აშშ-ს სენატორების რობ პორტმანის და ჯინ შაჰინის მიერ წარმოდგენილ 4 პუნქტიან სტრატეგიაში, ნათლად არის ასახული ყველა ის საჭირო ნაბიჯი, რომელიც უნდა გადადგას ბაიდენის ადმინისტრაციამ უკრაინაში რუსეთის შეჭრის შესაკავებლად.
დოკუმენტში ხაზგასმულია, რომ აშშ-მ მეტად უნდა გააძლიეროს უკრაინის თავდაცვითი შესაძლებლობები და მიაწოდოს მათ ისეთი შეირაღება, რომელიც მოიცავს ანტისაზენიტო, ანტისატანკო, და გემსაწინაღემდეგო სისტემებს, რაც რეალურად შეაკავებს რუსეთს დონბასში სრულმასშტაბიანი შეჭრისგან. სენატორები მოუწოდებენ აშშ-ს აღმასრულებელ ხელისუფლებას, გერმანიის ახალ მთავრობასთან აქტიური თანამშრომლობისკენ, რათა შეჩერდეს „ჩრდილოეთის ნაკადი 2“ -ს ექსპლუატაციაში შესვლა, რაც რეალურად გამოიწვევს რუსეთის გავლენის შემცირებას მთლიანად ევროპაზე.
საყურადღებოა, რომ სენატორები ხაზს უსვავენ მინსკის შეთანხმების მნიშვნელობას და მოუწოდებენ აშშ-ს პრეზიდენტის ადმინისტრაციას ყველა იმ მცდელობის ჩახშობისკენ, რომელიც მიმართული იქნება მინსკის შეთანხმების გვერდის ავლით, დონბასზე უკრაინის კონტროლის დათმობისკენ. მნიშვნელოვანია, რომ მიმართვაში ხაზგასმულია რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია. ისინი აღნიშნავენ, რომ რუსეთი უკრანიაში, როგორც საქართველოში, ცდილობს ოკუპაციის გამართლებას სეპარატისტული რეჟიმების მხარდაჭერის გზით.
აშშ-ს პოლიტიკური ელიტა კარგად აცნობიერებს, რომ რუსეთის სტრატეგიული მიზანია საბჭოთა კავშირის მოდელის რეინკარნაცია და აღმოსავლეთით ნატოს გაფართოების პრევენცია, რისთვისაც ის მეზობელ ქვეყნებზე თავისი გავლენის გასაძლიერებლად ყველა ბერკეტს იყენებს. საქართველო და უკრაინა დარჩა უკანასკნელი დასაყრდენი, რომელიც რეგიონში ნატოს ღირებულებების ერთგულია და ყოველდღიურ რეჟიმში ერბძვის ოკუპანტი რუსეთის დესტრუქციულ და პროვოკაციულ ქმედებებს. აშშ-მ და ევროპამ უნდა გაზარდოს საქართველოსა და უკრაინის სამხედრო თუ სხვა სახის მხარდაჭერა, და გადადგას ისეთი ნაბიჯები, რომელიც გააძლიერებს მათ როლს შავი ზღვის უსაფრთხოების არქიტექტურაში და ხელს შეუწყობს საქართველოსა და უკრაინის ნატოში სრულფასოვან წევრობას. ყველა ეს ქმედება რეალურად ხელს შეუშლის რუსეთის ფედერაციას თავისი სტრატეგიული ამოცანების მიღწევაში.