ანალიტიკური ორგანიზაცია „ჯეოქეისის“ ღია წერილსა და ინიციატივას, საპარლამენტო არჩევნების შემდგომი მოვლენების შესახებ, საზოგადოების მხარდაჭერა მოჰყვა. მას სხვადასხვა სფეროს არაერთი ცნობილი და დამსახურებული წარმომადგენელი შეუერთდა.
გთავაზობთ ღია წერილის შინაარსს და ხელმომწერთა სრულ სიას:
„დღეს ქვეყანაში დამძიმებული ეპიდვითარებაა. გლობალური კრიზისის ფონზე, მიუხედავად განსხვავებული პოზიციებისა, უმნიშვნელოვანესია, რომ არაერთ გამოწვევას კონსოლიდაციის გზით გავუმკლავდეთ. არსებული პოლარიზებული გარემო კი ამის შესაძლებლობებს პრაქტიკულად არ ქმნის. ამჟამად ამ მიზნის მიღწევა თანაბრად მოითხოვს ყველა პოლიტიკური აქტორის კონსტრუქციული ჩართულობით ერთობლივი და რეალურად ქმედითი გამოსავლის პოვნას.
ეპიდვითარებისა და რეგიონალური საფრთხეების ფონზე, საშინაო პოლიტიკაში შექმნილი ვითარების გადაწყვეტის ოპტიმალური ინსტრუმენტია მოლაპარაკებები და გონივრული კომპრომისი. ამასთანავე, აღსანიშნავია, რომ მოლაპარაკებების გზით მიღებული კომპრომისული გადაწყვეტილება ყველა მხარის კანონიერ ინტერესს უნდა ასახავდეს.
ყოველივე ეს ხელს შეუწყობს ეპიდვითარების სტაბილურ გარემოში ერთობლივი ძალისხმევით მართვას, რაც ქვეყნის სასიცოცხლო ინტერესია. ასევე, ეს იქნება თვისობრივად ახალი ეტაპის დასაწყისი საქართველოს დემოკრატიული კონსოლიდაციისთვის საპარლამენტო მექანიზმების გამოყენებით. სწორედ ამგვარი მიდგომაა ქართველი ამომრჩევლის გრძელვადიან ინტერესში, ამასვე ელიან ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები.
უდავოა, რომ ცვლილებების საპარლამენტო ფორმატში განხორციელება საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესის წარმატებით შემდგომ განვითარებას მხოლოდ განამტკიცებს და საქართველოს მომავლისთვის მყარ, ღირებულებით ფუნდამენტს შექმნის. რეალობა მოითხოვს ავმაღლდეთ პირად და პოლიტიკურ ამბიციებზე და უწინარეს ყოვლისა, ქვეყნის ეროვნული ინტერესებით ვიხელმძღვანელოთ. ეს იქნება ყველაზე სწორი, პრაგმატული და გამართლებული მიდგომა. მხოლოდ ამ გზით შევძლებთ გავხდეთ უფრო მტკიცე, ძლიერი და თვითკმარი ერი ჩვენს წინაშე არსებული გამოწვევების პირისპირ.
- აგლაძე ზაზა, თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის თეატრის რეჟისორი
- ამაშუკელი ლილი, „სმირნოვების მუზეუმის“ დირექტორი
- ბაგრატიონი ნინო, ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ლექტორი
- ბოჭორიშვილი გოგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი
- ბურდული ირაკლი, ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, სამართლის დოქტორი, აკრედიტაციის ეროვნული საბჭოს თავმჯდომარე
- გამცემლიძე თემური, საგანგებო და სრულუფლებიანი დესპანი
- გლურჯიძე რუსუდანი, კინორეჟისორი, პროდიუსერი
- გოძიაშვილი ნიალა, თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის თეატრის ბალეტმეისტერი
- გუმბერიძე ზურაბი, საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი
- დოლიძე ცისანა, ევგენი მიქელაძის სახელობის ცენტრი, მუსიკალური სკოლის პედაგოგი
- ელისაშვილი ნინო, ევგენი მიქელაძის სახელობის ცენტრის პედაგოგი
- ეზუგბაია გიორგი, ბიზნესმენი
- ზარანდია თამარი, ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, სამართლის დოქტორი, იურიდიული ფაკულტეტის დეკანი
- კუტუბიძე მარინა, ჯანსუღ კახიძის სახელმწიფო ორკესტრის ორკესტრანტი
- მაღალაშვილი ზურაბი, მსახიობი, პროდიუსერი
- მეტრეველი დავითი, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ენდოკრინოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი
- ნიჟარაძე ირაკლი, ბიზნესმენი
- ნიჟარაძე ქეთევანი, მოსწავლე ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის პედაგოგი
- რობაქიძე თამარი, ჟვანიას სახელობის პედიატრიული კლინიკის ექიმი
- რუსიშვილი ედიშერი, თბილისის ვ. სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის პროფესორი
- სანაძე ნანი, თბილისის ვ. სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის პროფესორი
- ტყემალაძე თემური, ფონდი „განვითარება და გარემო“ თავმჯდომარე
- ქარუმიძე ზურაბი, მწერალი
- ყიფიანი ვიქტორი, ანალიტიკური ორგანიზაცია „ჯეოქეისის“ თავმჯდომარე
- ჩიქოვანი დავითი, ბიზნესმენი
- ჩიჩუა გიორგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი
- ცაგარელი მარიამი, არქიტექტორი, თბილისის სახელწიფო სამხატვრო აკადემიის პროფესორი
- ძოწენიძე ლეილა, მე-7 საავადმყოფოს ექიმი
- ჭარაია ვახტანგი, ეკონომიკის დოქტორი, პროფესორი
- ჭირაქაძე ნინო, თბილისის ვ. სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის პროფესორი
- ჭიჭინაძე ნუგზარი, ბიზნესმენი
- ჯაფარიძე თედო, საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი
30 ნოემბერი, 2020 წ.