საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისის მიწვევით, ანალიტიკური ორგანზაცია „ჯეოქეისის“ თავმჯდომარე, ვიქტორ ყიფიანი ევროკავშირის ერთიანი უსაფრთხოებისა და თავდაცვის პოლიტიკის და კრიზისების მართვის მიმართულების მმართველ დირექტორს, პაველ ჰერჟინსკის, ევროკავშირის სამხედრო პერსონალის დეპარტამენტის გენერალურ დირექტორს, ვიცე-ადმირალ ერვე ბლეჟანს და მისი გუნდის წევრებს შეხვდა.
შეხვედრა ორგანიზებული იყო მაღალი დონის ვიზიტის ფარგლებში, რომელიც თბილისში 28-31 მარტს შედგა. ვიზიტის მიზანს საქართველოსა და ევროკავშირს შორის თავდაცვისა და უსაფრთხოების საკითხების შესახებ კონსულტაციების გამართვა წარმოადგენდა.
შეხვედრას, რომელიც დახურულ კარს მიღმა შედგა, საქართველოს სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებიც ესწრებდნენ. მონაწილეებმა რეგიონში მიმდინარე მოვლენები, რუსეთ-უკრაინის ომიდან გამომდინარე საქართველოსა და რეგიონის წინაშე მდგარი საფრთხეები განიხილეს.
„დღეს, როცა გეოპოლიტიკური სიტუაცია ასე დაძაბული და არამდგრადია, მეტად მნიშვნელოვანია არასამთავრობო და სამოქალაქო სექტორი აქტიურად იყვნენ ჩართულნი ქვეყნის წინაშე მდგარი გამოწვევების იდენტიფიცირების, მათი პრევენციისა და აღმოფხვრის მექანიზმების შემუშავების პროცესში. მსგავსი ფორმატის შეხვედრებს, რომელთა დროსაც მოხდება სხვადასხვა აქტუალურ საკითხზე მსჯელობა და მოსაზრებათა გაცვლა, არსებითი მნიშვნელობა აქვს პრობლემების მოგვარების ეფექტიანი სტრატეგიის შემუშავებისათვის. ამ მხრივ კი ჩვენი ქვეყნის პარტნიორებთან მჭიდრო და კონსტრუქციული თანამშრომლობა უმთავრესია,“ - განაცხადა ვიქტორ ყიფიანმა.