„ჯეოქეისის“ მკვლევარმა, ლიკა ჭიპაშვილმა მონაწილეობა მიიღო ქართულ-ბრიტანულ ყოველწლიურ კონფერენციაში „ქართველოლოგიის დღე“

2020 წლის 8 ოქტომბერს, "ჯეოქეისის" მკვლევარმა, ლიკა ჭიპაშვილმა მონაწილეობა მიიღო ყოველწლიურ კონფერენციაში „ქართველოლოგიის დღე“, რომელიც ბრიტანულ-ქართული საზოგადოებისა და დიდ ბრიტანეთსა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებულ სამეფოში საქართველოს საელჩოს ორგანიზებითა და ვესტმინსტერის უნივერსიტეტის მასპინძლობით დისტანციურ ფორმატში გაიმართა. 


ქართულ-ბრიტანული ყოველწლიური კონფერენცია საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა გახსნა. ღონისძიება წელს Covid-19-თან ბრძოლაში საქართველოს გამოცდილებას მიეძღვნა და მასში მონაწილეობა მიიღეს დიდ ბრიტანეთში საქართველოს ელჩმა სოფიო ქაცარავამ, საქართველოში დიდი ბრიტანეთის ელჩმა მარკ კლეიტონმა,  საქართველოსა და დიდი ბრიტანეთის აკადემიური და სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებმა, ორი ქვეყნის დამეგობრებული  ქალაქების შესაბამისი გაერთიანებების წევრებმა და სხვ.


კონფერენციაზე „ჯეოქეისი“-ს მკვლევარი, ლიკა ჭიპაშვილი მოხსენებით წარსდგა თემაზე: ”სამოქალაქო ჩართულობა Covid-19-ის დროს: ქართულ-ბრიტანული მეგობრობა და სოლიდარობა”. სიტყვით გამოსვლისას მან ყურადღება გაამახვილა ქართული სამოქალაქო ორგანიზაციებისა და ბრიტანული მხარის ურთიერთანამშრომლობაზე Covid-19-ის პანდემიის კონტექსტში და ხაზი გაუსვა დიდი ბრიტანეთის მთავრობის მხარდაჭერის მნიშვნელობას სამოქალაქო ორგანიზაციების საქმიანობაში საქართველოში. ამასთან, თავის გამოსვლაში ლიკა ჭიპაშვილმა აღნიშნა, პანდემიის რთულ პერიოდში, დიდ ბრიტანეთში მოქმედი ქართული დიასპორული ორგანიზაციების/გაერთიანებების მიერ გაწეული საქმიანობა ადგილზე მყოფი თანამემამულეების დახმარების მიზნით. მან, აგრეთვე, ისაუბრა ბრიტანელი ახალგაზრდებისა და ბრიტანეთში მყოფი საერთაშორისო სტუდენტების იმ მხარდაჭერასა და სოლიდარობაზე, რომელიც მათ საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ - მიმდინარე წლის აგვისტოში, რუსეთ-საქართველოს აგვისტოს ომიდან მე-12 წლისთავთან დაკავშირებით გამოხატეს დიდ ბრიტანეთში საქართველოს ახალგაზრდა ელჩის მიერ ორგანიზებულ ფართო ონლაინ ვიდეო-კამპანიის ფარგლებში. 


ქართულ-ბრიტანული კონფერენცია „ქართველოლოგიის დღე“ წელიწადში ერთხელ ტარდება და წელს იგი უკვე 33-ედ გაიმართა.

გააზიარე: