ონლაინ დისკუსია“მეტი დასავლეთი შავი ზღვის რეგიონში: რეალობა და შესაძლებლობები“

ავტორი:

ანალიტიკური ორგანიზაცია „ჯეოქეისის“ ორგანიზებით ონლაინ დისკუსია “მეტი დასავლეთი შავი ზღვის რეგიონში: რეალობა და შესაძლებლობები“ გაიმართა.


„ჯეოქეისის“ თავმჯდომარემ, ვიქტორ ყიფიანმა ონლაინ განხილვას მოდერატორობა გაუწია. ვიქტორ ყიფიანმა ყურადღება გაამახვილა იმ შესაძლებლობებზე, რომელიც საქართველოს წინაშე დგას რეგიონული მოცემულობიდან გამომდინარე.


„ახალი საფრთხეები და ახალი გამოწვევები ყოველთვის ახალი შესაძლებლობებიცაა. ეს დამოკიდებულია ადამიანის შემოქმედებითი  და  თამამი  გადაწყვეტილების მიღების უნარზე საჭირო დროს. დღეისთვის დასავლეთი რეგიონში სათანადოდ არ არის წარმოდგენილი,“- განაცხადა ვიქტორ ყიფიანმა.


ევროპაში აშშ-ის სახმელეთო ჯარების ყოფილი მეთაური, გენერალი ბენ ჰოჯესი მიიჩნევს, რომ საქართველო ნატო-ში ახლავე უნდა მიიწვიონ. 
ამერიკელმა გენერალმა შავი ზღვის რეგიონის სტრატეგიულ მნიშვნელობაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ აშშ და ნატო უფრო მეტად ფოკუსირებულები უნდა იყვნენ ამ რეგიონზე. მან ასევე ჩამოთვალა ის ნაბიჯები, რომლებიც მისი აზრით, აშშ-მა საქართველოს მხარდასაჭერად უნდა გადადგას.


„პირველი - ახლავე მივიწვიოთ საქართველო ნატო-ში. ჩვენ გვაქვს პრეცედენტი, დასავლეთ გერმანია ნატო-ს წევრი გახდა, როდესაც აღმოსავლეთ გერმანიაში საბჭოთა ჯარი იდგა. ასე რომ, არსებობს სახელმწიფოს ნატო-ში მიწვევის პრეცედენტი იმ შემთხვევაშიც კი, თუ მისი ნაწილი ოკუპირებულია რუსეთის მიერ“, - განაცხადა ჰოჯესმა.


მან კიდევ ერთ მნიშვნელოვან ნაბიჯად, უფრო მეტი და მასშტაბური სამხედრო წვრთნების ჩატარება დაასახელა. მესამე ნაბიჯად გენერალი საქართველოში სამხედრო ინფრასრუქტურაში ინვესტიციების ჩადებას მიიჩნევს.


როგორც ვახტანგ კაპანაძემ, გადამდგარმა გენერალ-მაიორმა, ნატოსა და ევროკავშირში საქართველოს თავდაცვისა და სამხედრო წარმომადგენლობის ყოფილმა ხელმძღვანელმა,  ვებინარში მონაწილეობისას აღნიშნა, მიუხედავად ერთი შეხედვით სამხედრო-პოლიტიკური წარმატებისა რეგიონში, გრძელვადიანი პერსპექტივით რუსეთმა იწვნია გეოპოლიტიკური მარცხი, რაც გამოიხატა: დაკარგა ნდობა ყველაზე ახლო მოკავშირესთან რეგიონში სომხეთის სახით და ვერ დაძლია უნდობლობა აზერბაიჯანთან; რუსეთზე დამოკიდებული ქვეყნებისთვის ნათლად გამოჩნდა, რომ მოსკოვის ქოლგის ქვეშ ყოფნა უსაფრთხოების გარანტიას არ იძლევა და აუცილებელია სხვა მოკავშირის ძიება. ამასთანავე, პირველად ბოლო ასწლეულის პერიოდში, თურქეთი აქტიურად და წარმატებით ჩაერია იმ ზონაში, რომელიც უპირობოდ ითვლებოდა რუსეთის ინტერესების ექსკლუზიურ არედ.


“აღნიშნული რეალობა, რუსეთისგან მოითხოვს პოლიტიკურ რეაბილიტირებას მსოფლიოს და პირველ რიგში, პოსტსაბჭოთა სივრცეში, რაც მოსალოდნელია გამოიხატოს პროვოკაციებისა და ზეწოლის გააქტიურებაში. შესაბამისად, ამ მოცემულობაში მნიშვნელოვანია, როგორც ნატოს გააქტიურება, ასევე საქართველო-აშშ-ის ორმხრივი ურთიერთობის ინტენსირება,“-განაცხადა ვახტანგ კაპანაძემ.


„ჯეოქეისის“ მკვლევარმა, პროფესორმა, ხათუნა ბურკაძემ განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა საქართველოს ნატოში ინტეგრაციის მზაობასა და მნიშვნელობაზე. ასევე ნატოს გაფართოების ისტორიულ ასპექტებზე. როგორც პროფესორმა ბურკაძემ აღნიშნა, ნატოში ინტეგრაციას უსაფრთხოება და სტაბილურობა მოაქვს ქვეყნებსა და რეგიონებში. 


„ჯეოქეისის“ მკვლევარმა, პროფესორმა, ხათუნა ბურკაძემ განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა საქართველოს ნატოში ინტეგრაციის მზაობასა და მნიშვნელობაზე. ასევე, მან ნატოს გაფართოების ისტორიულ ასპექტებზეც ისაუბრა. როგორც პროფესორმა ბურკაძემ აღნიშნა, ნატოში ინტეგრაციას უსაფრთხოება და სტაბილურობა მოაქვს ქვეყნებსა და რეგიონებში. 


„ჩვენი პარტნიორების დახმარებით, საქართველომ ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის მიმართულებით შესაბამის შედეგებს მიაღწია.  ქართველმა ხალხმა აჩვენა ერთგულება დასავლური ღირებულებების მიმართ. ჩვენი მამაცი ჯარისკაცები ჩვენს პარტნიორებთან ერთად უზრუნველყოფენ საერთაშორისო მშვიდობასა და უსაფრთხოებას. ბოლო ექვსი წლის განმავლობაში აშშ-მ 100 მილიონამდე დახმარება გამოყო უშუალოდ საქართველოსთვის უსაფრთხოების სფეროში რეფორმების მხარდასაჭერად. ჩვენი ქვეყანა აგრძელებს მჭიდრო თანამშრომლობას ამერიკის შეერთებულ შტატებთან, როგორც სტრატეგიულ პარტნიორთან.  ასევე, ჩვენ ვთანამშრომლობთ ალიანსის სხვა წევრებთან ევროატლანტიკური კავშირების გაღრმავებისა და შავი ზღვის უსაფრთხოების გასაძლიერებლად,“ - განაცხადა ხათუნა ბურკაძემ. 


„ჯეოქეისის“ თავმჯდომარემ ვიქტორ ყიფიანმა ვებინარის შეჯამებისას აღნიშნა, რომ ახლა რეგიონისთვის გარდამტეხი მომენტია თვისებრივად ახალი გადაწყვეტილებების მისაღებად.


„მიუხედავად პანდემიის მსოფლიო გამოწვევისა, როგორც საქართველომ, ასევე დასავლეთმა დროული ქმედითი ნაბიჯები უნდა გადადგას საერთო ინტერესების სასარგებლოდ. მნიშვნელოვანია, მოქმედებებში სისწრაფე, ადეკვატურობა, რომ არ ჩამოვრჩეთ მოვლენათა დინამიკას“, - განაცხადა ვიქტორ ყიფიანმა.
 

გააზიარე: