„ჯეოქეისის“ ორგანიზებით ვებინარი თემაზე "აპარტეიდის დემოკრატიით შეცვლის სამხრეთ აფრიკული გამოცდილება: მიღწევები, მიმდინარე გამოწვევები და გაკვეთილები გლობალური საზოგადოებისთვის" გაიმართა. ვებინარს საპატიო სტუმარი, როლფ მაიერი გაუძღვა. იგი ორგანიზაციის In Transformation Initiative (ITI) დამფუძნებელი დირექტორია, გახლდათ სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის ყოფილი მინისტრი, პოლიტიკოსი და მთავარი პირი იმ ისტორიული მოლაპარაკებების პროცესისა, რომელმაც დაასრულა აპარტეიდი.
ვებინარს მოდერატორობას „ჯეოქეისის“ თავმჯდომარე, ვიქტორ ყიფიანი უწევდა. მან სტუმარი საზოგადოებას წარუდგინა და აღნიშნა, რომ ქართველი აუდიტორიისა და ექსპერტთა წრისათვის ეს იყო პირველი ღონისძიება, რომელიც საშუალებას მისცემდა აუდიტორიას სამხრეთ აფრიკა დაენახა არა მხოლოდ აპარტეიდის დასრულების ჭრილში, არამედ გაეგო ქვეყნის შიდა პოლიტიკისა და საგარეო ურთერთობების შესახებაც.
როლფ მეიერმა მოკლედ მიმოიხილა სამხრეთ აფრიკაში აპარტეიდის რეჟიმი და მსმენელებს საკუთარი ისტორიის შესახებაც უამბო, თუ როგორ ფუნდამენტურად შეიცვალა აპარტეიდის მხარდამჭერ ძალზე კონსერვატიულ ოჯახში აღზრდილმა ადამიანმა მსოფლმხედველობა და მოგვიანებით პოლიტიკით მხოლოდ იმ მიზნით დაკავდა, რომ ქვეყანაში ცვლილებები განეხორციელებინა აპარტეიდის დასასრულებლად. ცვლილებებზე მუშაობა კი სწორედ მაშინ დაიწყო, როცა პარლამენტში მაშინდელი მმართველი პარტიის - ნაციონალური პარტიის წევრად აირჩიეს. „ზოგი ამბობს, რომ ცვლილებების მოხდენა შეუძლებელია, მე კი საკუთარ გამოცდილებაზე დაყრდნობით ვიტყვი, რომ ეს შესაძლებელია, თუ საქმისათვის თავს გადადებ და მას დიდი შინაგანი რწმენით მიუდგები“, - აღნიშნა მან.
სიტყვით გამოსვლისას, როლფ მეიერმა განსაკუთრებით გაუსვა ხაზი სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის პირველი შავკანიანი პრეზიდენტის, ნელსონ მანდელას, 1989-1994 წლებში სამხრეთ აფრიკის პრეზიდენტის, ფრედერიკ ვილემ დე კლერკისა და არქიეპისკოპოსის, დესმონდ ტუტუს ისტორიულ დამსახურებას აპარტეიდის დასრულების შემდგომ სამხრეთ აფრიკის ხალხებს შორის შერიგებისა და მშვიდობის მიღწევის კუთხით.
„თუ მსგავს ვითარებაში ლიდერობა გსურთ, მტკიცე შინაგანი რწმენა უნდა გაგაჩნდეთ, წინააღმდეგ შემთხვევაში, მხოლოდ ოპორტუნიზმით ვერ შესძლებთ დაარწმუნოთ სხვები და გაუძღვეთ მათ. ბევრი პოლიტიკოსი მინახავს, რომელთაც, შესაძლოა, კარგი განზრახვები ჰქონდათ, მაგრამ ოპორტუნისტული მიდგომებით და შინაგანი რწმენის არქონის გამო ვერაფერს გახდნენ“, - განაცხადა როლფ მეიერმა.
მან რეჟიმის ცვლილების შემდეგ პოლიტიკური ძალადობის აღმოფხვრაზეც ისაუბრა და ხაზგასმით აღნიშნა, რომ პრობლემის გარშემო სამოქალაქო საზოგადოების, პროფკავშირების, ბიზნეს საზოგადოებისა და სხვა წრეების საკუთარი ინიციატივით გაერთიანებამ შესაძლებელი გახადა კონსესუსის მიღწევა და ხელი მოეწერა ეროვნულ სამშვიდობო შეთანხმებასაც, რომლის მეშვეობითაც შეწყდა პოლიტიკური ძალადობა და მოხერხდა კონსტიტუციასთან დაკავშირებით მოლაპარაკებების დაწყება. დღესდღეობით კი საზოგადოების ბაზისურ დონეზე წარმატებით წარმოებული დიალოგის კონცეფციას სამხრეთ აფრიკა იმ ქვეყნებსაც უზიარებს, რომელთაც მსგავსი შიდა კონფლიქტები გააჩნია.
როლფ მეიერის თვალსაზრისით, სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის საზოგადოების გახლეჩილ მხარეებს შორის მოლაპარაკებების წარმატებით დასრულება სამმა ძირითადმა ფაქტორმა განაპირობა, ესენია: მოლაპარაკებების პროცესის ინკლუზიურობა, მხარეებს შორის ნდობის ჩამოყალიბება, ინიციატივებსა და შედეგებზე პასუხიმგებლობის საკუთარ თავზე აღება. შედეგად აპარტეიდის რეჟიმიდან დემოკრატიულ ფორმაციაზე მშვიდობიანი გადასვლა მოხერხდა. მისივე თქმით, ასევე მნიშვნელოვანი იყო პროცესის გამჭვირვალობა და მასში მედიის გადამწყვეტი როლი - კონსტრუქციული მიდგომა და პროგრესისადმი ინტერესი.
თუმცა, მიუხედავად ყველაფრისა, როლფ მეიერის აზრით, ისეთივე წარმატებით ვერ განხორციელდა ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკური ტრანსფორმაცია და, შესაბამისად, სამხრეთ აფრიკის ეკონომიკური მოდელი რეფორმირებას საჭიროებს.
ღონისძიების მოდერატორმა, ვიქტორ ყიფიანმა დასკვნით ნაწილში მადლობა გადაუხადა სტუმარს უაღრესად საინტერესო და ინფორმატიული ვებინარისთვის და აღნიშნა, რომ ქართველ აუდიტორიას შესანიშნავი შესაძლებლობა მიეცა უფრო დეტალურად გაცნობოდა სამხრეთ აფრიკის მშვიდობის, შერიგებისა და კომპრომისის მიღწევის გამოცდილებას. ასევე, მიეღო ძალზე პრაქტიკული რჩევები ესოდენ მაღალი ავტორიტეტისა და კომპეტენციის მქონე პირისაგან.