„ჯეოქეისის“ ვებინარების სერიის მორიგი ონალაინ დისკუსია უკრაინაში სამხედრო - პოლიტიკური ვითარების შესახებ

ანალიტიკური ორგანიზაცია „ჯეოქეისის“ ორგანიზებით ონლაინ დისკუსია „სამხედრო-პოლიტიკური ვითარება უკრაინის აღმოსავლეთში, რუსეთის მხრიდან საფრთხე და ამჟამინდელი მოვლენების გავლენა სამხრეთ კავკასიაზე“ გაიმართა, რომელსაც მოდერატორობა „ჯეოქეისის” თავმჯდომარემ, ვიქტორ ყიფიანმა გაუწია.


ვიქტორ ყიფიანმა ყურადღება გაამახვილა უკრაინაში განვითარებული მოვლენების მნიშვნელობაზე მთელი კავკასიის რეგიონისა და უშუალოდ, საქართველოსთვის,  ასევე რუსეთის მხრიდან საერთო საფრთხის არსებობაზე.


„უკრაინაში განვითარებული მოვლენები  ყოველთვის საინტერესო და აქტუალურია საქართველოსთვის, ის,  თუ როგორ განვითარდება მოვლენები უკრაინაში,   განმსაზღვრელი მნიშვნელობის იქნება როგორც მთლიანად კავკასიის რეგიონისთვის,  ასევე უშუალოდ ჩვენი ქვეყნისთვის“,- განაცხადა ვიქტორ ყიფიანმა. 


„თავდაცვის სტრატეგიის ცენტრის“ თავმჯდომარემ, უკრაინის ყოფილმა თავდაცვის მინისტრმა, ანდრეი ზაგოროდნიუკმა რუსეთის სამხედრო-პოლიტიკური მოქმედებები უკრაინაში ისტორიულ დისკურსში მიმოიხილა და დაასახელა ფაქტორები, რამაც  უკრაინის სამხრეთ აღმოსავლეთში დღევანდელი ვითარება განაპირობა.  


„რუსეთს საბჭოთა რეალობის აღდგენა სურს მთელს რეგიონში, ესაა მისი რეალური მოტივაცია, მას არ აწყობს შემდგარი, ევროინტეგრაციის გზაზე მყოფი მეზობლები და განსაკუთრებით,  უკრაინა, მის მიერ ჩაფიქრებული  სცენარი გაცილებით მასშტაბური იყო, ვიდრე გამოუვიდა. მოსკოვს  სურდა მთელი ქვეყნის ჩათრევა სამხედრო კონფლიქტში,-  ოდესა, ნიკოლაევი, დნეპროპეტროვსკიც კი იყო მისი სამიზნე, მიუხედავად იმისა, რომ ის საზღვარზე არ მდებარეობს. თუმცა რუსეთმა გადააჭარბა საკუთარი ძალაუფლების შეფასებისას, ვერ გათვალა მის ქმედებებზე უკრაინის ხელისუფლებისა და სამოქალაქო საზოგადოების ასეთი უკუკავშირი, საერთაშორისო საზოგადოების მხარდაჭერა და ახლა ვართ იქ,  სადაც ვართ,“-განაცხადა ანდრეი ზაგოროდნიუკმა.


ადმირალმა (გადამდგარი), უკრაინის სამხედრო წარმომადგენელმა ნატოში (2006-2007წწ.), უკრაინის თავდაცვის მინისტრის ყოფილმა მოადგილემ (2014წ), იგორ კაბანენკომ უკრაინის საზღვართან რუსეთის მიერ მობილიზებული დიდძალი სამხედრო ტექნიკისა და სამოქმედო სტრატეგიის შესახებ ისაუბრა. უკრაინის აღმოსავლეთში ორი თვის განმავლობაში სამხედრო ტექნიკის, საზღვაო თუ სახმელეთო რესურსების მობილიზებაში მილიონობით რუბლი დაიხარჯა და ეს ყველაფერი 10-ჯერ აღემატებოდა უკრაინის სამხედრო რესურსს. მისი თქმით,  რუსეთს უკან დახევა დამარცხებად მიაჩნია და არა - კომპრომისად. 


„რუსეთი უამრავ საბაბს იყენებს იმისთვის, რომ გაამართლოს თავისი სამხედრო მოქმედებები უკრაინის სამხრეთ-აღმოსავლეთში, თუმცა  ყველასთვის  ნათელია, რომ ის ცდილობს ძალის დემონსტრირებას და ელოდება შესაბამის მომენტს, რათა  განახორციელოს ღია აგრესია. გარკვეული საგარეო თუ საშინაო ფაქტორების გამო ამ დრომდე ამის საშუალება მას არ მიეცა. არ გამოვრიცხავ მოქმედებები დაიწყოს ჯერ ჰიბრიდული ომის, შემდგომ კი ცეცხლის გახსნით. ამ ყველაფერს კი მისი ცნობილი ხელწერით - ე.წ. „სამშვიდობო წესრიგის დამყარების“ მისიით შეეცდება. არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება მოდუნება, ამას ვურჩევ ქართველ კოლეგებსაც, რადგან რუსეთი ელოდება მომენტს ღია აგრესიის განსახორციელებლად,“- აღნიშნა იგორ კაბანენკომ. 


უკრაინის არმიის გენერალმა, გენერალური შტაბის უფროსმა და უკრაინის შეიარაღებული ძალების მეთაურმა (2014-2019წწ), სამხედრო მეცნიერებათა კანდიდატმა, ვიქტორ მუჟენკომ დისკუსიაში მონაწილეობისას აღნიშნა, რომ რუსეთს სამხედრო ოპერაციის განხორციელება ხანგრძლივ პერიოდზე აქვს გათვლილი. მისი თქმით, 2021 წლის ივლისიდან რუსეთი  სამხედრო ძალის გადანაწილებას უკრაინიდან უკვე ბელორუსიისკენ დაიწყებს.  


„რუსეთის სამხედრო მოქმედებები ხანგრძლივი დროის პერსპექტივაშია გაწერილი. მას უამრავი სამხედრო სამოქმედო სცენარი აქვს. ვფიქრობ,  მოქმედებათა მეორე ნაწილს უკვე ივლისის თვიდან დაიწყებს, თუმცა მნიშვნელოვანია, აშშ-ის პრეზიდენტ ბაიდენისა და რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტ, ვლადიმერ პუტინის ივნისის შეხვედრის შედეგები. იქამდე ვფიქრობ რუსეთისგან უამრავი პროვოკაციაა მოსალოდნელი,“- განაცხადა მუჟენკომ.


რეზერვის გენერალ მაიორმა, ანალიტიკური კვლევისა და ჰიბრიდული საფრთხეების წინააღმდეგ ბრძოლის ცენტრის ხელმძღვანელმა, სერგეი სავჩენკომ რუსეთის მხრიდან არსებულ ჰიბრიდულ საფრთხეებზე გაამახვილა ყურადღება.


„2014 წლიდან აგრესორი აწარმოებს უკრაინასთან ჰიბრიდულ ომს, რის შემდგომაც სცენარის მიხედვით ის ცვლის ინსტრუმენტებს და გადადის ღია აგრესიიის მოცემულობაზე. ახლა ამ ომის ერთ-ერთი ოპერაციის ეტაპზე ვიმყოფებით, რომელსაც პოლიტიკურ-სტრატეგიული ამოცანები აქვს და ჩვენ პირობითად ვუწოდებთ ოპერაცია „ფედერალიზაციასა“ და ოპერაცია „ხალხის მმართველობას“. რუსეთის სამხედრო მოქმედებათა ალგორითმი შემდეგია:  უკრაინა წყვეტს ურთიერთობას დასავლეთთან, შედის ღრმა სოციალ-ეკონომიკურ კრიზისში, რის საფუძველზეც ინიშნება რეფერენდუმი, ხოლო თუ ამ სცენარის განხორციელების შეფერხების მცდელობა იქნება, რომელიმე რეგიონიდან წამოსულ პროვოკაციას რუსეთი ცეცხლის გახსნით უპასუხებს და დაიწყება ღია აგრესია,“- განაცხადა სავჩენკომ.


გადამდგარმა გენერალ-მაიორმა, ნატოსა და ევროკავშირში საქართველოს თავდაცვისა და სამხედრო წარმომადგენლობის ყოფილმა ხელმძღვანელმა,  „ჯეოქეისის“ მკვლევარმა, ვახტანგ კაპანაძემ, ვებინარში მონაწილეობისას ყურადღება გაამახვილა რუსეთის პოლიტიკაზე, რომელიც უგულებელყოფს ყველა ოფიციალურ შეთანხმებასა და საზღვრის ხელშეუხებლობის დოკუმენტს, რაც საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ დამოუკიდებელ ქვეყნებთან გაფორმდა. 


„რუსეთს სურს ყველას აჩვენოს საკუთარი ძალა, რომ ის არის მთავარი მოთამაშე თუნდაც ამ  რეგიონში, ძალის დემონსტრირება სურს არა მხოლოდ საქართველოსა და უკრაინასთან მიმართებაში, არამედ ყველა ყოფილი საბჭოთა ქვეყნის დასანახად, რომელიც ფიქრობს ან შეიძლება ფიქრობდეს,  თუ რამდენად სანდო და ძალაუფლების მქონე  პარტნიორია დღეს მისთვის რუსეთი,“-აღნიშნა ვახტანგ კაპანაძემ. 


„ჯეოქეისის“ თავმჯდომარემ, ვიქტორ ყიფიანმა შეჯამებისას აღნიშნა, რომ უკრაინასა და საქართველოს სახელმწიფოებს პარტნიორობის აუთვისებელი რესურსი აქვს, რომელიც სამომავლო დისკუსიების თემაა. მან ასევე „ჯეოქეისის“ ვებინარების ფარგლებში სამომავლო ონლაინ დისკუსია დაანონსა მიმდინარე მოვლენებში დასავლეთის როლისა და შავი ზღვის რეგიონში თურქეთის ფაქტორის გათვალისწინებით.


„საქართველოსა და უკრაინას როგორც პოლიტიკური, ასევე სამხედრო-სტრატეგიული პარტნიორობის აუთვისებელი რესურსი აქვთ. მიუხედავად ყველა ფაქტორისა, აგრესიის საპასუხოდ ყველაზე ღირსეული პასუხი იქნებოდა უკრაინისა და საქართველოს შემდგარი სახელმწიფოებრიობა, რომელიც თავისუფალია რუსული გავლენებისგან. ეს კი  შესაძლებელია ორივე სახელმწიფოში გარდამტეხი შიდა რეფორმების გზით, “-აღნიშნა ვიქტორ ყიფიანმა. 

 

იხილეთ ონლაინ დისკუსია „სამხედრო-პოლიტიკური ვითარება უკრაინის აღმოსავლეთში, რუსეთის მხრიდან საფრთხე და ამჟამინდელი მოვლენების გავლენა სამხრეთ კავკასიაზე“

გააზიარე: