„ჯეოქეისის“ თავმჯდომარემ, ვიქტორ ყიფიანმა, „ქრონიკასთან“, საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების შესაძლებლობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ამის შანსი 50/50-ზეა.
„ჩემი გადმოსახედიდან, დადებითი და უარყოფითი გადაწყვეტილების ალბათობა 50/50-ზეა. თუ ევროპა გადაწყვეტილების მიღებაში იდეალიზმის ნორმებს მიჰყვება, შესაძლებელია, უარყოფითი გადაწყვეტილების მიღების ალბათობა უფრო მეტი იყოს. თუ ჩვენ იმაზე ვსაუბრობთ, რამდენად დააკმაყოფილა საქართველომ ყველა მოთხოვნა, თავისთავად ცხადია, რომ ჩვენ გვაქვს საფუძვლიანი მოლოდინი, რომ ჩვენდამი პოზიტიური გადაწყვეტილება იყოს, მაგრამ არ დაგვავიწყდეს, რომ რომ არა უკრაინის ომი, ჩვენ 2024 წელს ვაპირებდით განაცხადის შეტანას. აქედან გამომდინარე, უკრაინაში მიმდინარე ომით, დროის ძალიან დიდი მონაკვეთი მოიჭრა. მეორე მხრივ, თუ ახლა ევროპა პრაგმატულად, რაციონალურად შეხედავს ამ გადაწყვეტილების მიღებას და გაიაზრებს, რომ ხშირად, იდეალიზმზე რაციონალიზმი და ინტერესთა თანხვედრა სჭარბობს, ცხადია, დოკუმენტურად გამაგრებულ წარმატებასთან დაკავშირებით, ქართული რეფორმების სვლა და ასოცირების შეთანხმების შესრულება განიზომება, ცხადია, ჩვენი მოლოდინი, რომ ეს გადაწყვეტილება პოზიტიური იყოს, ბევრად უფრო მყარი და მტკიცეა“, - აღნიშნა ვიქტორ ყიფიანმა.
„ჯეოქეისის“ თავმჯდომარემ, ბრატისლავას სამიტზე საუბრისას აღნიშნა: „თუ 24 თებერვლამდე ყოველ ასეთ შეხვედრას თავისთავად, ცხადია ჰქონდა მნიშვნელობა, 24 თებერვლის ომის შემდეგ, ამას გაათმაგებული და გაასმაგებული მნიშვნელობა აქვს უკრაინაში მიმდინარე საომარი მოქმედებების ფონზე. ჩვენ გაგვაქვს ჩვენი სათქმელი და ვაძლევთ საშუალებას ჩვენს ევროპელ პარტნიორებს, უკეთ გაიგონ, რა არის ქართული ნარატივი, არამედ ამ მსჯელობების ფონზე, ჩვენც გავიგოთ, როგორი არის ტენდენციები, მიდგომები იმ მომავალი უსაფრთხოების სისტემისა, რომელზეც დღეს ძალიან ნაკლები ინფორმაციაა. დროა დაიწყოს და გაიხსნას დისკუსიები პოლიტიკურ მომავალზე და არა მხოლოდ სამხედრო მოქმედებათა მიმდინარეობაზე“.
„ამ საკითხის ირგვლივ გამართული ვნებათაღელვა ხშირად, შიდაპოლიტიკური კონიუნქტურის გამძაფრების მომასწავებელია - ძალაუფლების გადაბარების, ხელში აღებისა ან ასე შემდეგ. არის საკითხები, სადაც ერთხელ და სამუდამოდ ყველა პოლიტიკური ძალა უნდა იყოს გაერთიანებული ერთი ასპექტის გაცნობიერებაში - ევროკავშირში ჩვენი გაწევრიანება, თუნდაც კანდიდატის სტატუსის მოპოვება არის საზიარო გადაწყვეტილება. თუ ეს გადაწყვეტილება უარყოფითი იქნება, ჩვენ ყველა ვიქნებით დამარცხებული ამ პროცესში. თუ იქნება პოზიტიური, ჩვენ ყველანი გამარჯვებული ვიქნებით. დროა, ქართულმა საზოგადოებამ, უპირველესად, მისმა პოლიტიკურმა სპექტრმა, რადგან ასე მგონია, ხშირად საზოგადოებას უკეთ ესმის ამოცანა, ვიდრე პოლიტიკურ სპექტრს, გაიაზროს სიმწიფე პოლიტიკურ საკითხებთან დაკავშირებით. ერთიანობა გაცილებით უფრო უკეთესი გზავნილია, ვიდრე კინკლაობა, რასაც ჩვენ ხშირად ტელეეთერებში ვხედავთ“, - აღნიშნა ყიფიანმა.