ანალიტიკური ორგანიზაცია „ჯეოქეისის“ ვებინარების სერიის ფარგლებში და საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მხარდაჭერით, ონლაინ დისკუსია „საქართველოს ევროატლანტიკური პერსპექტივა ნატო-ს მოახლოებული სამიტის კონტექსტში“ გაიმართა. დისკუსიას მოდერატორობას „ჯეოქეისის“ თავმჯდომარე, ვიქტორ ყიფიანი, ხოლო თანამოდერატორობას ამერიკისმცოდნეობისა და ევროატლანტიკური მიმართულების დირექტორი, ხათუნა ბურკაძე უწევდა.
ონლაინ დისკუსიაზე მოწვეულ საპატიო სტუმართან, ნატო-სთან საქართველოს წარმომადგენელ, ელჩ, ვიქტორ დოლიძესთან ერთად განხილული იყო ნატო-ს ივნისის სამიტის დღის წესრიგის პრიორიტეტები, ჩრდილოატლანტიკური ალიანსის შემდგომი გაფართოების პროცესის როგორც ხელშემწყობი, ასევე შემაფერხებელი ფაქტორები, ნატო-საქართველოს თანამშრომლობის დინამიკა. დისკუსიისას განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა პანდემიის პროცესში „განახლებული არსებითი პაკეტის“ მიღების მნიშვნელობაზე, ასევე, გაიმართა მსჯელობა ქვეყნის ალიანსთან შემდგომში ინტეგრაციის მოსალოდნელი სცენარების შესახებ.
„ჯეოქეისის“ თავმჯდომარემ, ვიქტორ ყიფიანმა ალიანსის რაობასა და მსოფლიოში არსებული გამოწვევების ფონზე მის როლზე საუბრისას აღნიშნა, რომ წევრთა შორის აზრთასხვადასხვაობაა, ხოლო პრეზიდენტ ბაიდენის პირობებში სამიტის ჩატარება მეტად დამაიმედებელია, რომ ნატო თავის სულისკვეთებას დაუბრუნდება.
„ველოდებით, რომ აშშ-ის პრეზიდენტი კიდევ ერთხელ განამტკიცებს აშშ-ის ურყევ ნებას, რომ ბრიუსელისადმი ნდობა, ნატო-სადმი ნდობა არის კვლავინდებური და მხოლოდ ასეთი ურყევი ერთობით არის შესაძლებელი, რომ ნატო-მ თავის განვითარებაში მიაღწიოს ახალ მწვერვალებს და მის წინაშე არსებულ თვისობრივად განსხვავებულ ამოცანებს, როგორიცაა ტერორიზმთან ბრძოლა, არალეგალური მიგრაცია და სხვ.,“-განაცხადა ვიქტორ ყიფიანმა.
ონლაინ განხილვის მომხსენებელმა, ნატო-სთან საქართველოს წარმომადგენელმა, ელჩმა, ვიქტორ დოლიძემ ისაუბრა საქართველოს ფუნქციონალურ როლზე, რეგიონში ნატო-სთვის ჩვენი ქვეყნის ფაქტორის მნიშვნელობაზე. მან აღნიშნა, რომ მიუხედავად გამოწვევებისა საქართველო რეგიონში გამორჩეული ქვეყანაა დემოკრატიის განვითარების კუთხით. მან განაცხადა, „რეგიონში საქართველომ დაანახა სამყაროს, რომ ვართ ევროპული ქვეყანა, გვაქვს გაზიარებული ევროპული ფასეულობები და მივისწრაფით ევროინტეგრაციისა და ნატო-სთან დაახლოებისკენ.“
ვიქტორ დოლიძემ ყურადღება გაამახვილა შავი ზღვის უსაფრთხოების საკითხის განსაკუთრებულ აქტუალობაზე. მისი თქმით, ეს საკითხი როგორი მნიშვნელობითაც დღეს დგას, აქამდე არ ყოფილა. ელჩმა აღნიშნა, რომ საქართველოში ქვეყნის შიგნით განვითარებული ვითარება ჩვენს ევროატლანტიკურ პერსპექტივაზე დიდი გავლენის მქონე იქნება.
ვიქტორ დოლიძემ ისაუბრა ნატო-ს ღია კარის პოლიტიკისა და წევრების დამოკიდებულების შესახებ. მან აღნიშნა, რომ აშშ-ის პოზიცია გადამწყვეტი იქნება გადაწყვეტილების მიღებისას.
„ძალიან სასიხარულოა, რომ ღია კარის პოლიტიკა არის და რჩება ნატო-ს მომავალ დეკადაში ერთ-ერთ უმთავრეს კომპონენტად. საქართველოს მიმართ ყოველთვის იყო მხარდაჭერა, ყოველთვის იყო თანადგომა საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების პერსპექტივასთან დაკავშირებით, თუმცა ახლა სკეპტიკოსებს შორისაც კი შეცვლილია დამოკიდებულება. ძალიან დიდი მნიშვნელობა მიენიჭება ამერიკელების სიტყვას, ბაიდენის გზავნილს, ისევე როგორც ბლინკენის ორმხრივ შეხვედრებს. ძალიან მახარებს აშშ-ის წინასწარი განწყობა, რომელიც ჩანს ყველა განცხადებაში,“-განაცხადა ვიქტორ დოლიძემ.
ხათუნა ბურკაძემ განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა საქართველოს ევროატლანტიკურ პერსპექტივაზე ნატო-ს მოახლოებული სამიტის კონტექსტში და აღნიშნა: „მნიშვნელოვანია გავიაზროთ ის, თუ შემდგომი 10 წლის განმავლობაში როგორი სამოქმედო გეგმა ექნება ალიანსს. დღეს ეს არის ის პრიორიტეტული საკითხი, რომლის გარშემოც იკრიბებიან ალიანსის წევრი ქვეყნები. ნატო 2030-ის დღის წესრიგი გულისხმობს ძლიერი ორგანიზაციის კიდევ უფრო ქმედით ალიანსად ქცევას, რათა წევრმა სახელმწიფოებმა საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების ერაში, ერთობლივი შესაძლებლობების მეტად განვითარებით, თანამედროვე გამოწვევებს უპასუხონ. ჩვენ ვხედავთ, რომ ყოველდღიურად იცვლება ოპერაციების წარმოების ტაქტიკა. გვაქვს არაერთი გამოწვევა ამ პროცესში, რაც ბუნებრივია, მოითხოვს ახლებურ ხედვას. შესაბამისად, ჩვენ, როგორც სახელმწიფომ, რომლის საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტი გახლავთ ალიანსში სრულფასოვანი წევრობა, აუცილებელია გამოვკვეთოთ ქვეყნის ახალი როლი, ახალი ფუნქცია პოსტ-პანდემიურ, შეცვლილ საერთაშორისო სისტემაში. მით უფრო იმ ფონზე, რომ საერთაშორისო პოლიტიკაში გადაწყვეტილებების მიღების დროს ერთ-ერთი წამყვანი ფაქტორია ურთიერთსაჭიროებისა და საერთო ინტერესების გამოკვეთა“.
„გეოპოლიტიკურ პროცესებთან ერთად გასათვალისწინებელია ის ფაქტი, რომ ალიანსი, უპირველეს ყოვლისა, პოლიტიკური გაერთიანებაა. წევრი სახელმწიფოები ეფუძნებიან საერთო ღირებულებებს, რაც ჩვენგან მოითხოვს დემოკრატიული ინსტიტუტების კიდევ უფრო გაძლიერებას. ამასთანავე, უნდა გავაღრმავოთ სტრატეგიული კომუნიკაცია ყველა წევრ სახელმწიფოსთან, რადგან ნატო-ში წევრობის გასაღები ყველა წევრი ქვეყნის დედაქალაქშია. ჩვენ გვჭირდება ალიანსის ყველა წევრის თანხმობა. თუმცა, გამოვყოფდი განსაკუთრებით აშშ-ის როლს, რომელიც წლებია მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს ევროატლანტიკურ მისწრაფებებს და ეს ჩვენ არაერთხელ დავინახეთ“, - დასძინა ხათუნა ბურკაძემ.
„ჯეოქეისის“ თავმჯდომარემ, ვიქტორ ყიფიანმა დისკუსიის შეჯამებისას აღნიშნა, რომ „ნატო-ში საქართველოს გაწევრება უკვე გასცდა მხოლოდ ერთი ქვეყნის ფორმალური წევრობის ხასიათს. მან ბევრად ღრმა დატვირთვა შეიძინა: შეძლებს თუ არა ახლო მომავალში ჩრდილოატლანტიკური ალიანსი გადადგას ისეთი ნაბიჯი, რომლითაც საკუთარ თავს დაუმტკიცებს თავისივე პერსპექტიულობას, ხოლო ყველა ჩვენგანს კი უკვე გაკეთებული ცივილიზაციური არჩევანის სიმყარესა და უალტერნატივობას განუმტკიცებს, ამ შეკითხვაზე პასუხის გასაცემად განკუთვნილი დრო ადრინდელზე უფრო სწრაფად გარბის“.
„დღეს ბევრს ვსაუბრობთ იმის შესახებ, თუ როგორ სჭირდება საქართველოს ნატო-ს უსაფრთხოების ქოლგის ქვეშ ყოფნა, თუმცა მიმაჩნია, რომ ნატო-ს არანაკლებ სჭირდება დღეს მის რიგებში საქართველოს გაწევრიანება. ეს იქნება ნატო-ს მხრიდან მისი მორალური, რბილი ძალის დემონსტრირება და შესაბამისად, საქართველოს საშუალებით მოხდება ამ რბილი ძალის გამრავალფეროვნება და პროეცირება რეგიონზე,“- განაცხადა ვიქტორ ყიფიანმა.
იხილეთ ონლაინ დისკუსია