ჯეოქეისის“ ორგანიზებით ონლაინ დისკუსია „ელექტრონული ჯანდაცვა და ტელემედიცინა კოვიდ 19 პანდემიის პერიოდში - გამოწვევები და შესაძლებლობები“ გაიმართა

ანალიტიკური ორგანიზაცია „ჯეოქეისის“ ორგანიზებით, ონლაინ დისკუსია „ელექტრონული ჯანდაცვა და ტელემედიცინა კოვიდ 19 პანდემიის პერიოდში - გამოწვევები და შესაძლებლობები“ გაიმართა.

 

ონლაინ განხილვას მოდერატორობა „ჯეოქეისის“ მკვლევარმა, ელექტრონული ჯანდაცვის სპეციალისტმა, პროფესორმა ზვიად კირტავამ გაუწია. მოწვეულმა სპიკერებმა, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ თამარ გაბუნიამ, დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალურმა დირექტორმა ამირან გამყრელიძემ, აშშ-ში SOC Telemed-ის ნევროლოგმა, ტელემედიცინის სპეციალისტმა დავით მრელაშვილმა, ჯანდაცვის ექსპერტმა, „MyDoc - ტელეკლინიკის“ მმართველმა პარტნიორმა ირაკლი სასანიამ პანდემიის დროს ელექტრონული ჯანდაცვისა და ტელემედიცინის გამოწვევები და შესაძლებლობები განიხილეს.

 

ზვიად კირტავამ დისკუსიის დასაწყისში აღნიშნა, რომ ელ-ჯანდაცვის და ტელემედიცინის ბუმი სწორედ პანდემიის პერიოდში დაიწყო - პანდემიამ, ისევე, როგორც მრავალი სხვა მიმართულებით, მნიშვნელოვანი და მძიმე გამოწვევები და სრულიად ახალი რეალობა შექმნა.

 

„ადრე ტელემედიცინა გამოიყენებოდა იქ, სადაც იყო დიდი მანძილი ექიმსა და პაციენტს შორის. პანდემიის დროს კი დისტანცირება ან უკვე არის რეალობა - რადგან კარანტინის და ლოქდაუნის პერიოდებში გადაადგილება მკვეთრად შეზღუდულია, ან დისტანცირებას სულაც სპეციალურად ვქმნით, რომ ავიცილოთ ადამიანების კონცენტრირება და ინფიცირების რისკის ზრდა. ელექტრონული ჯანდაცვა აღმოჩნდა ის სექტორი, რომელმაც არა მარტო შეძლო ეპასუხა პანდემიის გამოწვევებისთვის, არამედ შესაძლებლობების ფანჯარა გახსნა, სერვისების გაფართოების და ინოვაციური მიდგომების მრავალფეროვნების კუთხით. ტელემედიცინა გახდა არა მარტო ტრადიციული სერვისების ერთ-ერთი ალტერნატივა, არამედ პრაქტიკულად - აუცილებელი და ზოგჯერ ლამის - უალტერნატივოც“,- განაცხადა ზვიად კირტავამ.

 

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ თამარ გაბუნიამ განიხილა ონლაინ კლინიკის გამოყენება კოვიდ-პანდემიის მართვის მიზნით და აღნიშნა, რომ აღნიშნულ მოდელს ჯანდაცვის სისტემა ადრეც წარმატებით იყენებდა გრიპის ეპიდემიის პერიოდებში მაღალი მომართვიანობის სამართავად.

 

მისივე თქმით, ახლა კი, 2020 წლის აპრილიდან შეიქმნა 25 კლინიკა და მონაწილეობდა 300-მდე ექიმი - ძირითადად ცხელების ტრიაჟში, ხოლო მეორე ტალღის დროს კოვიდ პაციენტების ბინაზე მართვაში - მონაწილეობდა უკვე 65 კლინიკა და 700-მდე ექიმი, და ასევე შეიქმნა ცენტრალური ონლაინ კლინიკა სამინისტროში.

 

როგორც გაბუნიამ განმარტა, მართვა ეყრდნობოდა შემუშავებულ პროტოკოლს იმის გადასაწყვეტად, როდის უნდა მოხდარიყო ჰოსპიტალიზაცია ან კოვიდ სასტუმროში გადაყვანა. სულ მოხდა 230,000 პაციენტის გატარება, თითოეული ექიმი მართავდა 180-200 პაციენტს. მისივე ინფორმაციით, დეტალური პროტოკოლი განსაზღვრავდა კვლევების ჩატარებას, შეფასების კრიტერიუმებს, სასწრაფო დახმარების გამოძახებას, რამაც ხელი შეუწყო მეორე ტალღის დროს პირველადი ჯანდაცვის მხრიდან შემთხვევების ტელეტრიაჟს და განსაკუთრებით აქტუალური გახდა.

 

„ზოგადად ჯანდაცვის სამინისტროს ელექტრონული ჯანდაცვის სისტემის მიმართულებით ამბიციური გეგმები აქვს, პირველადი ჯანდაცვის განვითარების ნაწილში ტელემედიცინა არის განსაკუთრებით აუცილებელი. ტელემედიცინა ჩვენთვის არის საშუალება, რომ ხარისხიანი სერვისი ახლოს მივიდეს მოსახლეობასთან ყოველგვარი გეოგრაფიული და ადმინისტრაციული ბარიერის გარეშე, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია პირველადი ჯანდაცვის დონეზე, სადაც ტელემედიცინის მიმართულების განვითარებაზე აქტიურად ვმუშაობთ, ჩამოყალიბებულია კონცეპტუალური ხედვა, შეიქმნა პროექტი ევროკავშირის დახმარებით, მიმდინარეობს ტენდერი საერთაშორისო პარტნიორის გამოსავლენად, USAID=ის და UNICEF-ის დახმარებით გვექნება ინტერნეტის ხელმისაწვდომობა სოფლებში, აპარატურის კუთხით გვეხმარება გლობალური ფონდი სამინისტროს მხრიდანაც გამოყოფილია ბიუჯეტი. პროექტის განხორციელება სექტემბერში დაიწყება. ასევე იქმნება ოჯახის ექიმების ონლაინ განათლების პლატფორმა“,-განაცხადა თამარ გაბუნიამ.

 

დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, ცენტრს დიდ მონაცემთა ათეულობით ბაზა გააჩნია.

 

„დიგიტალური ჯანმრთელობა ჩვენთვის მაღალ პრიორიტეტს წარმოადგენს. ჩვენს ცენტრს დიდ მონაცემთა ათეულობით ბაზა გააჩნია, მათ შორის ახლად შექმნილი „კოვ-ლაბი“ ყველაზე ახალი და ორ სხვა ბაზასთან - ეპიდემიოლოგიური ზედამხედველობის და ლაბორატორიული კვლევების LIMS ბაზასთან ერთად - ერთ-ერთი ყველაზე დიდი ბაზაა, რომელიც 2 მილიონზე მეტ ლაბორატორიული კვლევისა და დაახლოებით 800 000-მდე უნიკალური პირის ჩანაწერს მოიცავს. „კოვ-ლაბი“ ინფორმაციის ძირითადი წყაროა ბევრი თვალსაზრისით. ინფექციის ცირკულირების ინტენსივობის გასათვლელად აქ ინფორმაციის ჩაშლა ხდება არა მხოლოდ ლაბორატორიული დიაგნოსტიკის მიმართულებით, არამედ დიაგნოსტიკის ლოკაციის მიმართულებით, როგორც რეგიონის, ისე ქალაქების მიხედვით და ა.შ. ამ მონაცემების საშუალებით ითვლება ტესტირების დადებითობის მაჩვენებელიც, რომელიც მნიშვნელოვანია შეზღუდვების მოხსნის თვალსაზრისით. ახლა განსაკუთრებით ვაძლიერებთ იმუნიზაციის ბაზას და ვემზადებით კოვიდის საწინააღმდეგო ვაქცინაციის პროცესის სამართავად. რუტინული იმუნიზაციისგან განსხვავებით, მოდულში შედის გარკვეული ცვლილებები, მნიშვნელოვანია რომ შესაძლო გვერდითი მოვლენები დეტალურად იქნეს აღნუსხული, უნდა იქნას დათვლილი ვაქცინების მარაგები. ჩვენი გეგმაა 1 700 000 ადამიანის აცრა, რაც ნიშნავს ქვეყანაში წლიური იმუნიზაციის პროცესის დატვირთვის დაახლოებით გაოთხმაგებას რისთვისაც აქტიურად ვემზადებით, ტარდება ტრენინგები ჯანმოს და სხვა დონორების დახმარებით“,-განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

 

მან ასევე ისაუბრა ვაქცინაციის ელექტრონული პასპორტის შესაძლებლობაზე, რაც მსოფლიოში აქტიურად განიხილება საერთაშორისო გადაადგილების გაადვილების თვალსაზრისით, თუმცა აღნიშნა, რომ მსგავსი ოფიციალური დოკუმენტები ჯერ იმ ქვეყნებშიც არ არის, სადაც ვაქცინაცია წარმატებით მიმდინარეობს.

 

აშშ-ში, გადაუდებელი ტელემედიცინის ყველაზე მსხვილ კომპანია „SOC Telemed-ში“ მოღვაწე ნევროლოგმა, ტელემედიცინის სპეციალისტმა დავით მრელაშვილმა, დისკუსიაში მონაწილეობის დროს დეტალურად ისაუბრა საკუთარ ამერიკულ გამოცდილებასა და პანდემიის დროს საქართველოში წარმატებით დანერგილი პროექტის შესახებ.

 

„პანდემიისას დადგა დრო, რომ ყველას თავისი შესაძლებლობების მაქსიმუმი გაეკეთებინა, მეც ასე მოვიქეცი, ჩემი გამოცდილებით ჩავერთე პროექტის მართვაში, რომლის მთავარი მიზანი იყო კოვიდინფიცირებული პაციენტების დიდი რაოდენობა გამოცდილ ოჯახის ექიმს ოპტიმალურად ემართა. დასახელებულ საავადმყოფოებში უკვე მოქმედებდა ონლაინ კლინიკა, მაგრამ პრობლემური გახდა სატელეფონო ხაზების და ოჯახის ექიმების გადატვირთვა. ამიტომ ინფორმაციის გაცვლა დიდწილად გადავიტანეთ სატელეფონო კომუნიკაციიდან ციფრულ პლატფორმებზე - ვაიბერის, WhatsApp, სმს-ის, ვიდეოზარის მეშვეობით, და სიმპტომების მოგროვება დავავალეთ ოპერატორებს - დამამთავრებელი კურსის მედიკოს-სტუდენტებს, რათა ელექტრონული დეტალური ანამნეზი მეტად გამართულად მოემზადებინათ ექიმისთვის, რომელიც საბოლოო გადაწყვეტილებას იღებდა“,-აღნიშნა მან და მადლობა გადაუხადა ჯანდაცვის სამინისტროს პროექტის განხორციელებაში მხარდაჭერისათვის. მან ასევე ისაუბრა ღრუბლოვანი (ქლაუდ) ტექნოლოგიების გამოყენებით მედპერსონალის განათლების შესაძლებლობებზე.

 

ჯანდაცვის ექსპერტის, „MyDoc - ტელეკლინიკის“ მმართველი პარტნიორის ირაკლი სასანიას თქმით, ტელემედიცინისა და ხელოვნური ინტელექტის გამოყენებას უკვე 4 წელია წარმატებით ახორციელებენ. დისკუსიისას ირაკლი სასანიამ დეტალურად ისაუბრა „MyDoc - ტელეკლინიკის“ მუშაობის მიმართულებებზე.

 

„ჩვენ შევქმენით სამი ძირითადი მიმართულება და აქტიურად ვიყენებთ ხელოვნურ ინტელექტსა და მანქანურ სწავლებას. პირველი ეს გახლავთ სამედიცინო პორტალი, რომლის მთავარი მიზანია გაუმჯობესდეს კომუნიკაცია ექიმსა და პაციენტს შორის, არის სიმპტომების ავტომატიზირებული შემოწმების სისტემა, უკვე ჩატარებული გამოკვლევების შეკრება და ექიმთან გადაგზავნა, მეორე ეს არის ადგილზე პაციენტის მომსახურება და დიაგნოსტირება ჩვენს პლატფორმასთან ინტეგრირებული, ციფრულ რეჟიმში მომუშავე ე.წ. “point of care” ინოვაციური ციფრული საშუალებებით (სტეტოსკოპი, ექოსკოპი, სისხლის ანალიზატორი), მესამე მიმართულება კი პაციენტის დისტანციური მონიტორინგია“,-განაცხადა ირაკლი სასანიამ და დასძინა, რომ მოდელის პილოტური გამოცდა ჩატარდა წეროვანის დევნილთა დასახლებაში, ხოლო ამჟამად ადაპტირება ხდება კოვიდ-სასტუმროს პირობებში.

 

„ჯეოქეისის“ მკვლევარმა, ზვიად კირტავამ შეჯამებისას აღნიშნა, რომ განხილვა სასარგებლო იყო ელექტრონული ჯანდაცვის და ტელემედიცინის წარმატებული მაგალითების შეჯამებით ასევე გამოწვევების იდენტიფიცირებით. მან იმედი გამოთქვა, რომ საინტერესო დისკუსიები მომავალშიც გაგრძელდება.

 

იხილეთ ონლაინ დისკურსია

გააზიარე: