ხათუნა ბურკაძემ აღნიშნა: „უსაფრთხოების უზრუნველყოფის გარეშე პრაქტიკულად შეუძლებელია მდგრადი განვითარება. საქართველო იმსახურებს ნატო-ში წევრობას გაწევრიანების სამოქმედო გეგმის (MAP-ის) გარეშე, რადგან მას ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში წევრობისათვის საჭირო ყველა პრაქტიკული ინსტრუმენტი აქვს - ყოველწლიური ეროვნული პროგრამა, ნატო-საქართველოს კომისია, „განახლებული არსებითი პაკეტი“. „მეტიც, ხსენებული მექანიზმების ფარგლებში ქვეყანამ განახორციელა არაერთი რეფორმა პარტნიორების მხარდაჭერითა და დაფინანსებით“, - დასძინა მან.
მან განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა 2021 წლის პრიორიტეტებზე და განაცხადა: „ევროატლანტიკური და ევროპული ინტეგრაციის გზაზე მნიშვნელოვანია საკანონმდებლო და ინსტიტუციური რეფორმების გაგრძელება. ჩვენი სტრატეგიული მდებარეობით პარტნიორებს ჩვენი საჭიროება უფრო მკაფიოდ უნდა დავანახოთ და ვიფიქროთ იმ ნიშაზე, დიდ იდეაზე, რომლითაც გაცილებით მიმზიდველები გავხდებით საერთაშორისო თანამეგობრობისთვის და შევძლებთ ევროპულ დემოკრატიულ სახელმწიფოდ ჩამოყალიბებას. ასევე, პარტნიორებთან სტრატეგიული კომუნიკაციების მიმართულებით პროაქტიული აქტივობების განხორციელებაა საჭირო.“
ხათუნა ბურკაძე მიიჩნევს, რომ „ვაშინგტონი ხელს შეუწყობს შავი ზღვის რეგიონში დასავლეთის წარმომადგენლობის გაძლიერებას. საქართველო არ არის მხოლოდ სამხრეთ კავკასიის რეგიონის შემადგენელი ნაწილი, ის ასევე ღირებული და მნიშვნელოვანია შავი ზღვის რეგიონის კონტექსტში. ვაშინგტონი ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციის ფარგლებში ალიანსის სხვა წევრებთან ერთად განავითარებს ახალ ინიციატივებს შავი ზღვის რეგიონში უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად. ამასთანავე, ორმხრივ ფორმატებშიც გააძლიერებს პარტნიორებთან, მათ შორის საქართველოსთან თანამშრომლობას“.
ასევე, ხათუნა ბურკაძემ ისაუბრა იმაზე, თუ კონკრეტულად რა გავლენა ექნება სტრასბურგის გადაწყვეტილებას დეოკუპაციის პროცესზე. „პირველი, ის ქმნის საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის განმტკიცებისთვის მყარ საერთაშორისო სამართლებრივ საფუძვლებს; მეორე, რუსეთის ფედერაციის მიერ ჩვენი მოქალაქეების დარღვეული უფლებების აღდგენის ეფექტიანი მექანიზმია, მესამე, რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ არსებული საქმეების საქართველოს სასიკეთოდ გადაწყვეტის შესაძლებლობაა, კერძოდ, ეს ისტორიული გადაწყვეტილება გვაძლევს შესაძლებლობას მოვიგოთ ე.წ. განგრძობადი ოკუპაციის საქმე, რომლის თაობაზე საჩივარი 2018 წელს სტრასბურგის სასამართლოში შევიტანეთ და ეხება რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებსა და საოკუპაციო ხაზის გასწვრივ საქართველოს მოსახლეობის წინააღმდეგ განხორციელებულ უმძიმეს დანაშაულებრივ მოქმედებებს. აღნიშნულ საქმეში განსაკუთრებული ყურადღებაა გამახვილებული ჩვენი გმირების - არჩილ ტატუნაშვილის, გიგა ოთხოზორიას, დავით ბაშარულის მკვლელობის საქმეებზე. ამასთანავე, აღნიშნულ გადაწყვეტილებაში დადგენილი ფაქტები ხელს შეუწყობს ჩვენი სახელმწიფოებრივი ინტერესების უზრუნველყოფას როგორც მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლოში, ასევე სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოში (ეს უკანასკნელი კონკრეტული პირების ბრალეულობის საკითხებს განიხილავს). მეოთხე, პოლიტიკური თვალსაზრისით, ეს გადაწყვეტილება ჩვენ გვაძლევს შესაძლებლობას, რომ გაერო-ს, ევროსაბჭოსა და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში დავაყენოთ საერთაშორისო მონიტორების ოკუპირებულ ტერიტორიებზე უშუალოდ შესვლის აუცილებლობის საკითხი, რაც უმნიშვნელოვანესია აღნიშნულ ტერიტორიებზე მცხოვრები მოსახლეობის ფუნდამენტური უფლებების დასაცავად. ასევე, აძლიერებს ჩვენს პოზიციებს ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებში. ამასთანავე, ყოველწლიურად გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში დევნილთა დაბრუნების რეზოლუციის განხილვისას ჩვენს მხარდაჭერას განამტკიცებს“, - განაცხადა ხათუნა ბურკაძემ.
იხილეთ ინტერვიუს სრული ვერსია