ხათუნა ბურკაძე - პარტნიორების მხარდაჭერით უნდა შევძლოთ ადამიანის საჭიროებებზე ორიენტირებული ევროპული დემოკრატიის ჩამოყალიბება

2020 წლის საგარეო და საშინაო პოლიტიკის შედეგებსა და 2021 წლის პერსპექტივებზე „ინტერპრესნიუსი“ „ჯეოქეისის“ მკვლევარს, საერთაშორისო სამართლის დოქტორს, პროფესორს, ფლეტჩერის სამართლისა და დიპლომატიის სკოლის კურსდამთავრებულს, ჰარვარდის მოლაპარაკებების პროგრამის მონაწილეს ხათუნა ბურკაძეს ესაუბრა.
 

ხათუნა ბურკაძემ განაცხადა: „ისტორიულად თუ გავაანალიზებთ კაცობრიობის განვითარების პროცესს, ფართომასშტაბიან კრიზისს, როგორც წესი, თან ახლდა გარდამტეხი ცვლილებები. მიუხედავად 2020 წლის სირთულეებისა, ეს პერიოდი გვიბიძგებს იმისკენ, რომ ახლებურად ვიფიქროთ როგორც საერთაშორისო სისტემის, ასევე ეროვნულ დონეებზე ქვეყნების განვითარებაზე“.“კრიზისმა აჩვენა, რომ მსოფლიოს ძალაა სოლიდარობასა და მეცნიერებაში. თუმცა, ამავდროულად, უნდა გავითვალისწინოთ ბუნებრივი კანონზომიერება და არ გადავკვეთოთ წითელი ხაზები“, - დასძინა მან.
 

ხათუნა ბურკაძის შეფასებით, მოვლენების ანალიზი ცხადყოფს, რომ მომავალში კიდევ უფრო მეტად გამოიკვეთება ტექნოლოგიების როლი, რაც ციფრულ მსოფლიოში თამაშის ახალი წესების ჩამოყალიბებისკენ გვიბიძგებს. შესაბამისად, ეს შეცვლის საერთაშორისო პოლიტიკის მეთოდოლოგიას. ამ პროცესში კი მცირე სახელმწიფოებს განსაკუთრებული ყურადღებით მართებთ საკუთარი ახალი სტრატეგიული ხედვების შემუშავება. კერძოდ, მათ უნდა იზრუნონ თავიანთი საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების განვითარებაზე, რათა საჭიროება აჩვენონ მასშტაბურ მოთამაშეებს, სხვაგვარად გაუჭირდებათ საკუთარი სახელმწიფოებრივი ინტერესების დაცვა. დღეს ციფრული მმართველობა პრაქტიკულად ყველა სფეროს იპყრობს, ის ცვლის საჯარო მმართველობის სტილს, ინდივიდის ქცევის წესს, ოპერაციების, მათ შორის საომარი ოპერაციების წარმოების ტაქტიკას და ჩვენგან ციფრული უნარების განვითარებას მოითხოვს.
 

ხათუნა ბურკაძემ 2020 წლის საგარეო პოლიტიკის ტენდენციები გაანალიზა და 2021 წლის პრიორიტეტებზე ისაუბრა. მან განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა ამერიკის შეერთებული შტატებისა და საქართველოს სტრატეგიულ თანამშრომლობაზე. ხათუნა ბურკაძის განცხადებით,  ჯოზეფ ბაიდენის მოსვლა თეთრ სახლში ხელს შეუწყობს ამერიკის შეერთებული შტატების გლობალური როლის მეტად გამოკვეთას, ამერიკის სტრატეგიულ მოკავშირესთან - ევროპასთან ურთიერთობების გაღრმავებას და საერთო გამოწვევებთან გამკლავების მიზნით ევროპასთან ერთად ერთიანი სტრატეგიის განვითარებას. ევროატლანტიკური მტკიცე კავშირი კი ახალ იმპულსს შესძენს ნატო-ს ღია კარის პოლიტიკას, რაც საქართველოს ნატო-ში ინტეგრაციის პროცესს დააჩქარებს.
 

ხათუნა ბურკაძემ აღნიშნა: „პრეზიდენტ ჯოზეფ ბაიდენის ადმინისტრაციის პირობებში ამერიკის შეერთებული შტატებისა და საქართველოს სტრატეგიული თანამშრომლობის დღის წესრიგი შესაძლოა ორიენტირებული იყოს 7 პრიორიტეტზე: 1) საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერის გაგრძელება; 2) საქართველოს ევროატლანტიკურ და ევროპულ სტრუქტურებში ინტეგრაციის პროცესის ხელშეწყობის გაგრძელება; 3) კვლავ საქართველოში დემოკრატიული ფასეულობებისა და ინსტიტუტების განმტკიცების მხარდაჭერა; 4) თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავება და საქართველოს მედეგობის გაძლიერება, განსაკუთრებით ამერიკის შეერთებულ შტატებთან მჭიდრო თანამშრომლობით საქართველოს კიბერთავდაცვითი შესაძლებლობების განვითარება, რათა ქვეყანამ შეძლოს რუსეთის ფედერაციიდან მომდინარე კიბერ საფრთხეების თავიდან აცილება; 5) თანამშრომლობის გაგრძელება საქართველოს სტრატეგიული კომუნიკაციის მექანიზმების დასანერგად და რუსულ ანტიდასავლურ, დეზინფორმაციულ და პროპაგანდისტულ კამპანიასთან ეფექტიანი ბრძოლა; 6) თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების დასადებად მოლაპარაკებების დაწყება. ეს პროცესი ხელს შეუწყობს როგორც სავაჭრო, ასევე უსაფრთხოების სფეროებში თანამშრომლობის გაღრმავებას; 7) ჯანდაცვითი, საგანმანათლებლო და კულტურული პროგრამების გაგრძელება. ხალხთაშორისი კონტაქტების გაფართოება“.
 

ამასთანავე, ხათუნა ბურკაძემ ყურადღება გაამახვილა საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესზე და განაცხადა: „2024 წელს საქართველო გეგმავს განაცხადი შეიტანოს ევროკავშირის სრულფასოვან წევრობასთან დაკავშირებით. ეს გვიბიძგებს იმისკენ, რომ უფრო მეტი სიხშირით გავაგრძელოთ საკანონმდებლო და ინსტიტუციური რეფორმების განხორციელება და გავაღრმავოთ თანამშრომლობა ევროკავშირთან ეკონომიკის, განათლების, მეცნიერებისა და სხვა სფეროებში. ამასთანავე, ევროკავშირთან სექტორალური თანამშრომლობით ქვეყნის შიგნით ცალკეულ დარგებში ევროპული სტანდარტები უნდა დავნერგოთ. ასევე, მნიშვნელოვანია ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებით გათვალისწინებული შესაძლებლობების ეფექტიანად გამოყენება და ევროკავშირის ბაზრის კიდევ უფრო ათვისება. ამ კონტექსტში აუცილებელია, რომ ევროინტეგრაციის გზაზე 2021 წლის „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ სამიტი გახდეს გარდამტეხი ეტაპი საქართველოს მეტი პოლიტიკური ამბიციის გამოსაკვეთად და პრინციპის „მეტი მეტისთვის“ გასავითარებლად, რაც გულისხმობს ინტეგრაციის მეტი შესაძლებლობების მიცემას იმ ქვეყნებისთვის, მათ შორის საქართველოსთვის, რომლებიც მეტს აკეთებენ ევროკავშირთან თანამშრომლობის გასაღრმავებლად. ბუნებრივია, 2024 წლამდე საქართველომ პროაქტიულად უნდა იმუშავოს ევროკავშირის წევრი ქვეყნების დედაქალაქებთან იმისათვის, რომ ოთხ წელში შევძლოთ საქართველოს ევროკავშირთან თანამშრომლობის პროცესში ახალ ეტაპზე გადასვლა და ევროპული პერსპექტივისკენ ქმედითი ნაბიჯების გადადგმა.“

 

იხილეთ ინტერვიუს სრული ვერსია


 

გააზიარე: