ანალიტიკურ ცენტრ „ჯეოქეისის“ ამერიკისმცოდნეობისა და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიმართულების ხელმძღვანელმა, პროფესორმა ხათუნა ბურკაძემ ახალგაზრდებისა და ადგილობრივი სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებისათვის მარნეულის მუნიციპალიტეტში ჰიბრიდულ გამოწვევებზე ტრენინგები ჩაატარა.
აღნიშნული ტრენინგები, პროექტ “მედეგი ეთნიკური უმცირესობები დეზინფორმაციისა და ჰიბრიდული საფრთხეების საპასუხოდ“ ფარგლებში, საქართველოს სტრატეგიული ანალიზის ცენტრის (GSAC) ორგანიზებითა და ნატო-ს სახალხო დიპლომატიის განყოფილების (NATO PDD) მხარდაჭერით გაიმართა.
პროექტის მიზანია ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენლებისათვის ინფორმაციის მიწოდება დეზინფორმაციისა და ჰიბრიდული ომის რისკების შესახებ, ასევე, რუსეთის მიერ გამოყენებული დეზინფორმაციული კამპანიების თაობაზე, რომლებიც საფრთხეს უქმნიან საქართველოს დემოკრატიულ განვითარებასა და ევროატლანტიკურ, ევროპულ ინტეგრაციას.
ხათუნა ბურკაძემ ისაუბრა ჰიბრიდული ომის მახასიათებლებზე, მეთოდებსა და ჰიბრიდულ გამოწვევებზე, მათ შორის განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა კიბერშეტევებზე, დეზინფორმაციულ კამპანიებსა და ანტი-დასავლურ პროპაგანდაზე, რომელთა მიზანია ქვეყნის ეროვნული ინტერესებისათვის არსებითი ზიანის მიყენება. ასევე, მან მონაწილეებს გააცნო დეზინფორმაციასთან ბრძოლის საერთაშორისო პრაქტიკა.
„საბოლოო ჯამში, კოორდინირებული და ერთიანი მიდგომის ჩამოყალიბება უზრუნველყოფს ჰიბრიდულ გამოწვევებთან ბრძოლის მდგრადი ინსტიტუციური მექანიზმის ფორმირებას და ქვეყნის სტრატეგიული ინტერესების დაცვას. ასევე, სიტუაციური ცოდნა (არსის გაგება) და საზოგადოების ინფორმირება თანამედროვე გამოწვევებთან მიმართებით ქვეყნის მედეგობას გააძლიერებს“, - აღნიშნა ხათუნა ბურკაძემ.
ლექციების დასრულების შემდეგ, ახალგაზრდებმა მიიღეს მონაწილეობა სიმულაციაში, რომლის ამოცანა იყო კონკრეტული დეზინფორმაციული კამპანიის გამოვლენა და მასთან ბრძოლის საშუალებების იდენტიფიცირება.
ტრენინგის ბოლოს პროექტის მონაწილეებს სერტიფიკატები გადასცეს.