ხათუნა ბურკაძემ საერთაშორისო კონფერენციაზე რუსეთის მიერ ძალის გამოუყენებლობის პრინციპის ხელყოფის ფაქტებზე ისაუბრა

ანალიტიკურ ცენტრ „ჯეოქეისის“ ამერიკისმცოდნეობისა  და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიმართულების ხელმძღვანელი, პროფესორი ხათუნა ბურკაძე საერთაშორისო კონფერენციაზე - "საერთაშორისო სამართალი ომის პირისპირ" მოხსენებით გამოვიდა. მისი მოხსენების თემა გახლდათ რუსეთის მიერ ძალის გამოუყენებლობის ფუნდამენტური პრინციპის ხელყოფა საქართველოსა და უკრაინის მაგალითებზე. 


საერთაშორისო კონფერენცია ევროპის უნივერსიტეტის სამართლის ინსტიტუტის ორგანიზებითა და საქართველოში საფრანგეთის საელჩოს მხარდაჭერით გაიმართა. კონფერენცია რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ მიმდინარე ომსა და მის საერთაშორისო სამართლებრივ შეფასებას მიეძღვნა. 


ხათუნა ბურკაძემ განაცხადა: „ძალის გამოყენების თემა საერთაშორისო სამართალში განსაკუთრებით აქტუალური გახდა 2008 წლის აგვისტოს ომის დროს, როდესაც რუსეთმა საქართველოსთან მიმართებით დაარღვია საერთაშორისო სამართლის ყველა ფუნდამენტური პრინციპი და სუვერენული სახელმწიფოს წინააღმდეგ აგრესია განახორციელა. რუსეთის აგრესიული მოქმედებების არეალი შემდეგ წლებშიც გაფართოვდა და უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფით 2014 წელს კრემლმა ყირიმი უკანონოდ მიიერთა. 2022 წლის 24 თებერვალს კი რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ  ფართომასშტაბიანი საომარი მოქმედებების განხორციელება დაიწყო. გაერო-ს უშიშროების საბჭოს მუდმივმა წევრმა ქვეყანამ - რუსეთის ფედერაციამ კვლავ ხელყო გაერო-ს წესდების მე-2 მუხლის მე-4 პუნქტი, რომელიც მოითხოვს სახელმწიფოებისგან ძალის გამოუყენებლობის პრინციპის დაცვას საერთაშორისო ურთიერთობებში. გაერო-ს წესდების ავტორები მიზნად ისახავდნენ, თანამედროვე საერთაშორისო სამართლებრივი სისტემის შექმნით, თაობები გადაერჩინათ ომისგან, რომელმაც მე-20 საუკუნეში ორჯერ წარმოუდგენელი უბედურება მოუტანა კაცობრიობას. სამწუხაროდ, კრემლის აგრესიული პოლიტიკიდან მომდინარე საფრთხეების ფონზე, დღეს მსოფლიო მსგავსი გამოწვევის წინაშეა, რომელთანაც გამკლავება უპრეცედენტო ძალისხმევასა და ერთობას მოითხოვს“. 


მისი თქმით, საერთაშორისო სამართლებრივი სისტემა არ აღმოჩნდა ეფექტიანი სახელმწიფოებს შორის ძალის გამოყენების თავიდან აცილების თვალსაზრისით, რადგან ამ სისტემას არ აქვს ქმედითი იძულებითი მექანიზმები საერთაშორისო ნორმების დასაცავად და შესასრულებლად. 


ხათუნა ბურკაძემ აღნიშნა: „რუსეთის ფედერაცია არღვევს საერთაშორისო სამართლის ყველა ნორმას, მათ შორის საერთაშორისო ჰუმანიტარულ სამართალს. ის ბომბავს საბავშვო ბაღებს, ლეიკემიით დაავადებულ ბავშვთა ჰოსპიტლებს, სამოქალაქო დასახლებებს, სამედიცინო დაწესებულებებს, იყენებს აკრძალულ იარაღს, ახორციელებს აგრესიულ მოქმედებებს ატომურ ელექტროსადგურებზე და მასობრივი განადგურების იარაღის გამოყენებით იმუქრება. კრემლის მიერ კიევის ოლქში მდებარე ქალაქ ბუჩაში განხორციელებული მასობრივი ხოცვა-ჟლეტა კი მკაფიოდ აჩვენებს ბოროტების მანქანის უსასტიკეს მხარეებს. ბუჩას უმძიმესი კადრები ილუსტრაციაა იმისა, თუ კრემლი როგორ ქმნის ჯოჯოხეთს დედამიწაზე. აღნიშნული მოქმედებები კაცობრიობის წინააღმდეგ მიმართულ და ომის დანაშაულებს წარმოადგენენ. ეს ცხადყოფს, რომ კრემლისათვის ყველა კანონგარეშე, დაუშვებელი საშუალება მისაღებია მისი იმპერიალისტური მიზნების მისაღწევად. ის დაცლილია მორალური კატეგორიებისგან. კრემლი ისწრაფვის ტერიტორიების დაპყრობისკენ დამოუკიდებელი სახელმწიფოსათვის გენოციდის მოწყობის ფასად. აუცილებელია, დაჩქარებული წესით, დადგეს აგრესორის საერთაშორისო სამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხი. სამართლიანობის აღდგენის გარეშე წარმოუდგენელია წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგის უზრუნველყოფა და მშვიდობის დაცვა მომავალში“.
 

„ამ ურთულეს გარემოში თავისუფლებისათვის მებრძოლი უკრაინა ახალ ისტორიას ქმნის, რომელიც უნდა გახდეს საფუძველი ისეთი საერთაშორისო წესრიგის ჩამოყალიბების, სადაც საერთაშორისო სამართლებრივ ნორმებზე მაღლა არ დადგება კონკრეტული ლიდერის პოლიტიკური ინტერესი და ერთ სახელმწიფოს არ გაუჩნდება სურვილი ხელყოს მეორე სახელმწიფოს დამოუკიდებლობა. აუცილებელია, ახალი შესაძლებლობების მიცემა იმ ქვეყნებისათვის, რომლებიც რუსეთის აგრესიული ქმედებების სამიზნეებს წარმოადგენენ“, - დასძინა ხათუნა ბურკაძემ. 

გააზიარე: