ანალიტიკური ორგანიზაცია „ჯეოქეისის" ორგანიზებით ონლაინ დისკუსია „საქართველო და ჩრდილოეთ აფრიკა: არაღიარების პოლიტიკის კონტექსტში“ გაიმართა. ღონისძიების მიზანს წარმოადგენდა საქართველოსა და ჩრდილოეთ აფრიკის სახელმწიფოებს შორის არსებული დიპლომატიური ურთიერთობებისა და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარების პოლიტიკის მიმოხილვა.
ონლაინ განხილვის სპეციალური სტუმარი და მომხსენებელი, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი თურქეთის რესპუბლიკაში გიორგი ჯანჯღავა გახლდათ, ხოლო მოდერატორობას „ჯეოქეისის“ თავმჯდომარე, ვიქტორ ყიფიანი უწევდა.
დისკუსიისას, მონაწილეებმა ჩრდილოეთ აფრიკის სახელმწიფოებთან არაღიარების პოლიტიკის გასაძლიერებლად ქართული დიპლომატიის საქმიანობა და სამომავლო ამოცანები მრავალმხრივ გაანალიზეს, სახალხო დიპლომატიის მნიშვნელობაზე ისაუბრეს. განხილვისას, თურქეთის რესპუბლიკის როლსა და მის საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისადმი განუხრელი მხარდაჭერის პოლიტიკაზეც გამახვილდა ყურადღება.
ვიქტორ ყიფიანმა დისკუსიის დასაწყისში ჩრდილოეთ აფრიკის სახელმწიფოებზე რუსეთის ფედერაციის მზარდ გავლენაზე ისაუბრა, რის მიზეზადაც მან რუსეთის მიერ „მეხსიერებაზე დაფუძნებული დიპლომატიის“ გამოყენება და რუსეთის საბჭოთა მემკვიდრეობა დაასახელა.
„ბოლო წლებში აფრიკის კონტინენტზე გააქტიურებულია ყველა გლობალური მოთამაშე, თუმცა საქართველოსთვის არაღიარების პოლიტიკის ჭრილში, ყველაზე საინტერესო, რა თქმა უნდა, რუსეთის ფედერაციაა, რომელიც მიუხედავად იმისა, რომ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მსგავსად არ გამოირჩევა ჩრდილოეთ აფრიკის ქვეყნებთან ეკონომიკური კავშირების სიმტკიცით, მონდომებას არ აკლებს, რომ პოლიტიკური კავშირები ეკონომიკურ ჭრილში გადაიტანოს,“- განაცხადა ვიქტორ ყიფიანმა.
საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა თურქეთის რესპუბლიკაში გიორგი ჯანჯღავამ ფართოდ მიმოიხილა ქართული დიპლომატიისთვის არაღიარების პოლიტიკის წარმოების მნიშვნელობა. ელჩმა დეტალურად ისაუბრა საქართველოს საგარეო პოლიტიკის გამოწვევებსა და დიპლომატების ძალისხმევაზე არაღიარების პოლიტიკასთან მიმართებაში.
„მიუხედავად იმისა, რომ ჩვენნაირი პატარა ქვეყანა, მის ხელთ არსებული რესურსებით უამრავი გამოწვევის წინაშე დგას, ვფიქრობ, ქართველი დიპლომატების მოქმედებები თანმიმდევრული და მყისიერია. მაგალითად, სირიის მიერ ოკუპირებული ტერიტორიების აღიარების შემდგომ დიპლომატებმა აქტიური თანამშრომლობა დავიწყეთ სირიის ოპოზიციურ სპექტრთან, რომლებმაც განცხადებების სახით დაგმეს სირიის მთავრობის გადაწყვეტილება, რაც ვფიქრობ წინგადადგმული ნაბიჯია და სამომავლოდ წაადგება ჩვენს ქვეყანას. გამოვყოფდი „საპატიო კონსულის“ ინსტიტუტის პოზიტიურ როლსა და მნიშვნელობას ქვეყნებს შორის ურთიერთობების განვითარებაში და არაღიარების პოლიტიკის გაძლიერების მხრივ,“- განაცხადა ელჩმა, გიორგი ჯანჯღავამ.
დისკუსიის შეჯამებისას, ვიქტორ ყიფიანმა ხაზი გაუსვა დღევანდელ რეალობაში ქართველი დიპლომატების ძალისხმევასა და ხელშესახები შედეგების დადების სირთულეს.
„ვფიქრობ, საქართველოს მთავრობის მიერ წარმოებული საგარეო პოლიტიკის ხელშეწყობის მიზნით, მნიშვნელოვანი როლის შესრულება შეუძლია ქართული და ჩრდილოეთ აფრიკის ქვეყნებში მოქმედი ანალიტიკური ორგანიზაციების ნაყოფიერ თანამშრომლობას,“- აღნიშნა ვიქტორ ყიფიანმა.
ღონისძიების დასასრულს ვიქტორ ყიფიანმა სტუმარს მადლობა გადაუხადა საინტერესო საუბრისა და ნაყოფიერი თანამშრომლობისათვის.
იხილეთ ვებინარის ჩანაწერი