნეს გარემოს მეტად გაუმჯობესებას და კორუფციასთან ბრძოლის პროცესის კიდევ უფრო გაძლიერებას. საბოლოო ჯამში, რეფორმების გაგრძელება, უწყვეტობა ემსახურება საქართველოს თანამედროვე პოლიტიკური, ეკონომიკური და სამართლის სისტემის ფორმირების წარმატებით დასრულებას. ეს პროცესი კი კიდევ უფრო განამტკიცებს ამერიკასა და საქართველოს შორის სტრატეგიულ თანამშრომლობას“. ასევე, მან ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ ხსენებული დოკუმენტი წარმოადგენს წარმომადგენელთა პალატის საკუთარ ვარიანტს და განხილვა კონგრესის ზედა პალატაში - სენატში უნდა გაგრძელდეს.


„ამასთანავე, განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებენ ამერიკის შეერთებული შტატების წარმომადგენელთა პალატის აღნიშნულ დოკუმენტში გაკეთებული მნრიშვნელოვანი ჩანაწერები, რომლებიც წარმოადგენენ გარანტს არაღიარების პოლიტიკის წარმატებით გაგრძელებისთვის. შესაბამისად, ხსენებული დოკუმენტი კიდევ ერთხელ ადასტურებს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი ურყევ მხარდაჭერას“, - დასძინა ხათუნა ბურკაძემ. 


ხათუნა ბურკაძის განცხადებით, ეროვნული თავდაცვის ავტორიზაციის აქტის თანახმად, ამერიკის შეერთებული შტატები გააგრძელებს საქართველოს მრავალმხრივ დახმარებას უსაფრთხოების სფეროში არსებული საფრთხეების დაძლევისთვის მდგრადობის განმტკიცებით, რეგიონში სტაბილურობის ხელშეწყობით, თავდაცვითი შესაძლებლობების გაძლიერებით, ნატო-ს ძალებთან თავსებადობის გაუმჯობესებით და საქართველოსა და შავი ზღვის რეგიონის პარტნიორებს შორის თანამშრომლობის გაღრმავებით.


ასევე, მან ყურადღება გაამახვილა საერთაშორისო სისტემის უახლეს ტენდენციებზე. მისი აზრით, როგორც პანდემიის, ისე პოსტ-პანდემიის პერიოდში ამერიკის შეერთებული შტატების როლი საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის ხელშეუხებლობის დაცვის თვალსაზრისით გამორჩეული იქნება.


„ჯეოქეისი“-ს მკვლევარმა, პროფესორმა ხათუნა ბურკაძემ განაცხადა: „პოსტ-პანდემიურ საერთაშორისო სისტემაში საქართველომ ამერიკის შეერთებული შტატების მხარდაჭერით უნდა შეძლოს გლობალურ ეკონომიკასთან კიდევ უფრო მეტად ინტეგრირება, გააძლიეროს ენერგოუსაფრთხოება და საბოლოოდ ჩამოყალიბდეს, სატრანზიტო და ლოგისტიკურ ჰაბად ფართომასშტაბიანი ეკონომიკური პროექტების განხორციელებით.  ამ სტრატეგიული ამოცანების მისაღწევად აუცილებელია საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების დასადებად მოლაპარაკებების დაწყება. საქართველო დასავლეთისა და აღმოსავლეთის გზაგასაყარზე მდებარეობს, რაც ქვეყნის სტრატეგიულ მდებარეობაზე მიანიშნებს“. „თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმება ხელს შეუწყობს საქართველოში როგორც ამერიკული ინვესტიციების, ისე ამერიკელი ტურისტების ზრდას. ეს პროცესი კი კიდევ უფრო გააძლიერებს საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობას“, - დასძინა მან. 


მისი თვალთახედვით, პოსტ-პანდემიურ საერთაშორისო სისტემაში საქართველოს სტრატეგიული როლის მეტად გამოკვეთა და ამერიკის შეერთებულ შტატებთან მრავალმხრივი თანამშრომლობა ხელს შეუწყობს საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებების წარმატებით განხორციელებას.

 

გაეცანით ინტერვიუს

 

გააზიარე: