ანალიტიკური ორგანიზაცია „ჯეოქეისის“ და ევროპის იურისტ სტუდენტთა ასოციაცია საქართველო-ს (ELSA Georgia) ინიციატივით საჯარო ლექცია საქართველოს ევროპული არჩევანისა და მისი მნიშვნელობის შესახებ გაიმართა.
საჯარო ლექციას ანალიტიკური ორგანიზაცია „ჯეოქეისის“ ამერიკისმცოდნეობისა და ევროატლანტიკური მიმართულების ხელმძღვანელი ხათუნა ბურკაძე გაუძღვა.
ხათუნა ბურკაძემ გაერთიანებული ევროპის იდეის განვითარების ისტორიის, საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციისა და მისი მნიშვნელობის შესახებ ისაუბრა.
„ევროპული ინტეგრაციის 71-წლიანმა ისტორიამ აჩვენა, რომ ევროპის ქვეყნებს შორის თანამშრომლობის იდეამ გაამართლა. ევროპის კავშირის ფარგლებში ევროპულმა სახელმწიფოებმა როგორც ეკონომიკური, ისე პოლიტიკური ინტეგრაციის საკმაოდ მაღალ დონეს მიაღწიეს. ამიტომაცაა ევროკავშირი გამორჩეული სხვა რეგიონალური სახელმწიფოთაშორისი საერთაშორისო ორგანიზაციებისგან. ევროკავშირის ზენაციონალური ელემენტები განაპირობებენ ორგანიზაციის საკანონმდებლო, აღმასრულებელი და სასამართლო ორგანოების როლისა და კომპეტენციის ისე განსაზღვრას, რომ მათ ხელი შეუწყონ, ერთი მხრივ, ერთიანი ევროპული პოლიტიკის შემუშავებას და, მეორე მხრივ, მის ეფექტიან იმპლემენტაციას“, - აღნიშნა ხათუნა ბურკაძემ.
მისი თქმით, ეფექტიანი ევროპული ერთობა მნიშვნელოვანი მაგალითია სხვა სახელმწიფოებისთვის, თუ როგორ შეიძლება თანამშრომლობის, სოლიდარობის გზით მეტი შესაძლებლობების შექმნა ეროვნული სისტემების ეკონომიკური, პოლიტიკური და სამართლებრივი განვითარებისთვის და ამავდროულად, მათი ინტეგრაცია საერთო ფასეულობებზე დაფუძნებულ გაერთიანებაში.
ხათუნა ბურკაძემ განაცხადა: “ბუნებრივია, საქართველოს საგარეო პოლიტიკის უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტია ევროპის კავშირში სრულფასოვანი ინტეგრაცია. ჩვენი ისტორიული არჩევანი საქართველოს კონსტიტუციით - ქვეყნის უზენაესი კანონითაა განმტკიცებული, რაც გულისხმობს კონსტიტუციური ორგანოების მიერ თავიანთი უფლებამოსილების ფარგლებში ყველა ზომის მიღებას ევროკავშირში საქართველოს სრული ინტეგრაციის უზრუნველსაყოფად“.
ხათუნა ბურკაძემ აღნიშნა: „მოგეხსენებათ, ამ ეტაპზე, უმთავრესი გეგმაა 2024 წლისათვის ევროკავშირში საქართველოს წევრობის ოფიციალური განაცხადის მომზადება. ევროპული პერსპექტივის მისაღწევად აუცილებელია: 1) საკანონმდებლო და ინსტიტუციური რეფორმების გაგრძელება, რათა შევქმნათ მყარი საფუძველი ევროპული დემოკრატიული სახელმწიფოს მშენებლობისათვის; 2) ქვეყნის სტრატეგიული საჭიროების მეტად გამოკვეთა. კერძოდ, საჭიროა, ვიფიქროთ იმ ნიშაზე, დიდ იდეაზე, რომლითაც გაცილებით მიმზიდველები გავხდებით საერთაშორისო თანამეგობრობისთვის; 3) სტრატეგიული გზავნილების გამოყენებით კომუნიკაციის არხების მეტად განვითარება უშუალოდ წევრი ქვეყნების დედაქალაქების დონეზე და მათთვის ნათლად ჩვენება იმისა, რომ საქართველოს თავისი სტრატეგიული როლით შეუძლია კონკრეტული სარგებელი მოუტანოს მთლიან, თავისუფალ და მშვიდობიან ევროპას.
„ამასთანავე, ნიშანდობლივია დღევანდელი მოცემულობა, რომელიც განსხვავდება შარშანდელი და შარშანწინდელი მოცემულობებისგან. პანდემიის შედეგად შექმნილმა გლობალურმა გამოწვევამ აჩვენა, რომ აუცილებელია დიდმა სახელმწიფოებმა მცირე სახელმწიფოებს მეტი შესაძლებლობები მისცენ, რათა მსოფლიო, რეგიონი უფრო ქმედითი და ეფექტური იყოს საერთო გამოწვევების დაძლევის პროცესში მომავალში. პოსტ-პანდემიური საერთაშორისო რეალობა კიდევ უფრო თვალსაჩინოს გახდის, რომ საჭიროა ახალი მიდგომების დანერგვა. შესაბამისად, შეცვლილი გეოპოლიტიკური ვითარება ევროკავშირის ლიდერებს მისცემს ახალ იმპულსს ტრანსფორმაციისთვის, უფრო მოქნილი სისტემის განვითარებისთვის, მათ შორის გაფართოების კონტექსტში, განსაკუთრებით იმ ქვეყნებთან მიმართებით, რომლებთანაც თანამშრომლობა სტრატეგიულ საკითხებზე წლებს ითვლის. იმედია, ახალი გეოპოლიტიკური რეალობა გაფართოების პარადიგმას ისე შეცვლის, რომ მის შედეგად კეთილდღეობის მეტი სივრცე შეიქმნება“, - დასძინა მან.
იხილეთ საჯარო ლექცია საქართველოს ევროპული არჩევანისა და მისი მნიშვნელობის შესახებ