ხათუნა ბურკაძე - მრავალპარტიულმა პარლამენტმა ხელი უნდა შეუწყოს საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებების განხორციელებას

საგარეო და საშინაო პოლიტიკის აქტუალურ თემებზე „ინტერპრესნიუსი“ „ჯეოქეისის“ ამერიკისმცოდნეობისა და ევროატლანტიკური მიმართულების დირექტორს, საერთაშორისო სამართლის დოქტორს, პროფესორს, ფლეტჩერის სამართლისა და დიპლომატიის სკოლის კურსდამთავრებულს, ჰარვარდის მოლაპარაკებების პროგრამის მონაწილეს, ხათუნა ბურკაძეს ესაუბრა.


ხათუნა ბურკაძემ აღნიშნა: „საქართველოს პარლამენტში ოპოზიციის ნაწილის შესვლა არის პოლიტიკური კრიზისის დასრულების დასაწყისი. საბოლოო ჯამში, რამდენად წარმატებული იქნება ეს პროცესი, დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორ შეძლებენ განსხვავებული პოლიტიკური პარტიები არა მხოლოდ კომუნიკაციას, არამედ თანამშრომლობას მომავალში“.


ასევე, მისი თქმით, შეთანხმების საფუძველზე, საპარლამენტო სივრცის გამოყენებით, ხელისუფლებასა და ოპოზიციას ეძლევა შესაძლებლობა ჩართულები იყვნენ ქვეყნის შემდგომი რეფორმირების პროცესში.


ამასთანავე, ხათუნა ბურკაძემ უკრაინაში არსებული ვითარების, დასავლეთის მიერ განხორციელებული შემაკავებელი მოქმედებების,  საქართველოს ნატო-ში ინტეგრაციის სამი შესაძლო სცენარის განვითარებისა და ახალი, კიბერ-ალიანსის შექმნის შესაძლებლობებზე ისაუბრა. 


ხათუნა ბურკაძემ განაცხადა: „ამერიკის შეერთებული შტატებისა და მისი დასავლელი მოკავშირეების ჩართულობით, შემაკავებელი ბერკეტების გამოყენებით მოხდა პროცესის დეესკალაცია უკრაინასა და რუსეთს შორის.“


„დაუშვებელია ე.წ. გავლენის სფეროების შესახებ მოლაპარაკებების წარმართვა. ეს ეწინააღმდეგება თანამედროვე საერთაშორისო სამართლის პრინციპებს. დასავლეთი მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოსა და უკრაინის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას. 21-ე საუკუნეში მე-20 საუკუნის რიტორიკით საუბარი უნდა დასრულდეს. ასევე, სახელმწიფოებმა უნდა გაითვალისწინონ, რომ საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების სწრაფი განვითარებისა და პანდემიის, გლობალური კრიზისის თანმდევი გამოწვევების ფონზე პოსტ-პანდემიური საერთაშორისო სისტემა ახალ ტენდენციებს გამოკვეთს“, - დასძინა ხათუნა ბურკაძემ. 


ხათუნა ბურკაძემ აღნიშნა: „CYBER FLAG 21-1-ის სახელწოდებით დაგეგმილი კიბერ წვრთნა ხელს შეუწყობს ისეთი გაერთიანების, კიბერ-ალიანსის ჩამოყალიბებას, რომელიც ორიენტირებული იქნება მოკავშირეთა კიბერ შესაძლებლობების განვითარებაზე, კრიტიკული ინფრასტრუქტურის, კრიტიკული მნიშვნელობის რესურსების დაცვასა და  საჭიროების შემთხვევაში, კიბერთავდაცვითი ოპერაციების განხორციელებაზე“. 

 

იხილეთ ინტერვიუს სრული ვერსია 

გააზიარე: