ნიკოლოზ ხატიაშვილი: აშშ-ის 2023 წლის თავდაცვის ავტორიზაციის აქტში ასახული ჩანაწერები საქართველოს შესახებ ნათლად ასახავს ჩვენი ქვეყნის უმნიშვნელოვანეს როლს აშშ-ის საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკურ დღის წესრიგში

ანალიტიკური ცენტრის „ჯეოქეისის“ მკვლევარი საგარეო პოლიტიკის მიმართულებით, ნიკოლოზ ხატიაშვილი აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის მიერ მიღებულ 2023 წლის თავდაცვის ავტორიზაციის აქტს აფასებს.

 

მისი თქმით, აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის მიერ მიღებული 2023 წლის თავდაცვის ავტორიზაციის აქტი საქართველო-აშშ-ის შორის არსებული სტრატეგიული პარტნიორობისა და მტკიცე ორპარტიული მხარდაჭერის ნათელი გამოხატულებაა.

 

აქტში ასახულია ჩანაწერები, რომლებიც ნათლად ასახავს ჩვენი ქვეყნის უმნიშვნელოვანეს როლს აშშ-ის საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკურ დღის წესრიგში და მორგებულია იმ გამოწვევებზე საპასუხოდ, რომლის წინაშეც დღეს ჩვენ ვართ.

 

ნიკოლოზ ხატიაშვილის განცხადებით, ჩანაწერები, წინა წლებში არსებული ძირითადი მიმართულებების გარდა, რომლებიც მოიცავდნენ საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას, დეოკუპაციას, დემოკრატიული ინსტიტუტების განვითარებასა და თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის გაძლიერებას, გვხდება ახალი პუნქტები, რომლებიც ფოკუსირებულია ახალ საფრთხეებსა და გეოპოლიტიკურ რეალობაზე. ამ კონტექსტში საუბარია აშშ-ისთვის შავი ზღვის რეგიონის სტრატეგიულ მნიშვნელობაზე და მისი უსაფრთხოების განმტკიცებაში ნატო-ს ჩართულობის გაძლიერებაზე, მათ შორის ახალი ფორმატების შექმნის გზით, სადაც საქართველომ შესაძლოა მნიშვნელოვანი ადგილი დაიკავოს.

 

ნიკოლოზ ხატიაშვილმა აღნიშნა, რომ შავი ზღვის კონტექსტში ასევე, ხაზგასასმელია რამდენიმე დღის წინ საქართველოს მეგობარი სენატორების - ჯინ შაჰინის და მიტ რომნის მიერ ინიცირებული შავი ზღვის უსაფრთხოების აქტი, რომელიც აშშ-ის აღმასრულებელ ხელისუფლებას ავალდებულებს რეგიონის მიმართ სტრატეგიის შემუშავებას. აღნიშნულ აქტშიც დიდი ყურადღება ეთმობა საქართველოს, ისევე როგორც რუსეთისგან მომდინარე საფრთხეებს.

 

„უკრაინაში რუსეთის მიერ განხორციელებულმა აგრესიამ და მიმდინარე ომმა, შავი ზღვის რეგიონის მიმართ გაზარდა ამერიკის ინტერესი, რის შედეგადაც რეგიონი განიხილება როგორც ეროვნული უსაფრთხოების ნაწილი ჩვენი სტრატეგიული პარტნიორების მიერ. ასეთი მოცემულობა ქმნის ახალ შესაძლებლობებს საქართველოსთვის, რაც საშუალებას მისცემს ჩვენს ქვეყანას მიიღოს კიდევ უფრო მეტი პოლიტიკური და პრაქტიკული მხარდაჭერა აშშ-ისგან, ხელი შეუწყოს რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის განმტკიცებას და დააჩქაროს ჩვენი ქვეყნის ნატოში გაწევრიანების პროცესი,“- განაცხადა ნიკოლოზ ხატიაშვილმა.

გააზიარე: