ხათუნა ბურკაძე - დღეს საქართველოს აქვს ევროპული პერსპექტივა

კანდიდატის სტატუსის მინიჭებით იწყება უშუალოდ გაწევრიანების პროცესისთვის მზადება, – ამის შესახებ სამართლის დოქტორმა, „ჯეოქეისის“ ამერიკისმცოდნეობისა და ევროატლანტიკური მიმართულების დირექტორმა, ხათუნა ბურკაძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური შაბათი – მაკა ცინცაძესთან ერთად“ განაცხადა.

 

„ეს ქვეყანას აძლევს შესაძლებლობას, ახალი პოლიტიკური, ფინანსური ინსტრუმენტების და პარტნიორების სრული მხარდაჭერით უფრო მეტად დაუახლოვდეს ევროკავშირს; შესაბამისად, მომავალში მთელი რიგი ნაბიჯების გადადგმის შედეგად და რეფორმების განხორციელების საფუძველზე გახდეს ევროკავშირის სრულფასოვანი წევრი“, – განაცხადა ბურკაძემ.

 

ბურკაძის თქმით, საქართველო ასოცირებული ტრიოს ფარგლებში მოქმედებდა აღმოსავლეთ პარტნიორობის ფორმატში, რამაც ქვეყანას ბევრი შესაძლებლობა მისცა, თუმცა მისი მიზანი არ არის ამ ფორმატში ჩართული ქვეყნების ევროკავშირში წევრობა.

 

„აღმოსავლეთ პარტნიორობის ფორმატმა, მიუხედავად იმისა, რომ მოგვცა ასოცირების შეთანხმება, მოგვცა შესაძლებლობა, რომ თავისუფალი სავაჭრო სივრცის ფარგლებში ევროკავშირში გავიტანოთ ჩვენი პროდუქცია და მოგვცა უვიზო მიმოსვლა ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან, მისი მიზანი არ არის მის ფორმატში ჩართული ქვეყნების ევროკავშირში წევრობა. რადგან ის მიიღეს ევროპის სამეზობლო პოლიტიკის ფარგლებში და სწორედ ევროპული პერსპექტივა ნიშნავს ევროპის სამეზობლო პოლიტიკიდან გადასვლას ახალ ფაზაში. ანუ, იმ ფაზაში, როდესაც სახელმწიფოს ევროპულ იდენტობას პოლიტიკურად აღიარებენ ევროკავშირის წევრი სახელმწიფოები და ამბობენ, რომ თუ ქვეყანა განახორციელებს მთელ რიგ რეფორმებს საკვანძო მიმართულებებით და საბოლოოდ აჩვენებს, რომ ის შეესაბამება ევროკავშირის სტანდარტებს პოლიტიკური, ეკონომიკური, სამართლებრივი კრიტერიუმების თვალსაზრისით, გახდება ევროკავშირის სრულფასოვანი წევრი ქვეყანა“, – განაცხადა ბურკაძემ.

 

როგორც „ჯეოქეისის“ ამერიკისმცოდნეობისა და ევროატლანტიკური მიმართულების დირექტორმა აღნიშნა, ჩვენს შემთხვევაში ითქვა, რომ გამოიკვეთა საქართველოს ევროპული პერსპექტივა.

 

„სხვათა შორის, ამ პროცესამდე ჩვენს დიპლომატებს ჰქონდათ არაერთი მცდელობა, აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტის და არა მხოლოდ ამ სამიტის ფარგლებში დაფიქსირებულიყო ევროპული პერსპექტივა და მიგვეღო პოლიტიკური დაპირება ევროკავშირის წევრი ქვეყნებისგან, მაგრამ ამ პერიოდამდე ეს ვერ მოხერხდა. სწორედ გეოპოლიტიკურმა რეალობამ განაპირობა ის, რომ პროცესი დაჩქარდა და დღეს ჩვენ გვაქვს ევროპული პერსპექტივა. ასევე, ევროკომისიამ ძალიან მკაფიოდ გვითხრა, რა გვაქვს გასაკეთებელი კანდიდატის სტატუსის მოსაპოვებლად. შესაბამისად, ეს ჩვენ გვაძლევს შესაძლებლობას, გეოპოლიტიკური, ისტორიული შანსი, რომელიც მოგვეცა, გამოვიყენოთ, მაგრამ ევროკომისიამ თქვა, რომ ამ შესაძლებლობის გამოყენების გზა არის მხოლოდ და მხოლოდ რეფორმებში“, – განაცხადა ბურკაძემ.

 

გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, რამდენად მზად არის ოპოზიცია პოლარიზაციის შემცირების საკითხში პასუხისმგებლობის გადანაწილებისთვის, ხათუნა ბურკაძემ განაცხადა, რომ ოპოზიციის მხრიდან პოლარიზაციის შემცირების საკითხში პასუხისმგებლობის გადანაწილების მზაობა არ ჩანს, რაც სამწუხაროა.

 

„სამწუხაროა, როდესაც ამ მზაობას ვერ ვხედავთ. ჩვენ ეს მზაობა უნდა დავინახოთ. დროა, თავისი ვიწროპოლიტიკური, პარტიული დღის წესრიგი ყველამ გვერდზე გადადოს და იაზროვნოს სახელმწიფოებრივად. იმიტომ, რომ ამ საგზაო რუკის განხორციელება აუცილებელია, რათა უზრუნველვყოთ ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავალი. ეს დღეს ყველაფერზე მაღლა დგას“, – განაცხადა ხათუნა ბურკაძემ.

გააზიარე: