ანალიტიკური ცენტრის „ჯეოქეისის“ ხელმძღვანელი, ვიქტორ ყიფიანი საქართველო-ოქსფორდის ფორუმის საინაუგურაციო ღონისძიებაზე მომხსენებლად მიიწვიეს. ფორუმი ჰიბრიდულ ფორმატში 2022 წლის 10 ივნისს, ოქსფორდის უნივერსიტეტის წმ. ანტონის სახელობის კოლეჯში ჩატარდება. ღონისძიების ორგანიზატორია საქართველოს საელჩო დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებულ სამეფოში, ოქსფორდის უნივერსიტეტის გლობალური და რეგიონალური კვლევების სკოლასთან (OSGA) და საქართველოს შოთა რუსთაველის სახელობის ეროვნულ სამეცნიერო ფონდთან ერთად თანამშრომლობით.
ფორუმზე საქართველოსა და გაერთიანებულ სამეფოს შორის დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის 30 წლის იუბილე აღინიშნება. ღონისძიების მთავარი თემაა: „საქართველოს როლი ევროპასა და მის ფარგლებს გარეთ“, რაც მიმდინარე მოვლენებსა და თანამედროვე კვლევებს შეეხება. ფორუმში მონაწილეობას მიიღებენ მაღალი დონის სამეცნიერო წრის წარმომადგენლები, პოლიტიკოსები, დიპლომატები, კულტურის, სამოქალაქო საზოგადოებისა და კერძო სექტორის წარმომადგენლები. ფორუმზე ასევე, სიტყვით წარსდგება საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, ილია დარჩიაშვილი და საქართველოს ელჩი დიდ ბრიტანეთში, სოფიო ქაცარავა. მონაწილეები საქართველო-დიდი ბრიტანეთის ურთიერთობებს, შესაძლებლობებსა და გამოწვევებს, ასევე ევროპულ, რეგიონულ და გლობალურ პრობლემებსა და ტენდენციებზე ერთობლივი რეაგირების პერსპექტივებს განიხილავენ.
ვიქტორ ყიფიანი მოხსენებით წარსდგება გამხსნელ საპანელო განხილვაზე სახელწოდებით „საქართველო, როგორც დიდი ბრიტანეთის სტრატეგიული პარტნიორი“. დისკუსია შეეხება სტრატეგიულ და რეგიონული უსაფრთხოების საკითხებს და იმ მთავარ როლს, რომელიც დიდ ბრიტანეთსა და ფართო საერთაშორისო საზოგადოებას შეუძლიათ შეასრულონ რეგიონის სტაბილურობისა და უსაფრთხოებისათვის.
ფორუმის მიზანს წარმოადგენს როგორც ორ ქვეყანას შორის პარტნიორული ინიციატივების გაღრმავება და გაძლიერება, ასევე, საქართველოსა და შავი ზღვის ფართო რეგიონში მიმდინარე მოვლენების შედარებითი ანალიზის განვითარების ხელშეწყობა.