„ჯეოქეისის“ თანაორგანიზებით ონლაინ დისკუსია „საქართველო-აზერბაიჯანის სტრატეგიული ურთიერთობები“ გაიმართა

ანალიტიკური ორგანიზაცია „ჯეოქეისის“ თანაორგანიზებით ონლაინ დისკუსია „საქართველო-აზერბაიჯანის სტრატეგიული ურთიერთობები“ გაიმართა, რომელსაც მოდერატორობას უწევდნენ „ჯეოქეისის“ თავმჯდომარე, ვიქტორ ყიფიანი და აზერბაიჯანის დიპლომატიური აკადემიის (ADA) უნივერსიტეტის პრორექტორი, ფარიზ ისმაილზადე.


სამხრეთ კავკასიაში განახლებული პოლიტიკური ლანდშაფტის გათვალისწინებით, საქართველო-აზერბაიჯანს შორის სტრატეგიული ურთიერთობების, გაჩენილი ახალი შესაძლებლობებისა თუ გამოწვევების შესახებ იმსჯელეს მოწვეულმა სპიკერებმა, ელჩებმა თედო ჯაფარიძემ და ზურაბ გუმბერიძემ, ADA-ს უნივერსიტეტის საზოგადოებრივ და საერთაშორისო საქმეთა სკოლის დეკანმა ანარ ვალიევმა და ელჩმა, AIR Center-ის თავმჯდომარემ ფარიდ შაფიევმა. 


„ძლიერი და წარმატებული აზერბაიჯანი არის საქართველოს სტრატეგიული ინტერესი და ასევე,  ძლიერი და წარმატებული საქართველო არის აზერბაიჯანის სტრატეგიული ინტერესი და ეს შემთხვევითი არ არის. დღეს ჩვენ გვაქვს მზარდი ურთიერთკავშირი, რაც აისახება რამდენიმე მნიშვნელოვან ფაქტორში. პირველი რაც ჩვენ გვაქვს, ესაა  ტრადიციულად   ძლიერი კავშირი კულტურის დარგში, რაც ნამდვილად ყველას გვეამაყება. მეორე,  გამაერთიანებელი ფაქტორია საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც ეთნიკურად აზერბაიჯანელები არიან და ეთნიკურად ქართველი აზერბაიჯანის მოქალაქეები. ბოლოს, რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია, - ეს არის სამხრეთ კავკასიის საერთო რეგიონალური ინტერესები, მშვიდობა და სტაბილურობა, საერთაშორისო სამართლისა და წესრიგის პატივისცემა,“- განაცხადა ვიქტორ ყიფიანმა.


დისკუსიისას ელჩმა, თედო ჯაფარიძემ ისტორიულ კონტექსტში მიმოიხილა ორი ქვეყნის მეგობრული სტრატეგიული ურთიერთობების განვითარება და ამ ურთიერთობათა მნიშვნელობაზე ისაუბრა.


„საქართველოსა და აზერბაიჯანის სტრატეგიული თანამშრომლობის კვალდაკვალ, ორივე ქვეყანა რეგიონის ინტერესების გათვალისწინებით მოქმედებს და ეს უმნიშვნელოვანესია, რადგან ერთიანი ხედვის, თანაგანცდის გარეშე წარმოუდგენელია აზერბაიჯანისა და საქართველოს ქვეყნების დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტის, უსაფრთხოების, სტაბილურობის, ეკონომიკური კეთილდღეობის უზრუნველყოფა,  მსხვილი საერთაშორისო პროექტების განხორციელება,"-განაცხადა თედო ჯაფარიძემ.


მოწვეულმა სპიკერმა, ელჩმა, AIR Center-ის თავმჯდომარემ, ფარიდ შაფიევმა ყურადღება გაამახვილა ყარაბაღის ომის შემდგომ შეცვლილ ვითარებაზე რეგიონში. მან აღნიშნა, რომ აზერბაიჯანს დიდ საერთაშორისო წნეხთან გამკლავება მოუწია.


„საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის მტკიცე მეგობრული და სტრატეგიული ურთიერთობებია, რაც გამოიხატება ისტორიულ, პოლიტიკურ, ეკონომიკურ, ჰუმანიტარულ, მდგრად ურთიერთობებში. ბუნებრვია, გამუდმებით არის იმის საჭიროება რომ ორივე მხარემ ერთმანეთს დაუდასტუროს ამ მხრივ ურყევი პოზიცია. მაშინ როდესაც 27 წლის შემდეგ მოხდა აზერბაიჯანის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა, აზერბაიჯანი არა მხოლოდ რუსეთის სახელმწიფოსგან, არამედ დასავლეთის, აშშ-ის ადმინისტრაციის, საფრანგეთის და ზოგადად ევროკავშირის მხრიდანაც იყო ზეწოლის ქვეშ და სწორედ ამიტომაც უფრო მეტ შედეგზე აღარ კონცენტრირდა. ახლა კი გვაქვს ის მოცემულობა, რაც გვაქვს,“-განაცხადა დიპლომატმა. 


ელჩმა, ზურაბ გუმბერიძემ დისკუსიაში მონაწილეობისას მიმოიხილა ორი ქვეყნის ჩართულობით განხორციელებული მსხვილი საერთაშორისო პროექტები.


„ძალიან იშვიათია 10 წლის განმავლობაში 5 უმსხვილესი საერთაშორისო პროექტის განხორციელება, როგორებიცაა ევრაზიის სატრანსპორტო კორიდორი, ბაქო–სუფსას ნავთობსადენი, ბაქო-თბილისი-ერზრუმის გაზსადენი, ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენი, ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზა, რომელთა რენტაბელურობა არ დამდგარა ეჭვის ქვეშ და რომელთა წარმატება მეტად დააკავშირებს ჩვენს ქვეყნებს და მომავალ თაობებს.“ 


ვიქტორ ყიფიანმა დისკუსიის შეჯამებისას ყურადღება გაამახვილა მთიანი ყარაბაღის კონფლიქტისას საქართველოს პოზიციაზე. მან აღნიშნა, რომ მისი პირადი მოსაზრებაა რომ საკითხზე მსჯელობისას არ გავცდეთ საერთაშორისო სამართლის ფარგლებს. 


„საერთაშორისო სამართალი გვკარნახობს ქვეყნის დამოუკიდებლობისა, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის პატივისცემას. საქართველოს პოზიცია მთიანი ყარაბაღის კონფლიქტისას სწორედ რომ საერთაშორისო სამართლიდან გამომდინარეობს და ეს არის ამოსავალი. აქვე მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ საქართველოს პროდასავლურობა, ქვეყნის იმგვარი საგარეო პოლიტიკის კურსი კი არ არის, რომელიც ღილაკის დაჭერით შეიძლება შეიცვალოს; ეს არის საზოგადოებაში არსებული ფართო კონსესუსის შედეგი, მისი ცივილიზაციური არჩევანია. დღესდღეობით, საერთაშორისო ურთიერთობებში მრავამლხრივობის განახლებული ფორმები მკვიდრდება. ამ ჭრილში, მიმაჩნია, რომ რეგიონშიც ახლებური გადაწყვეტების პოვნაა შესაძლებელი. რა თქმა უნდა, იდეალური იქნება დღეს სამხრეთ კავკასიის ერთიან სამოქმედო, ეკონომიკურ სივრცის შექმნაზე საუბარი.  თუმცა, სამწუხაროდ, ახლო მომავალში,  ეს შეუძლებლად მესახება. ამიტომ, უფრო მეტად მოზანშეწონილია მაქსიმალურად გამოვიყენოთ აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის უკვე არსებული კარგი პრაქტიკა, რაც სამაგალითოა. თუ გადავხედავთ მსოფლიო რუკას, ძნელად თუ ვნახავთ ორი განსხვავებული კულტურის, რელიგიის, მაგრამ მრავალ საკვანძო ასპექტით დაკავშირებულ ორ ერს, თანაც ორივეს ასეთ რთულ რეგიონში. ერთი სიტყვით, რაც უფრო მჭიდრო სტრატეგიულ-მეგობრული ურთიერთობები დაგვაკავშირებს, მით უფრო გავაძლიერებთ ერთმანეთს. ასეთი შეკავშირებით ასევე შევზღუდავთ რეგიონის პროცესებში მავნე გარე ძალების უხეშ ჩარევასა და ჩვენთვის არასასურველი ნების თავზე  მოხვევას“- განაცხადა ვიქტორ ყიფიანმა

 

იხილეთ ვებინარის სრული ჩანაწერი 

გააზიარე: