„ჯეოქეისის“ ორგანიზებით ონლაინ დისკუსია „შავი ზღვის სტრატეგიული გარემოს სტაბილიზაციის გზები და გამოწვევები" გაიმართა  

ღონისძიება მიზნად ისახავდა რუსეთის მიერ უკრაინაში სამხედრო შეჭრის შედეგად შავი ზღვის რეგიონში მომავალი გამოწვევების და რეგიონული უსაფრთხოების ახალი წყობის, ასევე საქართველოსა და რუმინეთს შორის შესაძლო ეკონომიკური და ენერგეტიკის მიმართულებით თანამშრომლობის შესაძლებლობების შესწავლას.

 

ღონისძიებას, რომელიც რუმინეთის ლუკიან ბლაგას უნივერსიტეტის გლობალური კვლევების ცენტრთან და რუმინეთის პოლიტიკური და ადმინისტრაციული კვლევების ეროვნულ სკოლასთან თანამშრომლობით გაიმართა მოდერაციას უწევდა „ჯეოქეისის“ მკვლევარი საგარეო პოლიტიკის მიმართულებით, ნიკოლოზ ხატიაშვილი.

 

მოწვეული მომხსენებლები კი გახლდნენ ჯეოქეისის" თავმჯდომარე, ვიქტორ ყიფიანი; საქართველოს პარლამენტისაგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, ნიკოლოზ სამხარაძე; საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე, ლაშა დარსალია;  იულიან ფოტა, რუმინეთის სახელმწიფო მდივანი; ანტონია კოლიბაშანუ,    Geopolitical Futures-ის უფროსი ანალიტიკოსი, პოლიტიკისა და ადმინისტრაციული კვლვების ეროვნული სკოლის ლექტორი (რუმინეთი); ლეონელა ლეკა, უფროსი ანალიტიკოსი, გლობალური კვლევების ცენტრი, სიბიუს ლუკიან ბალაგას უნივერსიტეტი, (რუმინეთი); პროფ. სილვიუ ნატე, სიბიუს ლუკიან ბალაგას უნივერსიტეტის გლობალური კვლევების ცენტრის დირექტორი (რუმინეთი).

 

დისკუსიის მონაწილეებმა რუსეთის მხრიდან უკრაინაზე განხორციელებული სამხედრო მოქმედებების გამო შავი ზღვის რეგიონის წინაშე უსაფრთხოების თვალსაზრისით გაჩენილი ახალი საფრთხეებისა და საერთაშორისო ურთიერთობების ახალი ერის დასაწყისის შესახებ იმსჯელეს.

 

დისკუსიისას, „ჯეოქეისის“ თავმჯდომარემ ყურადღება გაამახვილა უსაფრთხოების ახალი მექანიზმების შექმნაზე, რომელიც კიდევ უფრო გააძლიერებს შავი ზღვის უსაფრთხოების არქიტექტურას, რომელიც განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს, როგორც ევროპული უსაფრთხოების მნიშვნელოვანი ნაწილი.

 

„საქართველოს პერსპექტივიდან, გვსურს აღვნიშნოთ, და ვფიქრობ უკრაინელებიც დაგვეთანხმებიან, რომ როდესაც ევროპის ან ევროატლანტიკური უსაფრთხოების ახალ მოდელზე ვსაუბრობთ, უნდა გავითვალისწინოთ, რომ ასეთი მოდელი ვერ იქნება წარმატებული საქართველოსა და უკრაინის გარეშე. თუ ცხოვრებას იმავე გეოპოლიტიკურ ვაკუუმში გავაგრძელებთ, ევროპელი ლიდერებიც დარჩებიან ჩვეული კომფორტის ზონაში და ამასთანავე, უსაფრთხოებას მიიღებენ, როგორც მარტივად ბოძებულს (თუმცა, ამ ყველაფერს მარტივად ბოძებულს უკვე ვეღარ ვუწოდებთ), ვფიქრობ, ევროპის ახალ წესრიგზე საუბარი უბრალოდ თავის მოტყუება იქნება, და როგორც ბატონმა სილვიუ ნატემ აღნიშნა, ეს მხოლოდ დროებით მოგვგრის შვებას შემდგომი სრულმასშტაბიანი აგრესიის ფაქტამდე.“- აღნიშნა მან.

 

დასასრულს დისკუსიის მონაწილეებმა ხაზი გაუსვეს მსგავსი განხილვებისა და დიალოგის მნიშვნელობას საქართველოსა და რუმინეთს შორის ურთიერთობების გაღრმავების ხელშეწყობის, ასევე საერთო მიზნების, ამოცანების მიღწევის კუთხით. გამოითქვა მზაობა ანალოგიური ფორმატის ღონისძიებების კვლავ გასამართად.

 

იხილეთ დისკუსია სრულად

გააზიარე: