ანალიტიკური ორგანიზაცია „ჯეოქეისის“ თავმჯდომარე ვიქტორ ყიფიანი ექსპრეზიდენტ სააკაშვილის დაბრუნებისა და დაკავების ფაქტორის შესახებ უკრაინულ მედიასთან საუბრობს.
ვიქტორ ყიფიანი აღნიშნავს, რომ 9 წელი ქვეყანაში არ მყოფმა სააკაშვილმა სათანადოდ ვერ შეაფასა საქართველოში დღეს არსებული ვითარება.
„ვფიქრობ, დღეს საქართველოში საზოგადოება, ქვეყნის სასიკეთოდ, განწყობილია მოვლენების ევოლუციური და არა რევოლუციური განვითარების გზით. ეს გასათვალისწინებელი იქნება ნებისმიერი მცდელობისთვის, რომელიც მიმართული იქნება რევოლუციური ტალღის ასაგორებლად“,- განაცხადა ვიქტორ ყიფიანმა.
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი 1-ელ ოქტომბერს დააკავეს. პატიმრობაში მყოფმა სააკაშვილმა შიმშილობა გამოაცხადა, მხარდამჭერები კი ყოფილი პრეზიდენტის გათავისუფლებას ითხოვენ. იუსტიციის სამინისტრომ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის პერიოდული დაკვირვებისა და საჭიროების შემთხვევაში, შესაბამისი რეკომენდაციების წარდგენის მიზნით შესაბამის უწყებებს მიმართა.