„ჯეოქეისი“ „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ სამიტის შესახებ განცხადებას უკრაინულ და მოლდოვურ ორგანიზაციებთან ერთად აქვეყნებს

ანალიტიკურმა ორგანიზაცია „ჯეოქეისმა“ უკრაინულ და მოლდოვურ ორგანიზაციებთან  ერთად „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ სამიტის შესახებ განცხადება გამოაქვეყნა. განცხადების ხელმომწერები „ასოცირებული ტრიოს“ შექმნას მიესალმებიან. ისინი მიიჩნევენ, რომ 2021 წლის 17 მაისს სამი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრის მიერ ხელმოწერილი მემორანდუმი და 19 ივლისს სახელმწიფო მეთაურების დონეზე მიღებული პეტრას დეკლარაცია დასტურია ევროინტეგრაციის გზაზე რეგიონალური ხედვის მეტად განვითარებისა. საქართველოს, მოლდოვასა და უკრაინას საერთო მიდგომები აქვთ, რაც საერთო გამოწვევებითა და ისტორიითაა განპირობებული. ევროკავშირის სტრატეგიული ინტერესია ხელი შეუწყოს რეგიონში დემოკრატიულ განვითარებასა და უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფას.
 

ანალიტიკური ორგანიზაცია „ჯეოქეისის“ მიერ ინიცირებული და მომზადებული  განცხადების თანახმად, მნიშვნელოვანია, სამიტის დეკლარაციაში გაკეთდეს ჩანაწერი სამივე ქვეყნის ევროპული პერსპექტივის შესახებ. ასევე, „ასოცირებული ტრიოს“ კონტექსტში, აუცილებელია, განსაკუთრებული ყურადღების  გამახვილება ამბიციური სტრატეგიის შემუშავების აუცილებლობაზე.  ეს მისცემს მეტ სტიმულს საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის ევროპულ მომავალს. ასევე, გასათვალისწინებელია ის ფაქტი, რომ რეფორმების განხორციელებითაა შესაძლებელი ევროკავშირში ინტეგრაციის პოლიტიკური, ეკონომიკური და სამართლებრივი კრიტერიუმების დაკმაყოფილება.  შესაბამისად, განცხადების ხელმომწერები მიიჩნევენ, რომ მხარეები კვლავ გამოხატავენ მზადყოფნას გაგრძელდეს რეფორმების მხარდაჭერა ყველა საკვანძო მიმართულებით, რათა ევროკავშირში წევრობის მსურველი სახელმწიფოები კიდევ უფრო მეტად დაუახლოვდნენ ევროპულ ოჯახს როგორც პოლიტიკური, ასევე ეკონომიკური თვალსაზრისით. ამასთანავე, მნიშვნელოვანია, სამიტის მონაწილეებმა ხელახლა დაგმონ რუსეთის აგრესიული მოქმედებები, რომლებიც „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ქვეყნების წინააღმდეგაა მიმართული და კვლავ გამოხატონ მტკიცე მხარდაჭერა ამ სახელმწიფოების ტერიტორიული მთლიანობის, სუვერენიტეტისადმი. აუცილებელია, ხელახლა აღინიშნოს, რომ თანამედროვე საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური პრინციპების მიხედვით, ნებისმიერი სახელმწიფო ვალდებულია პატივი სცეს სხვა სახელმწიფოს სუვერენულ არჩევას და დაუშვებელია მესამე მხარის ჩარევა დამოუკიდებელი ქვეყნების საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტების განსაზღვრაში.
 

ცნობისათვის „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ სამიტი ამა წლის 15 დეკემბერს გაიმართება.
 

გთხოვთ, იხილოთ განცხადება 

გააზიარე: