ხათუნა ბურკაძემ „ინტერპრესნიუსთან“ ოკუპაციის, როგორც ქვეყნის მთავარი გამოწვევისა და მისი დაძლევის გზების შესახებ ისაუბრა.
ხათუნა ბურკაძემ განაცხადა: „სახელმწიფოს მდგრადობის ღერძი, ქვაკუთხედი მის ტერიტორიულ მთლიანობაშია. საქართველოს მავთულხლართებისგან, ხელოვნური ბარიერებისგან გათავისუფლება უმნიშვნელოვანესი სტრატეგიული მიზანია, რომლის მიღწევა ერთობლივი ძალისხმევითაა შესაძლებელი. პოლარიზება, დაპირისპირება კი აფერხებს ქვეყნისათვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი მიზნების, ამოცანების განხორციელებას. ერთიანობა და რეფორმების თანმიმდევრულობა ხელს შეუწყობს ჩვენი ისტორიული არჩევანის მიღწევას და საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციას“.
მისი თქმით, აუცილებელია კონსენსუსით, კომპრომისით, ყველა მხარის ჩართულობით, თვისობრივად ახალი მიდგომებით, საკვანძო მიმართულებებით ცვლილებების განხორციელება. „ეს კი მოგვცემს შესაძლებლობას ევროპულ დემოკრატიულ სახელმწიფოდ ჩამოვყალიბდეთ, სადაც თითოეული ჩვენგანის ფუნდამენტური უფლებები დაცული იქნება და განვითარების მეტი შესაძლებლობები შეიქმნება. სწორედ ევროპულ დემოკრატიულ სისტემას შეუძლია დაარწმუნოს ჩვენი აფხაზი და ოსი თანამოქალაქეები, რომ გაერთიანებულ საქართველოში ერთად თანაცხოვრება წარმოადგენს რეალურ გარანტიას მათი იდენტობის დაცვისა და განვითარებისათვის“, - დასძინა ხათუნა ბურკაძემ.
ხათუნა ბურკაძემ პარტნიორებთან სტრატეგიული თანამშრომლობის გაღრმავების აუცილებლობაზე განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა. ასევე, დეოკუპაციის კონტექსტში მან საქართველოს მიერ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში აგვისტოს ომის საქმეზე მიღწეული წარმატების მნიშვნელობის შესახებ ისაუბრა.
„ასევე, უმნიშვნელოვანესია, გავაძლიეროთ ჩვენი უსაფრთხოების უზრუნველყოფის შესაძლებლობები, განსაკუთრებით რუსული ჰიბრიდული ომის პირობებში. აუცილებელია, ჰიბრიდულ გამოწვევებთან ბრძოლის ერთიანი, ეროვნული სტრატეგია შევიმუშავოთ, რომელშიც ასახული იქნება აღნიშნულ საფრთხეებთან გამკლავების ინსტიტუციური მექანიზმის შექმნის აუცილებლობის საკითხი. ამ თვალსაზრისით აღსანიშნავია, რომ საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებული რეზოლუცია დეოკუპაციისა და კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების შესახებ მთავრობას აღნიშნული დოკუმენტის შემუშავებისკენ მოუწოდებს, რასაც აღმასრულებელი ხელისუფლების მხრიდან შესაბამისი ნაბიჯები უნდა მოჰყვეს“, - განაცხადა ხათუნა ბურკაძემ.
გაეცანით ხათუნა ბურკაძის თვალსაზრისს