ხათუნა ბურკაძე - რეგიონალური მიდგომა საქართველოს, მოლდოვისა და უკრაინის ევროპულ მისწრაფებებს ხელს შეუწყობს

„აღმოსავლეთ პარტნიორობის ასოცირებული ტრიოს“ მიერ საერთო ევროპული  მისწრაფებების დეკლარირება ხელს შეუწყობს საქართველოს, მოლდოვისა და უკრაინის ევროპული მიზნების განხორციელებას და შესაბამისად, მათი ევროპული მომავლისათვის ახალი შესაძლებლობების შექმნას“, - ამის შესახებ ანალიტიკური ორგანიზაცია „ჯეოქეისის“ ამერიკისმცოდნეობისა და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიმართულების ხელმძღვანელმა, პროფესორმა ხათუნა ბურკაძემ ბათუმის საერთაშორისო კონფერენციის შედეგების შეფასებისას განაცხადა.


ხათუნა ბურკაძემ აღნიშნა: „ ,,აღმოსავლეთ პარტნიორობის ასოცირებული ტრიოს“ მიერ  ხელმოწერილი ბათუმის სამიტის დეკლარაცია ადასტურებს იმას, რომ საქართველოს, მოლდოვასა და უკრაინას ევროინტეგრაციის გზაზე აქვთ საერთო მიდგომები, რასაც მათი საერთო ისტორია და გამოწვევებიც განაპირობებენ. დაუშვებელია მესამე მხარის ჩარევა მათი საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტების განსაზღვრაში. ევროკავშირის არაწევრ ქვეყანას ვერ ექნება ვეტოს უფლება აღნიშნული სახელმწიფოების ევროპულ პერსპექტივაზე. ამასთანავე, ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის აქტიური მონაწილეობა ამ პროცესში მიანიშნებს იმაზე, რომ ევროკავშირის სტრატეგიული ინტერესია ხელი შეუწყოს რეგიონში განვითარებას, დემოკრატიული და უსაფრთხო გარემოს შექმნას“. 


როგორც ხათუნა ბურკაძემ განაცხადა, ბათუმის სამიტის დეკლარაცია მნიშვნელოვანია „აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტის“ თვალსაზრისითაც, სადაც „აღმოსავლეთის ტრიომ“ უფრო მეტად უნდა შეძლოს სამივე ქვეყნის ევროპული პერსპექტივის გამოკვეთა, განსაკუთრებით რეგიონალურ კონტექსტში. ეს კი საქართველოს, მოლდოვასა და უკრაინას მისცემს  ევროკავშირთან მეტი დაახლოებისა და ევროინტეგრაციის გზაზე ახალი ნაბიჯების გადადგმის შესაძლებლობას“. 


„თუმცა აუცილებელია ყოველდღიურად გვახსოვდეს, რომ ევროინტეგრაციის გზაზე გასაკეთებელი ბევრია. უპირველეს ყოვლისა, მნიშვნელოვანია ადამიანის ფუნდამენტური უფლებების დაცვის მექანიზმების განვითარება, მედიის თავისუფლების უზრუნველყოფა, მართლმსაჯულების სისტემის რეფორმირების გაგრძელება და დემოკრატიული ინსტიტუტების განმტკიცება. თანმიმდევრული რეფორმები ყველა საკვანძო მიმართულებით განაპირობებენ ევროკავშირის ინსტიტუტებთან მეტად დაახლოებას და საბოლოო ჯამში, ცივილიზაციური, ღირებულებითი არჩევანის მიღწევას ევროპულ ოჯახში წევრობით“, - დასძინა ხათუნა ბურკაძემ.
 

ამასთანავე, მან აღნიშნა, რომ განსაკუთრებულ პატივისცემას იმსახურებს ის ფაქტი, რომ უკრაინის პრეზიდენტმა ზელენსკიმ საქართველოში ვიზიტი  ენგურის ხიდზე მისვლით დაიწყო და ამით გამოხატა მხარდაჭერა ჩვენი ტერიტორიული მთლიანობისადმი. ასევე, მან მიუთითა იმაზე, რომ საერთო საფრთხე ოკუპაციისა და ანექსიის სახით რუსეთის ფედერაციიდან მომდინარეობს.

გააზიარე: