ვიქტორ ყიფიანი ონლაინ დისკუსიაზე: ''საქართველოს ევრო-ატლანტიკური გზა - 30 წელი დამოუკიდებლობის აღდგენიდან" სიტყვით წარსდგა

„ჯეოქეისის“ თავმჯდომარე, ვიქტორ ყიფიანი ონლაინ დისკუსიაზე ''საქართველოს ევრო-ატლანტიკური გზა - 30 წელი დამოუკიდებლობის აღდგენიდან", რომელიც ნატო-სთან საქართველოს წარმომადგენლობის მიერ იქნა ორგანიზებული, მომხსენებლად მიიწვიეს.


მისიის ხელმძღვანელმა, ელჩმა ვიქტორ დოლიძემ დისკუსია მისასალმებელი სიტყვით გახსნა და მსმენელებს მიმართა. მომხსენებლებს შორის იყვნენ: ნატოში ესტონეთის დელეგაციის მუდმივი წარმომადგენელი, ელჩი, კილიკე სილასტე-ელინგი; ევროპული პოლიტიკის ცენტრის (EPC) უფროსი ანალიტიკოსი, ამანდა პოლი;  ,,ჯეოქეისის" თავმჯდომარე, ვიქტორ ყიფიანი, საქართველოში ნატოსა და ევროკავშირის საინფორმაციო ცენტრის დირექტორი, თამარა წულეისკირი.


ღონისძიებას მოდერატორობას საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსთან ინტეგრაციის დეპარტამენტის დირექტორი თორნიკე ფარულავა უწევდა.


ვებინარის მსვლელობისას, მომხსენებლებმა ისაუბრეს ნატო-ს 14 ივნისს დაგეგმილ სამიტზე, ალიანსის „ღია კარის" პოლიტიკაზე, საქართველოს ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის პროცესზე და მასში სამოქალაქო საზოგადოების როლზე, მიღწეულ პროგრესზე და ნატო-სა და ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივებზე. ასევე, სტრატეგიულ კომუნიკაციებისა და დეზინფორმაციის წინააღმდეგ სამოქალაქო გამძლეობის შესახებ.


სიტყვით გამოსვლისას, ვიქტორ ყიფიანმა ხაზი გაუსვა არა მხოლოდ ნატოს სამხედრო ასპექტებისა და უსაფრთხოების მნიშვნელობას, არამედ მის პრინციპებსა და იმ ერების ცხოვრების წესს, რომელთათვის საერთაშორისო სამართლის ნორმებისა და ეთიკის დაცვა უმნიშვნელოვანესია. მისი თქმით, ასეთ რთულ პერიოდში არ უნდა მივიჩნიოთ, რომ შექმნილი გამოწევები მხოლოდ სახელმწიფო ინსტიტუტების გადასაჭრელია. მიმდინარე პროცესებში თანაბრად მნიშვნელოვანია ყველა დაინტერესებული მხარის, მათ შორის სამოქალაქო სექტორის, აქტიური ჩართულობაც. 

 

„ჩვენ, „ჯეოქეისის“ გუნდი, მიმდინარე პროცესში  ჩვენი წილი პასუხისმგებლობითა და საქმის კეთების ჩვენებური ხელწერით ვართ ჩართული. პრაქტიკულად, ჩვენ, როგორც ქართული think tank-ი, აქტიურად ვმონაწილეობთ საქართველოს ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის პროცესთან დაკავშირებით ინფორმირებულობის გაზრდაში, ვცდილობთ, რეალური გავლენა ვიქონიოთ საქართველოში პოლიტიკასა და გადაწყვეტილებების მიღებაზე. ანალიზი სხვადასხვა მიმართულებით, ონლაინ დისკუსიები, სახელმწიფო აქტორებისათვის საჭირო ქმედებების შესახებ რეკომენდაციები, სასწავლო კურსები - ყოველივე ეს ხაზს უსვამს სახალხო დიპლომატიის როლის  მნიშვნელობას. ცხადია, რომ „ჯეოქეისის“ საქმიანობა არა მხოლოდ ,,ფიქრი" (think tank), არამედ ,,მოქმედებაცაა" (do tank). ეს უკანასკნელი კი ანალიტიკური და ინტელექტუალური საქმიანობის ორგანული და განუყოფელი ნაწილია,"- აღნიშნა ვიქტორ ყიფიანმა.


მან, ასევე, ხაზი გაუსვა საქართველოს შემთხვევის უნიკალურობას, მისი გეოპოლიტიკური მდებარეობიდან გამომდინარე შექმნილი მრავალი საფრთხისა და გამოწვევის მიუხედავად, საგარეო პოლიტიკის ძირითადი ხაზის შენარჩუნების წარმატებული მცდელობების თვალსაზრისით.


„თუმცა, არაფერია მარტივად ბოძებული. ინტეგრაციის პროცესის მდგრადობა როგორც თბილისის, ისე ნატო-ს მხრიდან ერთმანეთისაკენ სწრაფვის თანაბარ დინამიკას მოითხოვს. ეჭვგარეშეა, ეს პროცესი მნიშვნელოვან წინსვლას განიცდის, თუმცა, რეგიონის რეალობა, უსაფრთხოების თვალსაზრისით, მეტად სწრაფად, ზოგიერთ შემთხვევაში კი - მოულოდნელადაც იცვლება. ეს სწრაფი და არასასურველი ცვლილებები გვაიძულებს აღვნიშნოთ, რომ თუ ჩვენ ყველას მტკიცედ გვსურს ინტეგრაციის პროცესის ბოლომდე მიყვანა, და რა თქმა უნდა ეს ასეცაა, საჭიროა ენთუზიაზმის, გამბედაობის, სწრაფადმოქმედებისა და შემოქმედებითობის ხარისხობრივად ახალი დონე: ახლა და აქ,"- განაცხადა ვიქტორ ყიფიანმა.


ვებინარის დასასრულს, ელჩმა ვიქტორ დოლიძემ დიასკუსია შეაჯამა და ბრიუსელში ნატოს მომავალი სამიტის დროს საქართველოს სტრატეგიული პარტნიორების მხრიდან რეალური მხარდაჭერის რწმენა და იმედი გამოთქვა.

 

იხილეთ ვიქტორ ყიფიანის სიტყვით გამოსვლა ვებინარზე.
 

გააზიარე: