რეზოლუციამ შექმნა არც თუ სახარბიელო ემოციური ფონი, მაგრამ შეიძლება, ევროპის აღმასრულებელ ინსტიტუტებში მოხდეს ამ დამოკიდებულების გარდატეხა და ჩვენ მივიღოთ აბსოლუტურად სხვა განვითარება, – ასე უპასუხა უპასუხა ანალიტიკური ცენტრის „ჯეოქეისი“ თავმჯდომარემ, ვიქტორ ყიფიანმა საქართველოს პირველი არხის გადაცემის „თავისუფალი ხედვა“ წამყვანის შეკითხვას, რა გავლენა შეიძლება, ჰქონდეს ევროპარლამენტის რეზოლუციას ევროკავშირის გადაწყვეტილებაზე.
„თავისთავად ცხადია, რეზოლუციამ შექმნა არც თუ სახარბიელო ემოციური ფონი. ჩვენ რომ ვთქვათ, რომ ამას ყურადღება არ უნდა მიექცეს, რა თქმა უნდა, ეს არასწორი და არაობიექტური შეფასება იქნება, თუმცა მე მაინც იმედი მაქვს, რომ ევროპის პარლამენტში, როგორც საკანონმდებლო ორგანოში დებატების თავისუფლების ხარისხი და ის ტექნოკრატიული ფარგლები, ის რეალისტური მიდგომა, რაც შეიძლება, უკვე სხვა ბიუროკრატიულ ინსტიტუტებში იყოს, უფრო აღმასრულებელში – ევროპული საბჭო, ევროკომისია, სხვაა. შეიძლება, აქ მოხდეს ამ დამოკიდებულების გარდატეხა და ჩვენ მივიღოთ აბსოლუტურად სხვა განვითარება. მით უმეტეს, დასკვნით ნაწილში, მიუხედავად არაერთი დეკლარირებისა და ზოგან საეჭვო განცხადებისა, ევროპარლამენტი მაინც მოუწოდებს, რომ საქართველოსთან მიმართებაში ჩვენი განაცხადი მხარდაჭერილი იყოს“, – განაცხადა ყიფიანმა.
გიორგი გვიმრაძის შეკითხვაზე, რით არის გამოწვეული ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების განსხვავებული მიდგომები სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით, ვიქტორ ყიფიანმა განაცხადა, რომ ის ქვეყნები, რომლებიც რუსეთის ფედერაციას ესაზღვრებიან, აბსოლუტურად სხვაგვარად აღიქვამენ გამოწვევებს და რისკებს, ვიდრე ის ქვეყნები, რომლებიც რუსეთის ფედერაციასთან დაშორებულია.
„თვითონ ევროკავშირის ჩამოყალიბება ჯერ კიდევ პროცესშია. როგორც ქმედითი მობილური ორგანიზმი, დღეს ევროკავშირი არ გამოირჩევა მობილურობის იმ ხარისხით, როგორი ხარისხითაც უნდა გამოირჩეოდეს თანამედროვე პირობებში და ეს ხარისხის უქონლობა, სხვათა შორის, იმითაც არის განპირობებული, რომ რაც უფრო დაშორიშორებულია ქვეყანა რუსეთის ფედერაციასთან, ამ კონფლიქტურ ზონებს, მით უფრო განსხვავებულია მისი მხრიდან რისკისა და საფრთხეების აღქმა. შესაბამისად, ნახეთ, როგორ საინტერესო დაყოფას ვუყურებთ – ის ქვეყნები, რომლებიც რუსეთის ფედერაციას ესაზღვრებიან, აბსოლუტურად სხვაგვარად აღიქვამენ ამ გამოწვევებს და რისკებს. ამიტომ, შეიძლება, ეს ჩვენ ერთიანი ევროპული ხედვის არარსებობასაც დავაბრალოთ, რომელიც მათთვისაც ხელის შემშლელია და ჩვენც გვიქმნის პრობლემებს“, – განაცხადა ყიფიანმა.
ვიქტორ ყიფიანმა ასევე განაცხადა, რომ ყველაზე უმადური და არასწორი საქმეა სამ ქვეყანას შორის კონკურენციის გამართვა, საუბრის დონეზე, ან საქმით.
„გარკვეულწილად, ის ნაბიჯები, რომელიც დღეს, გუშინ, ან გუშინწინ მოვისმინეთ ოფიციალური კიევის მხრიდან, არ არის ჯანსაღი და ჯანმრთელი. ვფიქრობ, ჩვენი სამეულის ერთობა, „ასოცირებული ტრიოსი“, მაქსიმალურად შესანარჩუნებელია ამ თვალსაზრისით“, – განაცხადა ყიფიანმა.
შეკითხვაზე, რა შეიძლება, მოჰყვეს კანდიდატის სტატუსზე უარს საქართველოს შიგნით, ყიფიანმა აღნიშნა, რომ თუ უარი მივიღეთ, პირველი რეაქცია ემოციური შოკი იქნება და ამ ემოციური შოკის ჯანსაღად გადატანაში ძალიან დიდი მნიშვნელობა ენიჭება ჩვენი პოლიტიკური ელიტის პასუხისმგებლიან დამოკიდებულებას, რომ ესა თუ ის შოკები, თუ ავტოშოკები კიდევ უფრო არ გააღვივონ საზოგადოებაში, როგორც ერთი, ისე მეორე მხრიდან.
„სხვაგვარად, ქართული საზოგადოება როგორც იყო, იმავე ამოცანის წინაშე დარჩება – გააგრძელოს სვლა ევროპისკენ. მიუხედავად იმისა, რომ ეს გადაწყვეტილება შეიძლება, ამ ეტაპზე უარყოფითი იყოს, ჩვენ გვაქვს არჩევანი, რომელსაც ცივილიზაციური არჩევანი ვუწოდეთ და სხვა არჩევანი ელემენტარულად, არ გვაქვს“, – განაცხადა ვიქტორ ყიფიანმა.