ხათუნა ბურკაძე: უკრაინამ მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლოშიც შეძლო თავისი სიმართლის დამტკიცება

უკრაინის მიმართვის საფუძველზე გაეროს მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლოს 13-მა მოსამართლემ მიიღო გადაწყვეტილება დროებით ღონისძიებებთან დაკავშირებით და რუსეთის ფედერაციისგან სამხედრო მოქმედებების შეჩერება მოითხოვა. ამასთანავე, მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების თანახმად, რუსეთმა დაუყოვნებლივ უნდა უზრუნველყოს, რომ მის მიერ მხარდაჭერილი ან კონტროლირებადი სამხედრო და არარეგულარული შეიარაღებული ძალები, კრემლის ხელმძღვანელობის ან გავლენის ქვეშ მყოფი ორგანიზაციები ან პირები სამხედრო მოქმედებებში მონაწილეობას შეწყვეტენ და არ გადადგამენ ისეთ ნაბიჯებს, რომლებიც გამოიწვევს ვითარების ესკალაციას. ამ გადაწყვეტილებით თავისუფლებისათვის მებრძოლმა უკრაინამ მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლოშიც შეძლო თავისი სიმართლის დამტკიცება, - ამის შესახებ ანალიტიკური ორგანიზაცია „ჯეოქეისის“ ამერიკისმცოდნეობისა და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიმართულების ხელმძღვანელმა, პროფესორმა ხათუნა ბურკაძემ განაცხადა.
 

„საერთაშორისო სამართლებრივი თვალსაზრისით გაეროს მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლოს გადაწყვეტილება საერთაშორისო არენაზე კიდევ უფრო მეტად ამყარებს უკრაინის პოზიციებს და მიანიშნებს რუსეთის მიერ გაეროს წესდების, საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლისა და სხვა ფუნდამენტური საერთაშორისო ნორმების ხელყოფაზე. ამ გადაწყვეტილებას პრეცედენტული მნიშვნელობა აქვს, რაც საქართველოსთვისაც, როგორც რუსეთის აგრესიული მოქმედებებით დაზარალებული სახელმწიფოსათვის არის საფუძველი იმისა, რომ ახალი შემართებით საერთაშორისო სასამართლოებში კიდევ უფრო მეტ წარმატებებს მიაღწიოს“, - განაცხადა ხათუნა ბურკაძემ.
 

„დღეს ჩვენ ვხდებით მოწმენი იმისა, რომ რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ განხორციელებულმა და მიმდინარე ფართომასშტაბიანმა სამხედრო ქმედებებმა გააერთიანა წესების ერთგული, დამცველი ყველა აქტორი, მათ შორის ამ პროცესში ჩართულია ჰააგის ორი მუდმივმოქმედი საერთაშორისო სასამართლო: მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლო და საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლო. მისასალმებელია საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს პროკურორის შემართება დროულად მოხდეს მტკიცებულებების შეგროვება უმძიმეს დანაშაულებთან დაკავშირებით, რათა დადგეს ინდივიდუალური საერთაშორისო სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხი. 21-ე საუკუნეში უკრაინაში მცხოვრები ბავშვების, მშვიდობიანი მოსახლეობის სიცოცხლე საფრთხეშია. ყველა სათანადო ზომის გამოყენებით ცივილიზებულმა სამყარომ ბოროტების მანქანა უნდა შეაჩეროს და ყველა დამნაშავემ საერთაშორისო სისხლის სამართლებრივი წესით პასუხი უნდა აგოს, რაც გრძელვადიანი მშვიდობისათვის აუცილებელი პირობაა“, - აღნიშნა ხათუნა ბურკაძემ.

გააზიარე: