ანალიტიკური ორგანიზაცია „ჯეოქეისის“ სტუდენტური სასწავლო პროგრამის - „საგარეო პოლიტიკა და უსაფრთხოების საკითხები“ - მორიგი კურსის ფარგლებში ამერიკისმცოდნეობისა და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიმართულების ხელმძღვანელმა, პროფესორმა ხათუნა ბურკაძემ სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტებს პირველი ლექცია უკრაინის მედეგობასა და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მნიშვნელობაზე ჩაუტარა. ინფორმაციას „ჯეოქეისი“ ავრცელებს.
ხათუნა ბურკაძის თქმით, „ღირებულებებისათვის ომში უკრაინამ მსოფლიოს წარმოუდგენელი სიმტკიცე, შეუპოვრობა აჩვენა და უკრაინის მედეგობა უმნიშვნელოვანესი ფაქტორია წესებისადმი ერთგული ყველა აქტორის გასაერთიანებლად და თავისუფლებისათვის ბრძოლაში გასამარჯვებლად“.
„რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ განხორციელებული ფართომასშტაბიანი სამხედრო მოქმედებების ფონზე, კვლავ გავხდით მოწმენი იმისა, თუ როგორი მოწყვლადია საერთაშორისო უსაფრთხოების სისტემა. გაერთიანებული ერების ორგანიზაციის უშიშროების საბჭოს მუდმივმა წევრმა ქვეყანამ - რუსეთის ფედერაციამ ხელახლა დაარღვია გაერო-ს წესდების მე-2 ფუნდამენტური მუხლი და გამოიყენა ძალა სუვერენული უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფისა და მთელი რიგი აგრესიული მოქმედებების განსახორციელებლად“,- განაცხადა ხათუნა ბურკაძემ.
მისი თქმით, ისტორიამ აჩვენა, რომ ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების მე-5 მუხლის საფუძველზე შექმნილმა კოლექტიური თავდაცვის სისტემამ წლების განმავლობაში შეძლო ჯერ საბჭოთა კავშირიდან და შემდეგ რუსეთიდან მომდინარე საფრთხეების შეკავება. როგორც ის აღნიშნავს, რუსეთს ძალის დემონსტრირების ენა ყველაზე უკეთ ესმის და გაცნობიერება იმისა, რომ ალიანსის 30-ი წევრი სახელმწიფოდან ერთ-ერთზე თავდასხმა ტოლფასია სხვა დანარჩენებზე თავდასხმისა, იქცა ყველაზე ქმედით შემაკავებელ ინსტრუმენტად არაქმედითი გლობალური კოლექტიური უსაფრთხოების სისტემის პარალელურად.
„სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია უკრაინისა და საქართველოს ალიანსში წევრობა. ორივე სახელმწიფო ამას იმსახურებს, ორივე ქვეყნის გმირმა ჯარისკაცებმა მთელს მსოფლიოს აჩვენეს მათი თავდადება მშვიდობისა და უსაფრთხოებისადმი. უნდა დასრულდეს საკითხების ბიუროკრატიულ ჭრილში განხილვა. ლიბერალური წესრიგის დაცვა ამჟამად თვისებრივად განსხვავებული მიდგომების განვითარებასა და მეტი გაბედული გადაწყვეტილების მიღებას მოითხოვს“, -აღნიშნა ხათუნა ბურკაძემ.
მისივე თქმით, „ამ ურთულეს გარემოში თავისუფლებისათვის მებრძოლი უკრაინა ახალ ისტორიას ქმნის, რომელიც უნდა გახდეს საფუძველი ისეთი საერთაშორისო წესრიგის ჩამოყალიბების, სადაც საერთაშორისო სამართლებრივ ნორმებზე მაღლა არ დადგება კონკრეტული ლიდერის პოლიტიკური ინტერესი და ერთ სახელმწიფოს არ გაუჩნდება სურვილი ხელყოს მეორე სახელმწიფოს დამოუკიდებლობა“.