ხათუნა ბურკაძე -  ერთიანი სახელმწიფოებრივი მიდგომების განვითარებაში გამაერთიანებელი ლიდერების როლი ფასდაუდებელია 

„103 წლის წინ, 1918 წლის 26 მაისს, ჩვენმა წინაპრებმა საერთაშორისო საზოგადოებას საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამოუკიდებლობის გამოცხადება ამცნეს. საქართველოს პირველმა დემოკრატიულმა რესპუბლიკამ  ფასეულობათა განვითარების თვალსაზრისით იმ პერიოდში დროსაც კი გაუსწრო. თუმცა ისტორიულმა უკუღმართობამ წაგვართვა ეს შესაძლებლობა. წლები ვიბრძოდით ჩვენი დამოუკიდებლობის აღსადგენად და 1991 წელს ეს შევძელით“,- ამის შესახებ ანალიტიკური ორგანიზაცია „ჯეოქეისის“ ამერიკისმცოდნეობისა და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიმართულების ხელმძღვანელმა, პროფესორმა ხათუნა ბურკაძემ განაცხადა. 

 

მისი თქმით, საქართველოს პოლიტიკური დამოუკიდებლობის ხელახლა მოპოვების შემდეგ მიეცა შესაძლებლობა გადაედგა ნაბიჯები ევროპული სახელმწიფოს მშენებლობისკენ და შესაბამისად, წინაპრების ისტორიული მიზნის საბოლოოდ განხორციელებისკენ. 

 

„მიუხედავად გამოწვევებისა, ხელოვნური ბარიერებისა, მავთულხლართებისა უნდა შევძლოთ ევროპული დემოკრატიული სახელმწიფოებრივი სისტემის ჩამოყალიბება ჩვენს აფხაზ, ოს თანამოქალაქეებთან ერთად. ამ სისტემის მიზანი უნდა იყოს საქართველოს მოქალაქისათვის უსაფრთხო, თავისუფალი, სამართლიანი  გარემოს უზრუნველყოფა, მისი უფლებების დაცვა და მისი განვითარებისათვის, კეთილდღეობისათვის შესაბამისი შესაძლებლობების შექმნა. დღეს ერთიანი სახელმწიფოებრივი მიდგომების გასავითარებლად კვლავ აუცილებელია ქართულ პოლიტიკაში მეტად გამოიკვეთოს გამაერთიანებელი ლიდერების როლი, რაც ხელს შეუწყობს ტერმინ „ჩვენის“ მნიშვნელობის ხაზგასმას და შეთანხმების მიღწევას ყველა იმ საკითხზე, რომელიც სახელმწიფოებრივად თითოეულ ჩვენგანს აერთიანებს“, - აღნიშნა ხათუნა ბურკაძემ.

 

მისი განცხადებით, წინაპრების მიერ დაწყებული საქმის წარმატებით გასაგრძელებლად  აუცილებელია სამართლის უზენაესობაზე დაფუძნებული დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერება. ასევე, რეფორმების გზით, თვისობრივად განსხვავებული მიდგომები უნდა დაინერგოს ყველა საკვანძო მიმართულებით, რათა ქვეყანამ თანამედროვე რეალობას სათანადოდ უპასუხოს.

 

„ამასთანავე, მნიშვნელოვანია,  ჩვენი პარტნიორებისათვის მკაფიოდ ჩვენება იმისა, რომ საქართველო მათთვის რეგიონში, განხორციელებული რეფორმებითა და სტრატეგიული მდებარეობით, წარმოადგენს ღირებულ მოკავშირეს. ყოველივე ეს კი ხელს შეუწყობს  საქართველოს, როგორც წარმატებული, ერთიანი სახელმწიფოს  ევროპის პოლიტიკურ რუკაზე მეტად გამოკვეთას მომავალში“, - დასძინა ხათუნა ბურკაძემ.   

 


გთხოვთ, იხილოთ ჩანაწერი
 

გააზიარე: