"ჯეოქეისის" ოფისში პრეს-კონფერენცია გაიმართა

სამოქალაქო და აკადემიური წრეების წარმომადგენლების ერთობლივი პრესკონფერენცია ანალიტიკური ორგანიზაცია „ჯეოქეისის“ ოფისში გაიმართა.


რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ სამხედრო ესკალაციის ფონზე, საქართველოს სამოქალაქო და აკადემიური წრეების წარმომადგენლები ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანს, ენტონი ბლინკენს მიმართავენ.  ისინი მადლობას უხდიან სახელმწიფო მდივანს მისი ძალისხმევისათვის ხელი შეუწყოს საერთაშორისო მშვიდობისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფას. ასევე, გამოხატავენ ღრმა შეშფოთებას რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ განხორციელებულ და მოსალოდნელ აგრესიულ მოქმედებებთან დაკავშირებით. 


 „21-ე საუკუნეში რუსეთი საქართველოსა და უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას ხელყოფს ყოველდღიურად და მისი მიზანია ე.წ. „გავლენის სფეროების“ აღდგენა.  რუსეთის სამხედრო ესკალაციის ფონზე, ჩვენ მტკიცედ ვდგავართ უკრაინელი ხალხის გვერდით და გამოვხატავთ ურყევ მხარდაჭერას უკრაინის სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისადმი. რუსეთის აგრესიული, დესტრუქციული მოქმედებები საფრთხეს უქმნის თანამედროვე საერთაშორისო წესრიგსა და დასავლურ ღირებულებებს, ფასეულობებს“, - აღნიშნულია წერილში.


ამასთანავე, წერილის ხელმომწერები განსაკუთრებულ ყურადღებას ამახვილებენ ამერიკის შეერთებულ შტატებთან სტრატეგიული თანამშრომლობის მნიშვნელობასა და საქართველო-ამერიკის 30-წლიან დიპლომატიურ ურთიერთობებზე. ისინი აღნიშნავენ, რომ ამ პერიოდის განმავლობაში ამერიკის შეერთებულმა შტატებმა მრავალმხრივი დახმარება აღმოუჩინა საქართველოს თანამედროვე, დემოკრატიული სახელმწიფოებრივი სისტემის ჩამოყალიბების თვალსაზრისით და უმნიშვნელოვანესია მისი როლი რუსეთიდან მომდინარე საფრთხეების შესაკავებლად. წერილის თანახმად, წლებია ამერიკის შეერთებული შტატები მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას. ასევე, აღსანიშნავია, რომ ქართველმა ჯარისკაცებმა ამერიკელ სამხედროებთან ერთად განსაკუთრებული წვლილი შეიტანეს საერთაშორისო მშვიდობის უზრუნველყოფაში. 


წერილის  ხელმომწერები თვლიან, რომ კრემლის მზარდი აგრესიული პოლიტიკის ფონზე, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია აშშ-საქართველოს სტრატეგიული თანამშრომლობის ქარტიის განახლება. აღნიშნულ დოკუმენტში შესატანი ცვლილებების მიზანი იქნება განსაკუთრებული ყურადღების გამახვილება რუსეთიდან მომდინარე აგრესიული მოქმედებების, მათ შორის ჰიბრიდული  საფრთხეების შემაკავებელ ღონისძიებებზე და რუსეთის საერთაშორისო სამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხებზე. ასევე, აღნიშნულ დოკუმენტში მნიშვნელოვანია აისახოს, რომ 2021 წლის ნატო-ს ბრიუსელის სამიტის გადაწყვეტილებით კვლავ ხდება ხაზგასმა იმისა, რომ  საქართველოს აქვს სუვრენული უფლება გარე ჩარევის გარეშე თავად განსაზღვროს მისი საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტები, მათ შორის ნატო-ში წევრობასთან დაკავშირებითაც. ამ ტიპის ფორმულირებები უკვე აისახა 2021 წლის 10 ნოემბერს, ვაშინგტონში, ხელმოწერილ აშშ-უკრაინის ახალ სტრატეგიული თანამშრომლობის ქარტიაში, რომელმაც 2008 წელს ხელმოწერილი ქარტია ჩაანაცვლა.


ამასთანავე, წერილის ხელმომწერები გამოხატავენ მზადყოფნას ჩაერთონ იმ ახალი ინიციატივების შემუშავების პროცესში, რომელიც ხელს შეუწყობს აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობიდან ოფიციალურად სტრატეგიულ მოკავშირეობაზე გადასვლას. ასევე, ისინი მიიჩნევენ, რომ აშშ-სთან სტრატეგიული თანამშრომლობის გაღრმავება ხელს შეუწყობს საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებების მიღწევას და აღნიშნულ გაერთიანებაში სრულფასოვანი წევრის სტატუსის მიღებას. 


იხილეთ წერილი ინგლისურ ენაზე
 

გააზიარე: