„ჯეოქეისის“ თავმჯდომარე, ვიქტორ ყიფიანი სიტყვით წარსდგა გაეროს კლიმატის ცვლილების რიგით 26-ე კონფერენციის ფარგლებში გამართულ ღონისძიებაზე (Pre-COP26 Conference), რომელიც საქართველოში ბრიტანეთისა და იტალიის საელჩოების მიერ სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის სამინისტროსთან კოორდინაციით იყო ორგანიზებული.
„Pre-COP26“ კონფერენცია ეხებოდა კლიმატის ცვლილების წინააღმდეგ ბრძოლის კონტექსტში გარემოს დაცვის ვალდებულებებს, რისკებს, შესაძლებლობებს. მის მიზანს წარმოადგენდა კლიმატის ცვლილების საკითხების გარშემო დისკუსიის წარმართვის ხელშეწყობა და ცოდნის გაღრმავება; პროცესში საქართველოს ხელისუფლების, გამოჩენილი ექსპერტებისა და დიპლომატური კორპუსის წევრების, ასევე, სამოქალაქო საზოგადოებისა და აკადემიური წრის კვალიფიციური წარმომადგენლების ჩართვის გზით, ქართველი საზოგადოების ინფორმირებულობის ამაღლება.
კონფერენცია შესავალი სიტყვით გახსნა ვიცე-პრემიერმა და საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა.
დიდი ბრიტანეთის გაერთიანებული სამეფოსა და იტალიის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩებმა საქართველოში, მარკ კლეიტონმა და ენრიკო ვალვომ, ასევე, გაერთიანებული სამეფოს COP26-ს რეგიონულმა ელჩმა, დევიდ მორანმა, დამსწრე საზგადოებას მისასალმებელი სიტყვით მიმართეს.
ვიქტორ ყიფიანი მოხსენებით წარსდგა პანელურ დისკუსიაზე სახელწოდებით "#უსაფრთხო გარემო: კლიმატი და უსაფრთხოება ევრო-ატლანტიკური სივრცეში და მის ფარგლებს გარეთ". დისკუსიას მოდერატორობას უწევდა ნიკოლა იორიო, იტალიის საელჩოს დიპლომატიური მისიის ხელმძღვანელის მოადგილე. პანელის მონაწილეებს შორის ასევე იყვნენ: პროფესორი ანდრეა მარგელეტი, საერთაშორისო კვლევების ცენტრის (Ce.S.I. რომი) თავმჯდომარე; გიორგი ჩიქოვანი, საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდის გენერალური დირექტორი (GEDF); თორნიკე ფარულავა, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს უსაფრთხოების პოლიტიკისა და ევროატლანტიკური ინტეგრაციის დეპარტამენტის დირექტორი.
ვიქტორ ყიფიანმა, სიტყვით გამოსვლისას, რეგიონულ და გლობალურ დონეზე კლიმატის ცვლილების შედეგად გამოწვეული რისკები და დესტაბილიზაციის მაპროვოცირებელი ფაქტორები მიმოიხილა.
„ამინდის მკვეთრი ცვლილებები, ტემპერატურის ზრდა, ზღვის დონის მატება, კრიზისების გახშირება და ა.შ. მხოლოდ ფიზიკური ხასიათის რისკებია. ყველა სახის ფიზიკური რისკი მასზე ინდივიდუალურად მორგებულ რეაგირებას მოითხოვს. თუმცა, მნიშვნელოვანია ის გარემოება, რომ ასეთ რისკებს ქვეყნის შიგნით არეულობები და პოლიტიკური არასტაბილურობა შეუძლიათ გამოიწვიონ, რაც ჩვენს საზოგადოებებს კიდევ უფრო დაუცველს ხდის დესტაბილიზაციის მეტი ფაქტორის წინაშე. საერთო ჯამში, სახეზე გვაქვს პრობლემის მიმართ ქვეყნის შიდა მედეგობის შემცირება, სხვადასხვა დაინტერესებულ მხარეს, ეთნიკურ ჯგუფსა თუ საზოგადების წევრებს შორის კონფლიქტების გაჩაღების ალბათობის ზრდა. ასევე, ცხადად იკვეთება რადიკალიზაცია როგორც ეროვნულ, ისე გლობალურ პოლიტიკაში“, - აღნიშნა მან.
გამოწვევებთან გამკლავების გზად, ანალიტიკოსმა კონცეპტუალური ჩარჩოს გაუმჯობესება და პრობლემებისა და შედეგების შესაწონად სათანადო ფორმულის შემუშავება გამოკვეთა, რაც სტრესის შეფასების ეფექტიან ალგორითმს დაეფუძნება და უფლებებსა და მოვალეობებს შორის პროპორციული ბალანსის დაცვას უზრუნველყოფს.
ვიქტორ ყიფიანი შავი ზღვის რეგიონსაც შეეხო და ხაზი გაუსვა საზოგადოების ცნობიერების ამაღლების აუცილებლობასა და საერთაშორისო მნიშვნელობის მქონე ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის მდგრადობას რეგიონში რისკებისა და კონფლიქტების საფრთხის შემცირების მიზნით.
„მნიშვნელოვანია ისიც, რომ კლიმატთან დაკავშირებული პრობლემების მოგვარება მხოლოდ სპეციალიზებულ უწყებებზე ან ორგანოებზე არ უნდა იყოს დამოკიდებული, აღნიშნულ გამოწვევებთან გამკლავება საერთო სამოქალაქო მზადყოფნისა და რეაგირების ამოცანად უნდა იქცეს. […] ასევე უმნიშვნელოვანესია, განვითარებულმა ქვეყნებმა თავიანთი ცოდნა და გამოცდილება გაუზიარონ განვითარებად და გარდამავალი ეკონომიკის ქვეყნებს. ამ კუთხით თანამშრომლობის წამახალისებელი ფაქტორი ძალიან მარტივია - კლიმატის ცვლილების სავალალო შედეგებს ყველა თანაბრად მოვიმკით. უკიდურესი გლობალური ურთიერთდამოკიდებულებისა და ურთიერთდაკავშირებადობის ფონზე ჩვენ ყველა, გამონაკლისის გარეშე, საკუთარ თავზე გამოვცდით და ვიგრძნობთ მის სავალალო გავლენას”- აღნიშნა მან სიტყვის დასასრულს.
ღონისძიება გაიმართა გაეროს კლიმატის ცვლილების კონფერენციის (COP26) ფარგლებში, რომელიც დიდი ბრიტანეთისა და იტალიის პარტნიორობით ჩატარდება 2021 წლის 31 ოქტომბრიდან 12 ნოემბრამდე გლაზგოში, დიდ ბრიტანეთში, ჩატარდება.
იხილეთ ვიქტორ ყიფიანი გამოსვლის ჩანაწერი