"ჯეოქეისის" თავმჯდომარე ვიქტორ ყიფიანი ვლადიმერ პუტინის და ალექსანდრე ლუკაშენკოს შეხვედრის შესახებ

ბელარუსის კრიზისის, ვლადიმერ პუტინის და ალექსანდრე ლუკაშენკოს ქალაქ სოჭში შეხვედრასა და საერთო ევროპულ უსაფრთხოებაზე მის შესაძლო გავლენაზე, ანალიტიკური ორგანიზაცია "ჯეოქეისის" თავმჯდომარემ, ვიქტორ ყიფიანმა Euronews Georgia-ს ეთერში ისაუბრა.


გადაცემაში სტუმრობისას, ვიქტორ ყიფიანმა მიმოიხილა სამოკავშირეო სახელმწიფოს ინტეგრაციის გაღვივებაზე ორიენტირებული შეხვედრის ოფიციალური და კულისებს მიღმა შესაძლო დღის წესრიგის საკითხები. ასევე ხაზი გაუსვა შეხვედრაში მონაწილე მხარეების მოლოდინს. როგორც ყიფიანმა, გავრცელებულ პირველად წყაროებზე დაყრდნობით განაცხადა, მოსკოვი მინსკს  მილიარდნახევრიან კრედიტს დაჰპირდა, რითიც ლუკაშენკო ქვეყნის სავალუტო რეზერვების შევსებას შეძლებს და ე.წ. „მინიმუმ დღის წრესრიგს“ შეასრულებს. 


ჟურნალისტის კითხვაზე ბელარუსში განვითარებული მოვლენებს რა გავლენა შეიძლება ჰქონდეს საქართველოზე, მაშინ როდესაც ბელარუსი დღემდე საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებს არ აღიარებს, ყიფიანი პასუხობს, რომ „არაღიარების პოლიტიკა“, რომელსაც ლუკაშენკო ატარებს მისი საერთო პოლიტიკის ერთგვარი „რეალისტური“ ხაზის ნაწილია. ეს ხაზი დღემდე თანაბრად ვლინდება რუსეთსა და დასავლეთს შორის ურთიერთობათა სათავისოდ გადაკვეთაში. ყიფიანი აქცენტს აკეთებს „პოსტლუკაშენკოსეულ“ პერიოდზეც, რომელიც ბუნდოვანია. აქვე აღსანიშნია, რომ არ არსებობს ზუსტი წარმოდგენა ოპოზიციის მხრიდან ქვეყნის საშინაო და საგარეო პოლიტიკური კურსზე, რაც ლუკაშენკოს შედარებით ყველაზე პროგნოზირებად ფიგურად ხდის. 


ჟურნალისტის კითხვაზე, საპროტესტო მსვლელობების ფონზე, თუ იკვეთებიან ისეთი ლიდერები, რომლებიც შეძლებენ ქვეყნის მართვას "ჯეოქეისის" თავმჯდომარე პასუხობს: „ერთია იყო საპროტესტო მოძრაობის ლიდერი, მაგრამ მეორეა წარმოადგინო ხედვა თუ რა იქნება ამ საპროტესტო მოვლენების დასრულების შემდგომ.“ 


თუ რა სცენარით შეიძლება გაგრძელდეს ბელარუსში მოვლენები ყიფიანი ვარაუდობს, რომ დღემდე დასავლეთი საგრძნობი სიფრთხილით გამოირჩევა კრიზისის მიმართ, ხოლო ძირითადი აქცენტებიც მხოლოდ ბელარუსი ხალხის უფლებების დაცვაზეა გადატანილი. მეორე მხრივ რუსეთისთვის ბელარუსში მიმდინარე მოვლენები მეტად სამხედრო-პოლიტიკური, ვიდრე ეკონომიკური მნიშვნელობის მატარებელია. სამხედრო კუთხით ბელარუსი რუსეთისთვის სტრატეგიული სივრცეა დასავლეთის მიმართულებით, ხოლო პოლიტიკურად კი ბელარუსში მიმდინარე მოვლენები პრეზიდენტ პუტინისათვის არასასურველია რუსეთში მოვლენათა არასასურველი განვითარების გადმოსახედიდან.

 

იხილეთ ინტერვიუს ჩანაწერი

გააზიარე: