„ჯეოქეისის“ თავმჯდომარე, ვიქტორ ყიფიანი სიტყვით წარსდგა უესტმინსტერის უნივერსიტეტის ქართველოლოგიის დღესთან დაკავშირებულ ყოველწლიურ კონფერენციაზე

ქართველოლოგიის დღე წარმოადგენს ყოველწლიურ ღონისძიებას, რომელიც უესტმინსტერის უნივერსიტეტში 1987 წლიდან იმართება და მიზნად ისახავს ბრიტანელი საზოგადოებისათვის საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური და კულტურული მოვლენების შესახებ ინფორმაციის მიწოდებას.
 

წლევანდელმა კონფერენციამ, რომლის მთავარი თემა იყო "საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენა: 30 წლის შემდეგ" თავი მოუყარა  დიპლომატებს, სახელმწიფო მოხელეებს, აკადემიური და ბიზნეს წრეების წარმომადგენლებს საქართველოსა და დიდი ბრიტანეთიდან. კონფერენცია დიდ ბრიტანეთსა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებულ სამეფოში საქართველოს საელჩოს მხარდაჭერით გაიმართა.

ღონისძიება საქართველოს პრეზიდენტის, ქალბატონი სალომე ზურაბიშვილის მიმართვით გაიხსნა. 
 

კონფერენციას მოდერატორობას უესტმინსტერის უნივერსიტეტის მეცნიერები თამარა დრაგაძე, ნინა ფორაქიშვილი და პროფესორი პიტერ ლიდიარდი უწევდნენ.
 

სიტყვით გამოსვლისას, ვიქტორ ყიფიანმა მოკლედ მიმოიხილა საქართველოს დამოუკიდებლობის 30 წელი და ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე ქვეყნისათვის მნიშვნელოვანი მოვლენები. მან განსაკუთრებით გაუსვა ხაზი ევროკავშირთან ასოცირებისა და 2014 წელს რატიფიცირებულ ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებებს, ასევე, 2017 წელს ევროკავშირთან უვიზო რეჟიმის ამოქმედებას. მან აღნიშნა, რომ საქართველოს საკანონმდებლო ბაზის ევროპულ სტანდარტებთან და ნორმებთან შესაბამისობაში მოყვანა დღესაც ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს და უმნიშვნელოვანესია ქვეყნის მიერ მკაფიოდ გაცხადებული მისწრაფება ევრო-ატლანტიკური უსაფრთხოების საერთო სისტემაში გაწევრიანებასთან დაკავშირებით.
 

„როგორც ბოლო წლებმა ცხადად აჩვენა, მშვიდობა და სტაბილურობა კრიტიკულად მნიშვნელოვანია. ამიტომ ვიმედოვნებთ, რომ სწორედ მშვიდობა და სტაბილურობა გააძლიერებს საქართველოს საერთაშორისო პოზიციას, უზრუნველყოფს მის შიდა მდგრადობას და ევროპასა და ევროატლანტიკურ საზოგადოებასთან ინტეგრაციის პროცესს უფრო ხანმოკლეს, უსაფრთხოს და იოლს გახდის. ჩვენ, რა თქმა უნდა, მზად ვართ, ამ მხრივ მცდელობა არ დავაკლოთ, თუმცა ჩვენი საერთაშორისო პარტნიორებისგანაც იმავეს მოველით. ეს მეტად მნიშვნელოვანია და, დიდი იმედი გვაქვს, ჩვენი მცდელობები სათანადოდ იქნება დაფასებული“, - აღნიშნა ვიქტორ ყიფიანმა გამოსვლის დასასრულს. 

გააზიარე: