საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის მიმდინარე საკითხების შესახებ „ინტერპრესნიუსი“ „ჯეოქეისის“ ამერიკისმცოდნეობისა და ევროატლანტიკური მიმართულების დირექტორს, საერთაშორისო სამართლის დოქტორს, პროფესორს, ფლეტჩერის სამართლისა და დიპლომატიის სკოლის კურსდამთავრებულს, ჰარვარდის მოლაპარაკებების პროგრამის მონაწილეს ხათუნა ბურკაძეს ესაუბრა.
ხათუნა ბურკაძემ განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა ნატო-ს თავდაცვის მინისტერიალის შედეგებზე, აშშ-ს თავდაცვის მინისტრის ვიზიტის რეგიონალურ მნიშვნელობასა და საქართველოს მიერ დიდი სტრატეგიის შემუშავების აუცილებლობაზე ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებების მისაღწევად.
ხათუნა ბურკაძემ აღნიშნა: „დღევანდელი მოცემულობის ანალიზით შეიძლება ითქვას, რომ ქვეყნის საგარეო პოლიტიკური მიზნების მისაღწევად დიდი სტრატეგიის შემუშავება გვჭირდება, რომლის თანახმად პარტნიორების წინაშე ჩვენს საერთაშორისო მნიშვნელობას უკეთ წარმოვაჩენთ. ამისათვის საჭიროა, ვიფიქროთ გლობალურ თუ რეგიონალურ პროექტებზე, მათ შორის საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების მიმართულებით, რომლის შესაძლებლობას, მაგალითად, რამდენიმე დღის წინ ალიანსის მიერ მიღებული გადაწყვეტილება ხელოვნური ინტელექტის შესახებ იძლევა. თუმცა მსგავსი სტრატეგიის შემუშავებას არაორდინალური და ინოვაციური მიდგომები სჭირდება. დღეს ციფრულ სამყაროში მონაცემებზე ორიენტირებული სახელმწიფოები იძენენ ახალ როლსა და მნიშვნელობას. ასევე, აუცილებელია, საქართველოს, როგორც რეგიონალური ჰაბის პოტენციალის განვითარებისათვის ქვეყნის ინფრასტრუქტურული, სატრანსპორტო, ლოგისტიკური, ენერგეტიკული, საგანმანათლებლო და საფინანსო სისტემების განვითარება“.
„დემოკრატიული ინსტიტუტების განმტკიცება, კანონის უზენაესობის უზრუნველყოფა და რეფორმების განხორციელება ქვეყნის გამოკვეთილ საერთაშორისო როლთან ერთად შექმნის მყარ გარანტიებს, პარტნიორების მხარდაჭერით, მივაღწიოთ საგარეო პოლიტიკურ მიზნებს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე. მისია შესრულებადია ერთიანობითა და სწორი სტრატეგიული ხედვით“, - დასძინა ხათუნა ბურკაძემ.
გაეცანით ხათუნა ბურკაძის ინტერვიუს