ნიკოლოზ ხატიაშვილი GLOBSEC-ის ბრატისლავას გლობალური უსაფრთხოების ფორუმს აფასებს

ანალიტიკური ცენტრის „ჯეოქეისის“ მკვლევარი საგარეო პოლიტიკის მიმართულებით, ნიკოლოზ ხატიაშვილი GLOBSEC-ის ბრატისლავას გლობალური უსაფრთხოების ფორუმს აფასებს. 


„გლობსეკი-ს ფორუმი წარმოადგენს ევროპის ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან ფორუმს, სადაც სხვადასხვა ქვეყნის ლიდერები, პოლიტიკოსები, მკვლევარები და საერთაშორისო ექსპერტები იკრიბებიან და განიხილავენ უსაფრთხოების ყველაზე მნიშვნელოვან საკითხებს, გლობალურ გამოწვევებსა და მათი გადაჭრის გზებს. წლევანდელი ფორუმის მთავარ თემას წარმოადგენდა რუსეთის მიერ უკრაინაში წარმოებული ომი და აგრესია, ასევე, ევროპის უსაფრთხოების მომავალი. მნიშვნელოვანია, საქართველოსთვის ისეთი მოვლენების წინ, როგორიც არის ნატო-ს მადრიდის სამიტი და საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭების შესახებ გადაწყვეტილება, საქართველო წარმოდგენილიყო აღნიშნულ ფორუმზე მთავრობის წევრებით და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებით, რადგან ფორუმი იძლევა საშუალებას, რომ გაიმართოს შეხვედრები და შედგეს პირდაპირი კომუნიკაცია ისეთ ადამიანებთან, რომლებიც დიდ როლს თამაშობენ საერთაშორისო პოლიტიკური დღის წესრიგის ჩამოყალიბებაში და მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებაში“,- განაცხადა ნიკოლოზ ხატიაშვილმა.

 
ნიკოლოზ ხატიაშვილის თქმით, მას, როგორც ფორუმის მონაწილეს ჰქონდა შესაძლებლობა, პირველი პირებისგან მოესმინა გზავნილები ევროპის უსაფრთხოების მომავალთან და უკრაინაში მიმდინარე რუსულ აგრესიასთან დაკავშირებით. 


„აშკარაა, რომ რუსეთის თავდასხმამ უკრაინაზე თავდაყირა დააყენა მთელი საერთაშორისო სისტემა და გამოიკვეთა რიგი პრობლემებისა, რომლებიც ითხოვენ მყისიერ გადაწყვეტილებებს. ევროპა ერთიანია, როგორც არასდროს უკრაინის ირგვლივ და იმედი მაქვს, რომ ერთიანი ძალისხმევით შესაძლებელი იქნება რუსეთის შეჩერება, უკრაინაში ომის შეწყვეტა და მისი ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა.  


ახალი გეოპოლიტიკური რეალობა მოითხოვს ევროპის მხრიდან მტკიცე ნაბიჯებს და ახალ მიდგომებს, რომლებიც  მომავალში აღარ მისცემს აგრესორ რუსეთს უკრაინაში ჩადენილი დანაშაულის განმეორების საშუალებას. ევროპელი ლიდერები კარგად აცნობიერებენ, რომ რაც დღეს ხდება უკრაინაში, რუსეთის აგრესიული და იმპერიალისტური პოლიტიკის გაგრძელებაა, რომელიც მან დაიწყო საქართველოში 90-იან წლებში და გააგრძელა 2008 წელს, რაც საბოლოო ჯამში დასრულდა საქართველოს ტერიტორიების 20%-ის ოკუპაციით,“-განაცხადა ნიკოლოზ ხატიაშვილმა. 


ნიკოლოზ ხატიაშვილის აზრით, უკრაინაში მიმდინარე ომმა ცხადყო, რომ საქართველოს გარეშე შეუძლებელი იქნება ევროპის და შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოების ახალი წესრიგის ჩამოყალიბება. 


„ერთ-ერთი  მიმართულება რაშიც იკვეთება საქართველოს მნიშვნელოვანი როლი, არის გეოპოლიტიკური პოტენციალი, რომლითაც მას შეუძლია აგრესორი რუსეთის გვერდის ავლით, ევროკავშირის ქვეყნებისთვის ენერგო რესურსების და საქონლის ახალი სატრანზიტო დერეფნების განვითარება, რაც ევროპის გრძელვადიან სტრატეგიულ მიზანს წარმოადგენს. სწორედ ფორუმის მსვლეოლობისას მოვისმინე ეს გზავნილები ევროპელი ლიდერებისგან. მნიშვნელოვანია, რომ ევროკავშირმა მიიღოს ლოგიკური და პრაგმატული გადაწყვეტილება და საქართველოს მიანიჭოს ევროკავშირის კანდიდატი წევრის სტატუსი. ფორუმზე გაჟღერებული გზავნილები და მასში მონაწილეთა განწყობები იძლევა ოპტიმიზმის საფუძველს, რომ საქართველო მიიღებს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსს, რაც მნიშვნელოვანი გზავნილი იქნება აგრესორი რუსეთისთვის, რომ ევროპა და მთლიანად ცივილური სამყარო დგას საქართველოს გვერდით. სწორედ საქართველოს უსაფრთხოების და მდგრადი განვითარების უალტერნატივო გარანტიაა ქვეყნის ევროკავშირსა და ნატო-ში წევრობა“,-განაცხადა ნიკოლოზ ხატიაშვილმა. 
 

გააზიარე: