“აშშ-ის წარმომადგენელთა პალატა 2023 ფისკალური წლის ეროვნული თავდაცვის ავტორიზაციის აქტით საქართველოსადმი კვლავ გამოხატავს ურყევ მხარდაჭერას. კანონპროექტი ხელს უწყობს ამერიკის შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის სტრატეგიული პარტნიორობის შემდგომ გაღრმავებას და რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ განხორციელებული ფართომასშტაბიანი აგრესიული მოქმედებების ფონზე, საქართველოს უსაფრთხოების განმტკიცებას. დოკუმენტი ომის პირობებში განსაკუთრებულ ყურადღებას ამახვილებს ძლიერი ალიანსებისა და პარტნიორების მნიშვნელობაზე“, - ამის შესახებ ანალიტიკურ ცენტრ „ჯეოქეისის“ ამერიკისმცოდნეობისა და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიმართულების ხელმძღვანელმა, პროფესორმა ხათუნა ბურკაძემ განაცხადა.
„კანონპროექტის თანახმად, ამერიკის შეერთებული შტატები აგრძელებს საქართველოს დახმარებას რუსეთიდან მომდინარე საფრთხეების გამკლავების პროცესში, მათ შორის დეზინფორმაციული და პროპაგანდისტული კამპანიების წინააღმდეგ, რომელთა მიზანია ზიანი მიაყენონ საქართველოს დემოკრატიული განვითარებისა და ევროატლანტიკური, ევროპული ინტეგრაციის პროცესებს. დოკუმენტში ხაზგასმულია, რომ შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოებას, სტაბილურობას ამერიკის შეერთებული შტატებისათვის სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს, განსაკუთრებით რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ წარმოებული ომის ფონზე, რომელიც ხელყოფს საერთაშორისო სამართლის ყველა ნორმას. შესაბამისად, საქართველოს თავდაცვითი შესაძლებლობების გაძლიერება აუცილებელია ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად“, - აღნიშნა ხათუნა ბურკაძემ.
„გეოპოლიტიკური რეალობის გათვალისწინებით მნიშვნელოვან პრიორიტეტად გამოიკვეთა საქართველოს თავდაცვისა და შეკავების გაძლიერების ინიციატივის (GDDEI) იმპლემენტაცია, რაც ხელს შეუწყობს ქვეყნის შეკავების, თავდაცვისა და მდგრადობის შესაძლებლობების განვითარებას. საქართველო-ამერიკის 30-წლიანი დიპლომატიური ურთიერთობების პერიოდში ამერიკის შეერთებულმა შტატებმა მრავალმხრივი დახმარება აღმოუჩინა საქართველოს თანამედროვე, დემოკრატიული სახელმწიფოებრივი სისტემის ჩამოყალიბების თვალსაზრისით და უმნიშვნელოვანესია მისი როლი რუსეთიდან მომდინარე საფრთხეების შესაკავებლად“, - დასძინა ხათუნა ბურკაძემ.