„ჯეოქეისის“ ორგანიზებით სტუდენტური პროგრამის - „საგარეო პოლიტიკა და უსაფრთხოება“ მეორე მოდული დასრულდა

„ჯეოქეისის“ ორგანიზებით სტუდენტური პროგრამის - „საგარეო პოლიტიკა და უსაფრთხოება“ მეორე მოდული „ევროკავშირი და საქართველო“ დასრულდა, რომელსაც „ჯეოქეისის“ ყოფილი მკვლევარი, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ევროპის დეპარტამენტის თანამშრომელი, ლიკა ჭიპაშვილი უძღვებოდა.
 
4-ნაწილიანი მოდულის ფარგლებში, რომელიც ინტერაქციულ რეჟიმში წარიმართა, მიმოხილულ იქნა ევროკავშირის დაფუძნებისა და მისი განვითარების ისტორია, ევროპული პროექტის დღევანდელი პრიორიტეტები და გამოწვევები; განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა ევროკავშირის სამეზობლო და გაფართოების პოლიტიკის საკითხებზე, „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ პროექტსა და საქართველო-ევროკავშირის ორმხრივ ურთიერთობებზე. 
 


მოდულის დასკვნით ნაწილში, „დიპლომატიურ ინსტიტუტთან" თანამშრომლობით, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ევროკავშირის დახმარების კოორდინაციისა და სექტორული ინტეგრაციის დეპარტამენტის დირექტორმა, დავით ბუჯიაშვილმა ონლაინ შეხვედრა გამართა პროგრამის მონაწილე ახალგაზრდებთან.
 

ონლაინ ლექციის მიმდინარეობისას, დავით ბუჯიაშვილმა ისაუბრა საქართველო - ევროკავშირის ურთიერთობებზე  საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენიდან დღემდე. მან ყურადღება გაამახვილა ასოცირების შეთანხმებისა და მისი მე-4 თავის - „ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის კომპონენტი“ - კონკრეტული ხელშესახები შედეგებისა და პერსპექტივების შესახებ. დავით ბუჯიაშვილმა მიმოიხილა, ასევე, ევროკავშირის დახმარების პროგრამები და პროექტები და უპასუხა სტუდენტების შეკითხვებს 2024 წელს ევროკავშირის წევრობაზე განაცხადის გაკეთების პერსპექტივების თაობაზე.

 


 
„ჯეოქეისის“ სტუნდენტურ პროგრამაში - „საგარეო პოლიტიკა და უსაფრთხოება“ მონაწილეობას იღებენ ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის საფეხურის სტუდენტები საქართველოს ექვსი სხვადასხვა უნივერსიტეტიდან.

გააზიარე: