„ჯეოქეისის“ ონლაინ დისკუსიების სერიის ფარგლებში საჯარო ლექცია „2008 წლის აგვისტოს ომის გამოცდილების სამხედრო შემადგენლის კვლევა“ გაიმართა

„ჯეოქეისის“ ონლაინ დისკუსიების სერიის ფარგლებში საჯარო ლექცია „2008 წლის აგვისტოს ომის გამოცდილების სამხედრო შემადგენლის კვლევა“ გაიმართა.

 

„ჯეოქეისის“ ექსპერტმა, სამხედრო მეცნიერებათა დოქტორმა, გენერალ-მაიორმა (გადამდგარმა) ვახტანგ კაპანაძემ 2008 წლის ომის სამხედრო შემადგენელი, ის სამხედრო ტაქტიკური და ოპერატიული პერიპეტიები მიმოიხილა, რომლებმაც განაპირობა დამდგარი შედეგი. 

 

„საქართველო არ უნდა აყოლოდა რუსეთის ამ პროვოკაციას, რადგან არსებული ძალები და საშუალებები არ იყო გათვლილი იმ მოწინააღმდეგეზე, რომლის წინაშეც საქართველო აღმოჩნდა. სხვა ოპერატიულ გარემოებებთან ერთად, საბრძოლო დანაყოფების ეფექტიანობისთვის რა თქმა უნდა, უმნიშვნელოვანესია ხარისხი და არა რაოდენობა, მაგრამ შეირაღებულ დაპირისპირებაში არის მომენტი, როდესაც რაოდენობა იძენს ხარისხის თვისებას. რაოდენობა, რაც ჩვენ გაგვაჩნდა ნამდვილად არ იყო საკმარისი, ხარისხის ამაღლებასთან ერთად უნდა ხდებოდეს რაოდენობის რეალობის ადეკვატურად გაზრდაც,“-განაცხადა ვახტანგ კაპანაძემ.

 

ვებინარისას შეფასდა ის რეფორმები, რომლებიც ჩატარდა ან აუცილებელია ჩატარდეს საქართველოს თავდაცვის ძალების ბრძოლისუნარიანობის ასამაღლებლად. ასევე, მიმოხილული იყო რუსეთის ფედერაციის შეიარაღებულ ძალებში განხორციელებული რეფორმები.

 

„ამ ომმა სინათლეზე გამოიტანა ის რეალობა, რომ იმ პერიოდში რუსეთის შეიარაღებული ძალები იყვნენ სავალალო მდგომარეობაში. მაგალითად, მან სადესანტო დანაყოფები გამოიყენა, როგორც ქვეითი მხოლოდ იმიტომ, რომ ქვეით დანაყოფებს ამოცანის შესასრულებელი შესაბამისი კვალიფიკაცია არ ჰქონდათ. როგორც გამოჩნდა, ქართველები ტექნიკურად უფრო კარგად აღჭურვილები იყვენენ, თუმცა არსებობდა ხარვეზები თანამედროვე ტექნიკის ათვისების საკითხებში. არ ვსაუბრობ საჰაერო ძალებზე. ქართული ქვედა რგოლის სამხედრო მოსამსახურეები კვალიფიკაციით სჯობდნენ მოწინააღმდეგეს ინდივიდუალური მებრძოლის დონეზე, თუმცა ოპერაციის არასწორი დაგეგმვის და ცუდი ხელმძღვანელობის გამო ვერ განახორციელეს ამოცანა წარმატებით,“ -აღნიშნა ვახტანგ კაპანაძემ.

 

გამოცდილების კვლევის მასალები საშუალებას იძლევა თავიდან იქნას აცილებული ის შეცდომები, რომლებიც იქნა დაშვებული, ხოლო განვითარება ჰპოვოს წარმატებულმა ტაქტიკურმა თუ ოპერატიულმა ხერხებმა, რათა შეიარაღებული ძალები უფრო მომზადებული შეხვდეს ქვეყნის წინაშე მდგარ არსებულ და მომავალ გამოწვევებს.

 

„ასევე გასათვალისწინებელია ის გარემოება, რომ ომში უმნიშვნელოვანესია შიშისა და მორალის ფაქტორი. მეთაურმა უნდა შეისწავლოს შიშის ფენომენი, მართოს ის.   შიშზე თავად უნდა გაიმარჯვოს და ასევე უნდა დაეხმაროს ქვეშერმდომებს, რომ სძლიონ შიშს, ხოლო მორალის ფაქტორის გარეშე წარმატება წარმოუდგენელია“-განაცხადა ვახტანგ კაპანაძემ. 

 

იხილეთ ონლაინ ვებინარი

გააზიარე: