ხათუნა ბურკაძე - ვერსალის განცხადება გვაძლევს შესაძლებლობას, მთელი ძალისხმევა მივმართოთ იმისკენ, რომ ევროკომისიის დადებითი დასკვნა მოვიპოვოთ

ევროპული საბჭოს მაღალი ტრიბუნიდან მიღებული განცხადება გვაძლევს შესაძლებლობას, მთელი ძალისხმევა მივმართოთ იმისკენ, რომ ევროკომისიის დადებითი დასკვნა მოვიპოვოთ. ეს არის აუცილებელი წინაპირობა ჩვენთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებისათვის და ევროპული მომავლის უზრუნველყოფისათვის, - ამის შესახებ ანალიტიკური ორგანიზაცია „ჯეოქეისის“ ამერიკისმცოდნეობისა და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიმართულების ხელმძღვანელმა, პროფესორმა ხათუნა ბურკაძემ განაცხადა.
 

მისი განმარტებით, ევროპული საბჭოს ლიდერები ევროკომისიას მიმართავენ, რომ საქართველოსა და მოლდოვის განაცხადიც შეისწავლონ.
 

„განცხადების მე-4 პუნქტში საუბარია უშუალოდ უკრაინაზე. აღნიშნული ჩანაწერის თანახმად, ევროპული საბჭო მოუწოდებს ევროკომისიას, წარადგინოს მოსაზრება უკრაინის მიერ წარდგენილი განაცხადის შესახებ. მეხუთე პუნქტი, უშუალოდ საქართველოსა და მოლდოვის რესპუბლიკას ეხება. ამ შემთხვევაშიც ევროპული საბჭოს ლიდერები მიმართავენ ევროკომისიას, რომ საქართველოსა და მოლდოვის განაცხადიც შეისწავლონ. უკრაინასთან ერთად საქართველოსა და მოლდოვის ევროინტეგრაციის საკითხის განხილვა მიანიშნებს „ასოცირების ტრიოს“ ფორმატის მნიშვნელობაზე“, - აღნიშნა ხათუნა ბურკაძემ.
 

მისი თქმით, ევროპული საბჭოს ლიდერები მომავალშიც მიიღებენ კიდევ უფრო მეტ პრინციპულ გადაწყვეტილებას იმისთვის, რომ შეაკავონ რუსეთიდან მომდინარე აგრესიული მოქმედებები.
 

„ევროპული საბჭოს ამ განცხადებაში ასევე საუბარია იმაზე, რომ უნდა დადგეს რუსეთის საერთაშორისო სამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხი. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი გზავნილი. ევროკავშირი მიესალმება საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს პროკურორის მიერ გაკეთებულ განცხადებას იმის თაობაზე, რომ იწყება გამოძიება ომის დანაშაულებთან და კაცობრიობის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულებთან დაკავშირებით. შესაბამისად, ეს მტკიცე გადაწყვეტილებები და არსებული მოცემულობა განაპირობებს სწორედ იმას, რომ ევროპული საბჭოს ლიდერები მომავალშიც მიიღებენ კიდევ უფრო მეტ პრინციპულ გადაწყვეტილებას, რომ შეაკავონ რუსეთიდან მომდინარე აგრესიული მოქმედებები. გაუგზავნონ ძალიან მკაფიო გზავნილები რუსეთს, რომ დიახ, ისინი ყველაფერს გააკეთებენ იმისთვის, რომ ერთიანი ევროპული უსაფრთხოების არქიტექტურა იყოს უზრუნველყოფილი. ამ არქიტექტურაში, რა თქმა უნდა, სათანადო ადგილი უკრაინასთან ერთად ეკუთვნით საქართველოს და მოლდოვის რესპუბლიკას, რადგან ჩვენ წლებია ევროკავშირთან ინტეგრაციის გზაზე მივისწრაფვით იმისკენ, რომ ევროპული არჩევანი საბოლოოდ იყოს რეალიზებული და საბოლოოდ შევძლოთ ევროპული ოჯახის სრულფასოვანი წევრობა. შესაბამისად, თითოეულ ამ სახელმწიფოს ეს პროცესი აძლევს მეტ გარანტიას განვითარებისა და უსაფრთხოების თვალსაზრისით“, - განაცხადა ხათუნა ბურკაძემ.

გააზიარე: