ხათუნა ბურკაძე -   ამერიკის შეერთებულმა შტატებმა მსოფლიოს კვლავ აჩვენა, რომ შესაძლებლობების ქვეყანაა

გადმოწერეთ PDF ფაილი

ანალიტიკური ორგანიზაცია „ჯეოქეისის“ მკვლევარმა, პროფესორმა ხათუნა ბურკაძემ აღნიშნა, რომ მიუხედავად გამოწვევებისა, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა მსოფლიოს კვლავ აჩვენა, რომ შესაძლებლობების ქვეყანაა.   ამერიკის პოლიტიკური სისტემისათვის კრიზისი ერთგვარი  საშუალებაცაა იმისათვის, რომ ვითარების სწორი შეფასების საფუძველზე ცვლილებები განახორციელოს და სისტემა გააუმჯობესოს, უფრო მედეგი გახადოს.  ამის შესახებ მან   ამერიკის შეერთებული შტატების რიგით 46-ე   პრეზიდენტის,   ჯოზეფ ბაიდენის   ინაუგურაციის ცერემონიის შეფასებისას განაცხადა.  

 

მისივე თქმით, ცვლილებებზე მიანიშნებს ის, რომ პირველად ამერიკის შეერთებული შტატების ქალი პოლიტიკოსი, კამალა ჰარისი იკავებს ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობას, რაც ისტორიას ცვლის.

 

"ამერიკის შეერთებული შტატების რიგით 46-ე   პრეზიდენტმა,   ჯოზეფ ბაიდენმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა ერთიანობის მნიშვნელობაზე, არსებული გამოწვევების დაძლევაზე, მათ შორის პანდემიის თანმდევი პრობლემების მეცნიერთა მხარდაჭერით მოგვარებასა და ბუნებრივია, ამერიკის გლობალურ როლზე, პარტნიორებთან ურთიერთობებზე.  ასევე,  მან ისაუბრა საშუალო ფენის დახმარების მნიშვნელობაზე.  ეს იყო დემონსტრირება იმისა, რომ დემოკრატიამ იზეიმა და სახელმწიფოს წინსვლის გასაღები სწორედ დემოკრატიულ ღირებულებებშია, ასევე - იმედი, რომ ბევრი რამ უკეთესობისკენ უნდა შეიცვალოს", - აღნიშნა ხათუნა ბურკაძემ. 

 

ხათუნა ბურკაძემ ამერიკის შეერთებული შტატებისა და საქართველოს სტრატეგიული თანამშრომლობის საკითხებზეც ისაუბრა. „პრეზიდენტ  ჯოზეფ ბაიდენის   მრავალწლიანი გამოცდილება და გუნდი გვაძლევს იმის თქმის შესაძლებლობას, რომ ორ ქვეყანას შორის სტრატეგიული კავშირები გაღრმავდება და პოზიტიური ცვლილებები იქნება“, - აცხადებს ხათუნა ბურკაძე.

 

ამასთან, როგორც ხათუნა ბურკაძე დასძენს, ახალი ადმინისტრაციის პირობებში დღის წესრიგში უნდა იყოს ისეთი საკითხები, როგორიც არის, საქართვლოს სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერის გაგრძელება, ევროატლანტიკურ და ევროპულ სტრუქტურებში ინტეგრაცია, დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერება, თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებაზე მოლაპარაკებები, სტრატეგიული კომუნიკაციები, რაც ხელს შეუწყობს დეზინფორმაციასთან სათანადოდ ბრძოლას, პროგრამული ურთიერთობები ჯანდაცვის, განათლების, მეცნიერების სფეროებში და ხალხთაშორისი კომუნიკაციები.

გააზიარე: