„ჯეოქეისსა" და თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლას (DIBS) შორის გაფორმებული ურთიერთგაგების მემორანდუმის ფარგლებში, პირველი ერთობლივი სასწავლო ღონისძიება გაიმართა. „ჯეოქეისის" სატრენინგო კურსის სტუდენტები თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლას (DIBS) სტუმრობდნენ. სტუდენტებს მისასალმებელი სიტყვით მიმართეს თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლის (DIBS) ხელმძღვანელმა, თეა ნიკოლაშვილმა და ანალიტიკური ორგანიზაცია „ჯეოქეისის“ თავმჯდომარემ, ვიქტორ ყიფიანმა.
„მოხარული ვარ, რომ ჩვენი თანამშრომლობის ფარგლებში ახალგაზრდებს ექნებათ წვდომა უმაღლესი კატეგორიის პროფესიონალებთან ერთად უაღრესად მნიშვნელოვან საკითხებზე იმსჯელონ. სატრენინგო კურსის ფარგლებში ახალგაზრდებისთვის მსგავსი გასვლითი საინტერესო ღონისძიებები რეგულარულად გაიმართება“,- აღნიშნა ვიქტორ ყიფიანმა.
სტუდენტებს თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლის (DIBS) ინსტიტუციური განვითარების სამმართველოს უფროსმა ოფიცერმა, ვიცე-პოლკოვნიკმა თეიმურაზ ბუსხრიკიძემ სამშვიდობო მისიების შესახებ ლექცია ჩაუტარა. მან სტაბილურობის ოპერაციების სპეციფიკასა და მშვიდობის დამყარების პროცესში მათ მნიშვნელობაზე ისაუბრა.
ურთიერთგაგების მემორანდუმის ფარგლებში დაგეგმილ სასწავლო ღონისძიებას, „ჯეოქეისის“ ამერიკისმცოდნეობისა და ევროატლანტიკური მიმართულების დირექტორი, ხათუნა ბურკაძე და თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლის (DIBS) დირექტორის მოადგილე ნიკოლოზ მელქაძე ესწრებოდნენ.
გასვლითი ღონისძიება სატრენინგო კურსის მეხუთე მოდულის „საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების არქიტექტურა და კანონმდებლობა" ფარგლებში განხორციელდა. მოდულს „ჯეოქეისის“ თავდაცვისა და უსაფრთხოების მიმართულების დირექტორი, გიორგი ანთაძე ხელმძღვანელობდა.
„ჯეოქეისის“ სტუნდენტურ პროგრამაში - „საგარეო პოლიტიკა და უსაფრთხოება“ მონაწილეობას იღებენ ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის საფეხურის სტუდენტები საქართველოს ექვსი უნივერსიტეტიდან.