ანალიტიკური ორგანიზაცია „ჯეოქეისის“ ღია წერილი საპარლამენტო არჩევნების შემდგომი მოვლენების შესახებ

დღეს ქვეყანაში დამძიმებული ეპიდვითარებაა. გლობალური კრიზისის ფონზე, მიუხედავად განსხვავებული პოზიციებისა, უმნიშვნელოვანესია, რომ არაერთ გამოწვევას კონსოლიდაციის გზით გავუმკლავდეთ. არსებული პოლარიზებული გარემო კი ამის შესაძლებლობებს პრაქტიკულად არ ქმნის. ამჟამად ამ მიზნის მიღწევა თანაბრად მოითხოვს ყველა პოლიტიკური აქტორის კონსტრუქციული ჩართულობით ერთობლივი და რეალურად ქმედითი გამოსავლის პოვნას.
 

ეპიდვითარებისა და რეგიონალური საფრთხეების ფონზე, საშინაო პოლიტიკაში შექმნილი ვითარების გადაწყვეტის ოპტიმალური ინსტრუმენტია მოლაპარაკებები და გონივრული კომპრომისი. ამასთანავე, აღსანიშნავია, რომ მოლაპარაკებების გზით მიღებული კომპრომისული გადაწყვეტილება ყველა მხარის კანონიერ ინტერესს უნდა ასახავდეს.
 

ყოველივე ეს ხელს შეუწყობს ეპიდვითარების სტაბილურ გარემოში ერთობლივი ძალისხმევით მართვას, რაც ქვეყნის სასიცოცხლო ინტერესია. ასევე, ეს იქნება თვისობრივად ახალი ეტაპის დასაწყისი საქართველოს დემოკრატიული კონსოლიდაციისთვის საპარლამენტო მექანიზმების გამოყენებით. სწორედ ამგვარი მიდგომაა ქართველი ამომრჩევლის გრძელვადიან ინტერესში, ამასვე ელიან ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები.


უდავოა, რომ ცვლილებების საპარლამენტო ფორმატში განხორციელება საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესის წარმატებით შემდგომ განვითარებას მხოლოდ განამტკიცებს და საქართველოს მომავლისთვის მყარ, ღირებულებით ფუნდამენტს შექმნის. რეალობა მოითხოვს ავმაღლდეთ პირად და პოლიტიკურ ამბიციებზე და უწინარეს ყოვლისა, ქვეყნის ეროვნული ინტერესებით ვიხელმძღვანელოთ. ეს იქნება ყველაზე სწორი, პრაგმატული და გამართლებული მიდგომა. მხოლოდ ამ გზით შევძლებთ გავხდეთ უფრო მტკიცე, ძლიერი და თვითკმარი ერი ჩვენს წინაშე არსებული გამოწვევების პირისპირ.

გააზიარე: