„ჯეოქეისი“-ს ორგანიზებით ხელოვნური ინტელექტის თემატიკაზე ონლაინ განხილვა გაიმართა

ანალიტიკური ორგანიზაცია „ჯეოქეისი“-ს ორგანიზებით ხელოვნური ინტელექტის, მათ შორის სხვადასხვა დარგში ინტელექტუალური რობოტების გამოყენების შესახებ დისკუსია გაიმართა. ონლაინ ღონისძიების მიზანი იყო ხელოვნური ინტელექტის როგორც შესაძლებლობების, ისე გამოწვევების გაანალიზება. 


„ჯეოქეისი“-ს მკვლევარმა, პროფესორმა ხათუნა ბურკაძემ ონლაინ განხილვას მოდერატორობა გაუწია. მან აღნიშნა: „ხელოვნური ინტელექტის განვითარების სტრატეგიული ხედვა აქვს არაერთ წამყვან, განვითარებულ სახელმწიფოს, მათ შორის აშშ-ს, ესტონეთს, საფრანგეთს, გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკას“.


„ხელოვნური ინტელექტის მიღწევების ფონზე სასურველია, საქართველოს მიერ ხელოვნური ინტელექტის განვითარების თვალსაზრისით შესაბამისი სტრატეგიული ხედვის შემუშავება.  მით უფრო იმ ფონზე, რომ ჩვენს პარტნიორებს ამ მიმართულებით სათანადო საგზაო რუკები აქვთ, რომლებიც ხელს უწყობენ ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით არამარტო ციფრული მმართველობის, ციფრული პოლიტიკის განვითარებას, არამედ ცალკეული დარგების, მათ შორის ჯანდაცვის,  განათლების, სოფლის მეურნეობის, იუსტიციის სისტემების გარდაქმნას“, - დასძინა ხათუნა ბურკაძემ. 


ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის კვლევითი ცენტრისა და ხელოვნური ინტელექტის სადოქტორო პროგრამის ხელმძღვანელმა, ზვიად გაბისონიამ განაცხადა: „აუცილებელია დაჩქარდეს ხელოვნური ინტელექტის გამოყენება როგორც განათლების, ისე მეცნიერების მენეჯმენტში. განათლების სისტემაში ხელოვნური ინტელექტის გამოყენება შესაძლებელს გახდის უფრო ეფექტური გახდეს მთელი სისტემის მენეჯმენტი, ხოლო მეცნიერების სხვადასხვა დარგში ხელოვნური ინტელექტის დანერგვა გააუმჯობესებს დიდი მოცულობის ინფორმაციის გაანალიზებასა და მეცნიერული შედეგების სწრაფ მიღწევას. ამ უკანასკნელის მაგალითია სამხრეთ კორეა, რომელმაც კოვიდთან დაკავშირებით კვლევებზე სწორედ ხელოვნური ინტელექტი გამოიყენა“.


„ინტერნეტის განვითარების ინიციატივის“ გამგეობის თავმჯდომარემ, ვლადიმერ სვანაძემ აღნიშნა: „კიბერუსაფრთხოების სფეროში ხელოვნური ინტელექტის გამოყენება სულ უფრო აქტუალური ხდება და შესაბამისად, იზრდება მიწოდების ბაზარიც. ხელოვნური ინტელექტის შესაძლებლობებს და მის აქტუალობას ეროვნულ დონეზე აღნიშნავენ კიბერუსაფრთხოებისა და თავდაცვის სტრატეგიებში, რადგან ინფორმაციული ტექნოლოგიების სწრაფმა განვითარებამ გამოიწვია შესაბამისი მოთხოვნების ზრდა უსაფრთხოებაზე. ამავდროულად, გლობალური მასშტაბით ჩნდება სულ უფრო ახალი ინიციატივები სტანდარტებისა და სასერთიფიკატო პროცედურების განსაზღვრის შესახებ, მომხმარებლების მიერ ხელოვნური ინტელექტის მიმართ ცნობიერების ამაღლებისა და მის მიმართ ნდობის გაზრდის მიზნით“.


ხელოვნური ინტელექტის სფეროში ექსპერტმა მიხეილ რუხაიამ ისაუბრა ინტელექტუალურ რობოტებზე, რომელთა მთავარი განმასხვავებელი ნიშანი ჩვეულებრივი (არაინტელექტუალი) რობოტებისგან არის ავტონომიურობა და სწავლის კომპონენტები.

 

გთხოვთ, იხილოთ შემდეგი ბმულები:


პირველი ნაწილი: https://bit.ly/35FDFQ0 


მეორე ნაწილი:  https://bit.ly/3ebzeAE 

გააზიარე: