ანალიტიკური ორგანიზაცია „ჯეოქეისის“ ორგანიზებით ონლაინ დისკუსია „კონკურენციის სამართალი და პოლიტიკა რეგულირებად სექტორში“ გაიმართა.
„ჯეოქეისის“ თავმჯდომარის მოადგილემ, ბაქარ ფალავანდიშვილმა ონლაინ განხილვას მოდერატორობა გაუწია. მოწვეულმა სპიკერებმა, კონკურენციის სააგენტოს თავმჯდომარემ, ირაკლი ლექვინაძემ, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარემ, დავით ნარმანიამ, კომუნიკაციების კომისიის წევრმა, ვახტანგ აბაშიძემ 2020 წელს კონკურენციის შესახებ კანონში განხორციელებული ცვლილები განიხილეს.
ბაქარ ფალავანდიშვილმა დისკუსიის დასაწყისში აღნიშნა, რომ აღნიშნული ცვლილებების ფარგლებში, მნიშვნელოვანია რეგულირებად სექტორთან კონკურენციის მთავარი კანონის უფრო მეტი ბმის განხორციელება. „საკანონმდებლო ცვლილებების ფარგლებში მოხდა კონკურენციის სააგენტოს უფლებამოსილებების ნაწილობრივ დაზუსტება, ხოლო ნაწილობრივ ახალი უფლებამოსილებების მატება. ერთის მხრივ, გაიმიჯნა ის შემთხვევები თუ როდის ერთვება კონკურენციის აღსრულებაში კონკურენციის სააგენტო და როდის ერთვება შესაბამისი საკითხის გამოძიებაში სექტორის მარეგულირებელი. მეორე მხრივ კი კონკურენციის კანონით სარგებლობა, მისი პრინციპებითა და სტანდარტით ხელმძღვანელობა გახდა სავალდებულო,“- განაცხადა ბაქარ ფალავანდიშვილმა.
კონკურენციის სააგენტოს თავმჯდომარემ, ირაკლი ლექვინაძემ, დისკუსიისას აღნიშნა, რომ კონკურენციის სააგენტოს მიდგომა არის პრევენციაზე აწყობილი მიდგომა და რომ სააგენტო წინასწარ ახდენს სხვადასხვა დაინტერესებული მხარის ინფორმირებას. დავების საბჭო კი უკვე ფუნქციონირებს, რომელიც შესყიდვების სააგენტოდან გადავიდა კონკურენციის სააგენტოს სტრუქტურაში.
„ეს არის ანტიდემპინგური კანონმდებლობა, რომელიც უკვე ძალაშია და აღსრულებას 2021 წლის პირველი ივნისიდან დაიწყებს. აღნიშნული ცვლილებები შეეხო კანონმდებლობაში 4 ძირითად მიმართულებას: პირველი ეს იყო პროცედურული ნორმების დახვეწა, რომელიც გარკვეულ ხარვეზებს შეიცავდა მუშაობის პროცესში. მეორე საკითხი, კონცენტრაციებთან დაკავშირებული საკითხების უფრო ეფექტურობის გაზრდას, მესამე - სხვა მარეგულირებელ ინსტიტუტებთან კონკურენციის ძირითადი პრინციპების და საკითხების ჰარმონიზაცია და მეოთხე საკითხი, რომელიც ალბათ ცოტა მოგვიანებით ამოქმედდება, ეს არის მართვის ნაწილის გაუმჯობესება თვითონ კონკურენციის სააგენტოში, განსხვავებით სხვა მარეგულირებლებისგან, ჩვენ მართვის ცოტა სხვა სტრუქტურა გვაქვს და გარკვეული დროის მერე, ალბათ, ჩვენც გადავალთ მართვის იმ სტრუქტურაზე, რაც არის სხვა მარეგულირებლებში - როცა არსებობს საბჭო და საბჭო იღებს და მართავს გადაწყვეტილებებს“, - განაცხადა ირაკლი ლექვინაძემ.
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარემ, დავით ნარმანიამ, კონკურენციის კანონმდებლობის აღსრულების საკანონმდებლო ჩარჩო, ,,ენერგეტიკული ბაზრის მონიტორინგისა და ანგარიშების წესების'' დადგენილების პროექტი, ბაზრის კვლევის პროცედურები, დომინანტური მდგომარეობის განსაზღვრის წესი და კრიტერიუმები, კონცენტრაციის შესახებ შეტყობინების წარდგენა და განხილვა, თანამშრომლობის პროგრამა ზოგადად მიმოიხილა.
„გამომდინარე იქიდან რომ ბაზარი ჩამოყალიბების პროცესშია იქმნება ენერგიით ვაჭრობის ელექტრონული პლატფორმა. პირველ ეტაპზე, ეს შეეხება ელექტოენერგიას, მსხვილი მომხმარებლები ივაჭრებენ მთავრობის მიერ დამტკიცებული კონცეფციის შესაბამისად შემდეგ უკვე საშუალო მოხმარების საწარმო ორგანიზაციები გადავლენ ასეთი ტიპის ვაჭრობაზე და ერთი წლით გვიან ამოქმედდება ასევე ბუნებრივი გაზის ნაწილი. ორივე ცალკეული სპეციფიკით ხასიათდება. ექტროენერგეტიკის სფეროში 100-ზე მეტი მიმწოდებელია ვინც უნდა დარეგისტრირდეს კანონმდებლობიდან გამომდინარე პლატფორმაზე და ივაჭროს ენერგიით. მათ დახვდებიან ენერგიის მყიდველები ამიტომ ჩვენი უმთავრესი ამოცანა იქნება ამ პლატფორმის მეშვეობით დავაკვირთეთ რომ არ მოხდეს ფასის ხელოვნურად დამახინჯება და გაზრდა. ფასებზე დაკვირვება, გარიგებებზე დაკვირვება, კონცენტრაციაზე დაკვირვება იქნება მნიშვნელოვანი საკითხები და ჩვენი დაკვირვების ქვეშ,“- აღნიშნა დავით ნარმანიამ.
კომუნიკაციების კომისიის წევრმა ვახტანგ აბაშიძემ აღნიშნა, რომ კონკურენციის განვითარების წინაპირობების თუ პოსტრეგულირების თვალსაზრისით მიღებული საკანონმდებლო ბაზა ძალიან მნიშვნელოვანია და მთავარი მიზანი გარკვეული ერთიანი სისტემის, მიდგომების ჩამოყალიბებაა.
„კომუნიკაციების კომისია პირველი დღიდან იყო ჩართული მიმდინარე საკითხების განხილვაში. ვიცით რაოდენ მნიშვნელოვანია კონკურენციის სააგენტოს როლი და ევროპული საკანონმდებლო ბაზა და სწორედ ამით არის განპირობებული ჩვენი სურვილი და მცდელობა რომ კონკურენციის სააგენტო, რაც შეიძლება სერიოზულად განვითარდეს, ეს ყველას ინტერესია“-განაცხადა ვახტანგ აბაშიძემ.
„ჯეოქეისის“ თავმჯდომარის მოადგილემ, დისკუსიის შეჯამებისას, კიდევ ერთხელ ყურადღება გაამახვილა განხორციელებულ ცვლილებებზე. „კანონის დარღვევისათვის გაიზარდა პასუხისმგებლობა და ჯარიმა. ასევე გათვალისწინებულია პასუხისმგებლობის ახალი ფორმები სხვა ტიპის დარღვევებისათვის, როგორიც არის: არაკეთილსინდისიერი კონკურენცია ან კონცენტრაციის უნებართვო განხორციელება და სხვ.“- აღნიშნა ბაქარ ფალავანდიშვილმა.
იხილეთ ონლაინ დისკუსიის ჩანაწერი